“ოცნება” “ახალ ნიურნბერგს” აანონსებს - ენმ-ს სამართლებრივი შეფასების საგამოძიებო კომისია შეიქმნა
“ოცნების” დეპუტატები ოპოზიციაში გადადიან - “უმრავლესობიდან დაიწყება ახალი ოპოზიციური სტრუქტურების შექმნა”
პუტინი ტრამპის ინიციატივამ განარისხა - “მინერალების ომის” ახალი ფაზა
* * *
“ოცნება” “ახალ ნიურნბერგს” აანონსებს - ენმ-ს სამართლებრივი შეფასების საგამოძიებო კომისია შეიქმნა
“83 ხმით, პარლამენტში “ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლების სამართლებრივი შეფასებების დროებითი საგამოძიებო კომისია შეიქმნა, რომლის უფლებამოსილების ვადა 3 თვით განისაზღვრა, თუმცა, როგორც “ქართული ოცნება” აცხადებს, კომისიას უფლებამოსილებას კიდევ სამი თვით გაუხანგრძლივებენ, იმუშავებს ექვსი თვე. სექტემბერში დასკვნა გამოქვეყნდება, მასალები კი რეაგირებისთვის პროკურატურას და შესაბამის ორგანოებს გადაეცემა. დღეიდან, სამი დღის ვადაში, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრთა რაოდენობასა და პროპორციული წარმომადგენლობის კვოტებს განსაზღვრავს. რეგლამენტის თანახმად, საგამოძიებო კომისიაში საპარლამენტო უმრავლესობა რაოდენობრივად ოპოზიციაზე მეტი არ შეიძლება იყოს. ამ კონტექსტში აღსანიშნავია, რომ კომისიაში სწორედ ოპოზიციის სტატუსით ჩართვას “ხალხის ძალა” აპირებს. ასევე, ოპოზიციის სახელით იქმნება კიდევ ერთი პოლიტიკური ჯგუფი - “ევროპელი სოციალისტები”, რომლებიც სავარაუდოდ, აღნიშნულ კომისიაში მიიღებენ მონაწილეობას”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით “ოცნება” “ახალ ნიურნბერგს” აანონსებს - ენმ-ს სამართლებრივი შეფასების საგამოძიებო კომისია შეიქმნა.
“ჩვენ ბოლომდე უნდა დავიბრუნოთ ჩვენი ქვეყანა, ამისათვის პრინციპულად მნიშვნელოვანია, ყველაფერს დაერქვას თავისი სახელი - კრიმინალს დაერქვას კრიმინალი, უცხოელ აგენტს დაერქვას უცხოელი აგენტი”, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ყაზახეთში ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა. “პრინციპულად მნიშვნელოვანია იმ სისტემური დანაშაულების კიდევ ერთხელ გამოძიება... რეალურად ეს დანაშაულები დევს ხელის გულზე - ეს არის ადამიანების მკვლელობა, წამება ციხეებში, სისტემური დანაშაული, ეს არის ასევე ბიზნესის რეკეტი, ეს არის 2008 წლის ომის დანაშაული და ა.შ. ეს ყველაფერი მართალია, დევს ხელის გულზე, მაგრამ ყველაფერს კიდევ ერთხელ სჭირდება ჩაღრმავება, რათა საზოგადოებას შევახსენოთ ყველაფერი და ყველაფერს დავარქვათ თავის სახელი. ჩვენ გვჭირდება ერთგვარი ნიურნბერგის პროცესი იმისათვის, რომ საქართველო აღარასდროს დაუბრუნდეს ბნელ წარსულს, იმ წარსულს, რომელიც ჩვენ გვახსოვს ასე მძიმედ 2004-2012 წლებიდან. არავინ არასდროს არ უნდა დააბრუნოს ჩვენი ქვეყანა იმ რეჟიმში, რომელიც მოქმედებდა 2012 წლამდე”, - განაცხადა კობახიძემ, რომლის თქმით “ეს იყო გარედან მართული სისხლიანი რეჟიმი, რომლის დანაშაულთა გამოძიებაც მოხდება სწორედ საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის ფარგლებში”, - აღნიშნავს გამოცემა.
“პარლამენტის დადგენილების პროექტის მიხედვით, 2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისია საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, უზრუნველყოფს ზუსტი და გამჭვირვალე გამოძიების ჩატარებას, შეაფასებს 2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმის საქმიანობას, რათა მოხდეს ქვეყნის წინაშე არსებული პოლიტიკური, ეკონომიკური თუ სხვა სახის საფრთხეების პრევენცია. ყოფილი სახელმწიფო მინისტრი და კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი “რეზონანსთან” აცხადებს, როცა ირაკლი კობახიძე ნიურნბერგის პროცესზე საუბრობს, არ ესმის, კი აცხადებს, რომ ამ პროცესიდან “ნაცმოძრაობის” “პოლიტიკური ველიდან მოკვეთას” უნდა ველოდოთ”, - დასძენს გამოცემა.
“როცა დე ფაქტო პრემიერ-მინისტრი კობახიძე ამბობს, რომ იურისტია, სულ მიკვირს ხოლმე, აბსოლუტურად უცოდინარი და უვიცი იურისტია, ნიურნბერგის პროცესის კონცეფცია არ ესმის მას. ნიურნბერგის პროცესი ის იყო, რომ გერმანია სხვა ქვეყნებმა გაასამართლეს, ანუ იურისდიქცია არ არსებობდა ამ სასამართლოსი გარდა პოლიტიკური, ეს ძალიან მნიშვნელოვანი ტრიბუნალი იყო, დამნაშავეები გაასამართლეს, მაგრამ არ გაუსამართლებია გერმანიის სასამართლოს. მას სამართალში ელემენტარული რაღაცეები არ ესმის, როდესაც ამბობს ნიურნბერგის პროცესი უნდა მოვუწყოთ “ნაციონალურ მოძრაობასო”, ესე იგი გულისხმობს, რომ ენმ მსოფლიომ უნდა გაასამართლოს, რაც თავშივე ბოდვაა და მშვენივრად აჩვენებს მის უვიცობას”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას პაატა ზაქარეიშვილი.
“არსებითი მხარე კი არის ის, რომ მათ “ნაცმოძრაობის” გასამართლება ნებისმიერ დროს შეეძლოთ, მაგრამ ადგილობრივი არჩევნები მოდის და არჩევნებამდე უნდათ, რომ ეს მოასწრონ და აკრძალონ იმ იმედით, რომ თუ აკრძალავენ შესაბამისად არჩევნებში მონაწილეობის უფლება აღარ ექნება და სხვა წამყვანი პარტიებიც ბოიკოტს გამოუცხადებენ ამ არჩევნებს და “ოცნება” ადგილობრივ არჩევნებზე მარტო დარჩება, პლუს თავის სატელიტ პარტიებს შეიყვანს. მათ არ უნდათ, რომ საკრებულოებში ოპოზიცია ჰყავდეთ, ამიტომ ოპოზიციამ დასკვნა უნდა გააკეთოს, მათ ჭკუა უნდა ეყოთ, არ გაუშვან ეს შანსი ხელიდან და არჩევნებში მონაწილეობა მიიღონ. ეს ძალიან მნიშვნელოვანი და პრინციპული საკითხია, რადგან ევროპიდან წამოსვლის მერე, “ოცნებამ” ამომრჩეველიც დაკარგა და ვიცით სად, როგორ და რა ფორმით აყალბებს”, - განაგრძობს რესპონდენტი.
“რა თქმა უნდა, ცესკო მათი იქნება და ბევრი უპირატესობა ექნებათ, მაგრამ მიუხედავად ამისა, ჩვენთვის უკვე ცნობილია როგორ იმუშავებს “ოცნება”. გაყალბების ბევრი საკითხები უკვე გამოაშკარავებულია, მაგალითად, პირადობის მოწმობების ჩაბარება და ა.შ. “ოცნებას” არ ექნება ისეთი სრულყოფილი საშინაო დავალება, როგორც საპარლამენტო არჩევნების დროს 4 წელი ამზადებდნენ. მათი გაყალბების სისტემაც კი მოწყვლადია, ერთ წელიწადში ისინი ამას ვერ მოასწრებენ, მით უმეტეს ასეთ დაძაბულ ვითარებაში გაყალბების ახალი ფორმების ჩამოყალიბებას. ოპოზიცია აუცილებლად უნდა მიდიოდეს ადგილობრივ არჩევნებზე და “ქართული ოცნების” მიერ წამოწყებულმა ე.წ. ნიურნბერგის პროცესმა ოპოზიცია არ უნდა შეაშინოს და პრინციპულად მაინც უნდა გადალახონ მორალური წინააღმდეგობა და “ოცნებას” შეეჭიდონ ადგილობრივ არჩევნებში”, - დაასკვნის პაატა ზაქარეიშვილი.
“ჩემი აზრით, ერთადერთ რამეს უნდა ველოდოთ, ის უბედური საქმეები უნდა გამოიძიოს, რომლებიც 9 წლის განმავლობაში “ნაცებმა” აკეთეს და “ნაცმოძრაობა”, როგორც პოლიტიკური ორგანიზაცია უნდა მოიკვეთოს პოლიტიკური ველიდან, ვინაიდან ისინი არიან საქართველოს სახელმწიფოებრივობის და ქართველი ხალხის მტრები თავიანთი ქმედებებიდან გამომდინარე. “ნაცმოძრაობის” - ყოფილი ხელისუფლების უმაღლესი ჩინოვნიკები უნდა დაისაჯონ, რომლებიც დღეს თავშეფარებულები არიან უკრაინაში, მათი საქმეები უნდა გამოიძიონ. როგორც ვიცი უგულავა დაპატიმრებულია, აგრეთვე გვარამიასა და სხვა ოდიოზური ფიგურების შავბნელი საქმეები უნდა გამოიძიონ, რომლებიც დღესაც თავგასულები არიან და ქართულ სახელმწიფოს ებრძვიან. არ ვლაპარაკობ რიგითებზე, რიგითები იყვნენ ჭანჭიკები, თუმცა მათ, ვისაც სახელმწიფოს წინაშე აქვს ჩადენილი დანაშაული, ყველამ პასუხი უნდა აგოს. ამ ორგანიზაციას საბოლოოდ უნდა მიეცეს პოლიტიკური შეფასება, როგორც გერმანიაში 1945 წელს ნიურნბერგის პროცესი იყო”,- მიიჩნევს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ედიშერ გვენეტაძე.
“ოცნების” დეპუტატები ოპოზიციაში გადადიან - “უმრავლესობიდან დაიწყება ახალი ოპოზიციური სტრუქტურების შექმნა”
“მას შემდეგ, რაც ხელისუფლებამ სამ ოპოზიციურ გაერთიანებას მოთხოვნა დაუკმაყოფილა და სადეპუტატო მანდატები გაუუქმა, “ოცნების” დეპუტატებმა, ილია ინჯიამ, ვარლამ ლიპარტელიანმა და ნიკა ელისაშვილმა განაცხადეს, რომ საპარლამენტო უმრავლესობას ტოვებენ და პარლამენტში ოპოზიციის სტატუსით გააგრძელებენ მუშაობას. ანალიტიკოსები არ გამორიცხავენ, რომ “ოცნებას” სხვა ჯგუფებიც გამოეყოს და ოპოზიციური გაერთიანება შეიქმნას. “მგონი ეს მოსალოდნელია, რადგან ოპოზიციის ბოიკოტის შედეგად ის პარლამენტში არ არის და ალბათ, თვითონ უმრავლესობიდან დაიწყება ასეთი ოპოზიციური სტრუქტურების შექმნა, ისევე, როგორც ადრე შეიქმნა “ხალხის ძალა”, რომელიც დღეს ოპოზიციურ ძალად გვევლინება”, - განაცხადა ანალიტიკოსმა რამაზ საყვარელიძემ”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით “ოცნების” დეპუტატები ოპოზიციაში გადადიან - “უმრავლესობიდან დაიწყება ახალი ოპოზიციური სტრუქტურების შექმნა”.
“როგორც ილია ინჯიამ ბრიფინგზე განაცხადა, ისინი ახალ ოპოზიციურ საპარლამენტო პოლიტიკურ ჯგუფს „”ევროპული სოციალისტების” ბაზაზე ჩამოაყალიბებენ. როგორც ინჯიამ თქვა, ისინი ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ არ დაუშვან “ნაციონალური მოძრაობის” რევანში და ქვეყნის ბნელ წარსულში დაბრუნება. “მანდატები შეუწყდათ სამი ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებს. ვფიქრობ, ეს მოცემულობა ჰქმნის ახალ შესაძლებლობებს საქართველოში ჩამოყალიბდეს ახალი პოლიტიკური პარტია. როდესაც საპარლამენტო ოპოზიცია დაკავებულია არა პოლარიზაციის და სიძულვილის გაღვივებით, არამედ რეალურ საქმეზე ორიენტირებული კრიტიკით და ახალი ინიციატივების შემუშავებით, რომელიც ქვეყნის უფრო ეფექტურ მართვასა და სწრაფ განვითარებას ემსახურება. ყოველივე ზემო აღნიშნულიდან გამომდინარე, მივიღეთ გადაწყვეტილება პარტია “ევროპული სოციალისტების” ბაზაზე ოპოზიციური საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ჩამოყალიბების შესახებ. სრულად დავიცავით კოლეგიალობის პრინციპი და ჩვენი გადაწყვეტილების შესახებ ვაცნობეთ უმრავლესობის წარმომადგენლებს”, - განაცხადა ინჯიამ, რომლის თქმით, “დამოკიდებულება რადიკალური ოპოზიციის მიმართ დარჩება ისეთივე პრინციპული, როგორიც დღემდე იყო”, - აღნიშნავს გამოცემა.
“გავაკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რომ არ დავუშვათ “ნაციონალური მოძრაობის” რევანში და ქვეყნის ბნელ წარსულში დაბრუნება. ამასთან, ჩვენს მისიას ვხედავთ ჯანსაღი ოპოზიციის მისიის შესრულებაში, რომელიც ეფექტურ ზედამხედველობას განახორციელებს მთავრობისა და საპარლამენტო უმრავლესობის საქმიანობაზე და წარადგენს საკანონმდებლო ინიციატივებს, შევა არგუმენტირებულ კამათში უმრავლესობის წარმომადგენლებთან, საქართველოს უკეთესი მომავლის უზრუნვესაყოფად. ჯანსაღი ოპოზიციის გარეშე ჯანსაღი დემოკრატიული სისტემა ვერასდროს ჩამოყალიბდება. დარწმუნებული ვარ, ჩვენი საქმიანობა მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ქვეყნის განვითარებაზე ორიენტირებულ პოლიტიკური სისტემების ჩამოყალიბებაში”, - თქვა ილია ინჯიამ. შავი ზღვის უნივერსიტეტის პროფესორი და ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე ვარაუდობს, რომ შესაძლოა უმრავლესობიდან კიდევ გადავიდნენ ოპოზიციაში, რადგან მისივე აზრით, ფორმალურად გაზარდონ ოპოზიციონერთა რიგები”, - განაგრძობს გამოცემა.
“გამორიცხული არაა, რომ უმრავლესობიდან კიდევ სხვებიც გადავიდნენ ოპოზიციაში, რათა ფორმალურად გაიზარდოს ე.წ. ოპოზიციონერთა რიგები. საქართველოს დე ფაქტო ხელისუფლება შეეცდება უფრო მეტი ლეგიტიმაცია მისცეს საკუთარ თავს და განაცხადოს, რომ შედარებით უფრო მეტი ოპოზიციონერია პარლამენტში, ვიდრე თავიდან, როცა მხოლოდ შვიდი იყო. ამ ყველაფრის ძირითადი მიზანი ეს არის, მაგრამ რა თქმა უნდა, ეს რეალური ოპოზიცია არ არის. მას ოპოზიციას ვერ დავარქმევთ. ეს არის იგივე “ქართული ოცნება”, რომელიც გაატარებს იგივე პოლიტიკას, რომელსაც ეს ე.წ. ხელისუფლება ატარებს, მათ შორის “ნაციონალური მოძრაობის” წინააღმდეგ დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას რაც უკავშირდება”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ნიკა ჩიტაძე.
პუტინი ტრამპის ინიციატივამ განარისხა - “მინერალების ომის” ახალი ფაზა
“უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მზადაა განიხილოს ამერიკის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ინიციატივა, რომელიც შეიარაღების სანაცვლოდ უკრაინისგან მინერალებს ითხოვს. რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა კი ტრამპს მოუწოდა, რომ ვაშინგტონმა კიევს არანაირი დახმარება არ გაუწიოს და “მინერალებისგან ხელი აიღოს”. უკრაინის პრეზიდენტმა ამერიკულ ფირმებს უკრაინის იშვიათ ლითონებში ინვესტიციების ჩადებისკენ მოუწოდა, მას შემდეგ, რაც დონალდ ტრამპმა თქვა, რომ სამხედრო დახმარებას უკრაინაში არსებული მინერალების სანაცვლოდ გასცემს, რომელიც უმნიშვნელოვანესია ამერიკის ტექნიკური, ენერგეტიკისა და თავდაცვის ინდუსტრიისთვის. ზელენსკიმ შეხვედრაზე აღნიშნა, რომ ეს იდეა ჯერ კიდევ გასულ წელს რეპუბლიკელებს წარუდგინა”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით პუტინი ტრამპის ინიციატივამ განარისხა - “მინერალების ომის” ახალი ფაზა.
“მე ტრამპს, ჯერ კიდევ სექტემბერში ვუთხარი, რომ დიახ, ჩვენ ღია ვართ, რომ ამერიკული კომპანიების ინვესტიციები შემოდიოდეს”, - განაცხადა ზელენსკიმ და აღნიშნა, რომ სასარგებლო მინერალებზე რუსეთის კონტროლის შემთხვევაში არსებობს რისკი, რომ “იქ შევლენ” ისეთი სახელმწიფოები, როგორებიცაა ირანი და ჩრდილოეთ კორეა. “ღია ვართ იმისთვის, რომ გეგმა შეიძლება შემუშავებულ იქნას ჩვენს პარტნიორებთან ერთად, რომლებიც გვეხმარებიან ჩვენი მიწის დაცვაში, მტერს უკან ხევენ თავისი იარაღით, თავისი ყოფნით, სასანქციო პაკეტებით”, - განაცხადა ზელენსკიმ. ზელენსკიმ აღნიშნა, რომ უკვე მზადდება შეხვედრის დეტალები, რათა ამერიკელი ბიზნესპარტნიორები უკრაინაში ჩამოვიდნენ. ჩვენ უკვე დავიწყეთ მუშაობა, რომ დავადგინოთ ამერიკელი პარტნიორების ჩამოსვლის თარიღები. ახლა ვთანხმდებით თარიღებსა და დეტალებზე, მოუთმენლად ველით მათ გუნდთან შეხვედრას. ჩვენ ერთობლივად ვიმუშავებთ”, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა. ორშაბათს კაბინეტიდან ჟურნალისტებთან საუბრისას ტრამპმა კიდევ ერთხელ გაიმეორა უკრაინაში მეტი სამხედრო დახმარების გაგზავნის იდეა იშვიათი მინერალების სანაცვლოდ”, - აღნიშნავს გამოცემა.
“ჩვენ ასობით მილიარდ დოლარს ვდებთ”, - თქვა ტრამპმა. “მათ აქვთ იშვიათი მინერალების მრავალფეროვანი არჩევანი და მსურს ვუზრუნველყო ჩემი ინვესტიციების უსაფრთხოებაც უკრაინაში, რა თქმა უნდა, თუ ისინი მზად არიან ამისთვის”. ტრამპის თქმით, ამერიკას სჭირდება კონკრეტული გარანტიები. ტრამპისა და ზელენსკის შეთანხმებას ნეგატიურად ეხმიანება რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერი დიმიტრი პესკოვი. აშშ-ს პრეზიდენტის ინიციატივას “კომერციული წინადადება” უწოდა და აღნიშნა, რომ ასე უკრაინა-რუსეთის ომს ვერ დაასრულებს. “ეს არის დახმარების ყიდვის შეთავაზება, ანუ არა უსასყიდლო ან სხვაგვარად მიწოდების გაგრძელება, არამედ კომერციულ საფუძველზე”, - განუცხადა კრემლის სპიკერმა დიმიტრი პესკოვმა ჟურნალისტებს მოსკოვში. “უმჯობესია, რა თქმა უნდა, საერთოდ არ გავუწიოთ დახმარება და ამით ხელი შევუწყოთ კონფლიქტის დასრულებას”, - განაცხადა პესკოვმა და აღნიშნა, რომ ტრამპის იდეების არსი უკრაინაში მოგვარების თაობაზე გაურკვეველია, მაგრამ აშკარაა, რომ აშშ-ის შეიარაღების მიწოდება კიევისთვის გაგრძელდება, რადგან არც ერთს სხვა რამ არ განუცხადებია”, - განაგრძობს გამოცემა.
“პესკოვმა დასძინა, რომ ევროპის თავდაცვის ხარჯების ზრდა რეგიონის ეკონომიკას “კრიზისამდელ მდგომარეობაში” აყენებს და რომ დანახარჯების შემდგომი ზრდა “იმოქმედებს ყველა ევროპელზე”. პუტინის პრესსპიკერი ხაზგასმით ამბობს, რომ მოსკოვი მიიღებს საპასუხო ზომებს, ტრამპს კი მოუწოდებს შეუწყვიტოს უკრაინას ყველანარი დახმარება. აღსანიშნავია, უკრაინის გეოლოგიის ინსტიტუტის სტატიის მიხედვით, იშვიათი მინერალები, როგორიცაა ცერიუმი, ლანთანი, ნეოდიმი, ერბიუმი, სამარიუმი, ლუტეციუმი და იტრიუმი, აღმოაჩინეს აზოვის საბადოში - რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე - თუმცა მარაგების რაოდენობა ჯერჯერობით გაურკვეველია. ექსპერტი ირაკლი მენაღარიშვილი აღნიშნავს, რომ ამერიკის შეიარაღებას უკრაინის ფრონტზე წარმატების მოტანა შეუძლია. საბადოებზე, რომლებიც რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მდებარეობს, უკრაინამ უნდა დაიბრუნოს კონტროლი, რათა ტრამპის ინიციატივა განხორციელდეს”, - დასძენს გამოცემა.
“ამერიკას აქვს უკიდურესი ინსტრუმენტი - შეიარაღება, რომელიც უნდა გადასცეს უკრაინას, დანარჩენი, ვფიქრობ, უკრაინაზეა დამოკიდებული. ჩვენ ვიცით, რომ როცა ამერიკა რეგულარულად აწოდებდა და აწოდებს დახმარებებს უკრაინას, ის წარმატებებს აღწევდა ფრონტზე და იმედია მომავალშიც მიაღწევს. რაც შეეხება რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებულ საბადოებს, რასაკვირველია, უნდა დაბრუნდეს, თუმცა ეს უნდა დაიბრუნოს უკრაინამ, ჯერ მასზე კონტროლის მოპოვებაა საჭირო და სწორედ ამას სთავაზობს ტრამპიც რომ ეს საბადოები საერთო სარგებლობაში გამოყენონ, თუმცა საბადოებზე კონტროლი, რასაკვირველი, ჯერ უკრაინამ უნდა მოიპოვოს”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ირაკლი მენაღარიშვილი და შეკითხვაზე - “ომის გაგრძელების შემთხვევაში ტრამპმა შესაძლოა რუსეთსაც გაუზარდოს ტარიფები?” - პასუხობს:
“რაც შეეხება ტარიფების გაზრდას, ამერიკის ეკონომიკას ეს საფრთხეს არ შეუქმნის, თუმცა, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევა იქნება, ტრამპს იმედი აქვს რომ გაუძლებს ამერიკის ეკონომიკა ამ პროცესს და არა მარტო გაუძლებს, არამედ მსოფლიოს სხვა ქვეყნებს აიძულებს, რომ დათმობაზე წავდეს ამერიკის წინაშე, თუმცა ამერიკის ეკონომიკისთვის მნიშნელოვანი გამოწვევა იქნება”.