ექიმი ელენე გიორგაძე - თუ მზია ამაღლობელი შიმშილს არ შეწყვეტს, უნდა იყოს კლინიკაში, რადგან ექიმები მოასწრებენ რეაგირებას - რა დროს რომელი გართულება შეიძლება მოხდეს, არავინ იცის

თუ შიმშილს არ შეწყვეტს, მაშინ უნდა იყოს კლინიკაში, კონტროლის ქვეშ იმიტომ, რომ ექიმები მოასწრებენ რეაგირებას შეუნარჩუნოთ არა მარტო სიცოცხლე, არამედ მომავალში ინვალიდი არ გაგვიხდეს. ამ ეტაპზე ყველაფერი ხდება ადეკვატურად და სწორად, - ამის შესახებ საქართველოს სახალხო დამცველის მიერ შექმნილი კონსილიუმის ერთ-ერთმა ექიმმა, ენდოკრინოლოგმა, ნუტრიციოლოგმა ელენე გიორგაძემ მზია ამაღლობელის მონახულების შემდეგ განაცხადა.

ექიმის თქმით, „ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ დამფუძნებელს, მზია ამაღლობელს სურს საპატიმრო დაწესებულებაში დაბრუნება, რაც მიზანშეწონილი არ არის.

„ვთვლი, რომ მზია ამაღლობელი დროულად იყო კლინიკაში გადაყვანილი. რაც კეთდება, კეთდება სწორად. რა თქმა უნდა, საჭმელს არაფერს იღებს, ამიტომ მიდის შევსება მიკრო-მაკრო მედიკამენტებით. მადლობა იმისთვის, რომ ამას თვითონ არ აპროტესტებს და ძალიან კარგად ესმის. აბსოლუტურად ადეკვატურია. ლაპარაკობს მშვიდად, წყნარად. ძალიან დიდი ხანი ველაპარაკებოდით და ბოლოსკენ დაიღალა. თვითონ თქვა, რომ იყო უარესად და ახლა უკეთესად არის. პალატაში ვცდილობ სიარულს და დავდივარო. საპატიმრო დაწესებულებაში ამას უფრო ვაქცევდი ყურადღებასო.

ცუდი ამბავი არის ის, რომ აუცილებლად უნდა საპატიმრო დაწესებულებაში დაბრუნება, რაც მიზანშეწონილი არ არის. მე ბოდიში მოვუხადე და ვთხოვე, შიმშილი შეწყვიტოს. არ შეწყვეტს შიმშილს, ეს გასაგებია, მაგრამ თუ შიმშილს არ შეწყვეტს, მაშინ უნდა იყოს კლინიკაში, კონტროლის ქვეშ იმიტომ, რომ ექიმები მოასწრებენ რეაგირებას შეუნარჩუნოთ არამარტო სიცოცხლე, არამედ მომავალში ინვალიდი არ გაგვიხდეს. ამ ეტაპზე ყველაფერი ხდება ადეკვატურად და სწორად.

შიმშილის დროს გულ-სისხლძარღვთა სისტემიდან გამომდინარე როდის, რა დროს რომელი გართულება შეიძლება მოხდეს, არავინ იცის. რადგან საკვებს რეალურად არ იღებს“,- განაცხადა ელენე გიორგაძემ.

ინფორმაციისათვის, საქართველოს სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა მოშიმშილე ჟურნალისტის, მზია ამაღლობელის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით ექიმთა ჯგუფი შექმნა. აღნიშნულის მიხედვით, ექიმთა ჯგუფი მზია ამაღლობელის სამედიცინო დოკუმენტაციას შეისწავლის. ჯგუფი მოამზადებს დასკვნას და რეკომენდაციებს, რომელსაც სახალხო დამცველს წარუდგენენ. შეგახსენებთ, რომ მზია ამაღლობელი 27-ე დღეა შიმშილობს. ის კლინიკა „ვივამედში“ სამედიცინო კვლევების ჩატარების მიზნით სამი დღის წინ გადაიყვანეს.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია