ხვალ არის დიდი შეკრება. ვიკრიბებით ყველა, ვისაც გული შესტკივა ამ ქვეყანაზე. უნდა ვიყოთ ბევრნი იმისთვის, რომ სისტემა გადავწვათ, გადავღალოთ, გადავამტვრიოთ - სხვა გზა არ არსებობს! - ეს განცხადება პოეტმა პაატა შამუგიამ ლიტერატურის სფეროს წარმომადგენლებთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.
როგორც პრესკონფერენციაზე ითქვა, ლიტერატურის სფეროს წარმომადგენლები, კერძოდ, მწერლები, პოეტები, მთარგმნელები და რედაქტორები თბილისში დაგეგმილ აქციას 15 თებერვალს, 18:00 საათზე ევროპის მოედნიდან შეუერთდებიან.
„ყველას გაცნობიერებული გვაქვს, რა მდგომარეობაა. პრაქტიკულად, არ დარჩა ქვეყანაში ერთი წესიერი ადამიანიც კი, რომელიც ან დაჯარიმებული ან დაჭერილი ან ნაბეგვი ან ნაწამები არ იყოს ან გაშავებული არ იყოს სამთავრობო ტელევიზიების მიერ. ქვეყანაში არის სერიოზული კრიზისი. რაც მთავარია, ოფიციალურად უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ გაუქმებულია შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება იმიტომ, რომ როდესაც რუსთაველის პროსპექტზე ნებისმიერი გავლისას 5 000 ლარით ჯარიმდება ადამიანი, პრაქტიკულად, აუტანელ პირობას უქმნი ადამიანებს და აუქმებ შეკრების თავისუფლებას. დიქტატურა ამაზე მეტი სხვა არაფერია. ბუნებრივია, ამაზე უარესი რაღაცები იყო ქვეყანაში ნაწამები და დასახიჩრებული ადამიანების ჩათვლით. ამიტომაც, ხვალ არის დიდი შეკრება, ვიკრიბებით ყველა, ვისაც გული შესტკივა ამ ქვეყანაზე. უნდა ვიყოთ ბევრნი იმისთვის, რომ სისტემა გადავწვათ, გადავღალოთ, გადავამტვრიოთ - სხვა გზა არ არსებობს. ეს არის ყველაზე ეფექტური გზა. არ უნდა გავჩერდეთ. თუკი ჩვენ გავჩერდებით, გაჩერდება ქვეყანა. ერთადერთი გამოსავალია, არ გავჩერდეთ, ვიაროთ. ეს მსვლელობა ევროპის მოედნიდან დაიწყება და შემდეგ, ბუნებრივია, რუსთაველის პროსპექტზე დაგვირგვინდება“, - განაცხადა პაატა შამუგიამ.
ქვეყანაში მიმდინარე პროტესტზე ისაუბრა მთარგმნელმა ხათუნა ცხადაძემ.
„შეუძლებელია ახლა „პენ-ცენტრი“ იყოს ჩუმად, როდესაც ჩვენი კოლეგები არიან სატუსაღოში. ასეთი ბევრია, მაგრამ პირველ რიგში მზია ამაღლობელისადმი სოლიდარობის ნიშნად ვართ შეკრებილი აქ, ასევე ჩვენი აზერბაიჯანელი კოლეგა, ავგან სადიგოვი არის უმძიმეს მდგომარეობაში. ჩვენი სახელმწიფო არაფერს აკეთებს იმისთვის, რომ უზრუნველყოს მისი უსაფრთხოება და თავისუფლება. ამ ორი ადამიანის სახელით გვინდა, რომ ყველა იმ ადამიანს გამოვუცხადოთ სოლიდარობა, რომლებსაც თავისუფლება პროფესიის გამო შეუზღუდეს. „პენ-ცენტრი“ უბრალოდ ვერ გაამართლებდა საკუთარ არსებობას, თუ ამ მომენტში ჟურნალისტებს არ დავუჭერდით მხარს და არ დავდგებოდით მათ გვერდით. სამწუხაროდ, შეგვიძლია ბრძოლა სიტყვით. აქ სიტყვით და კალმით მებრძოლი ხალხია შეკრებილი და შესაბამისად, მუშტი-კრივი ჩვენი საქმე არ არის, მაგრამ თუ საჭირო გახდება, ყველანაირი გზით, რა თქმა უნდა, გამოვხატავთ პროტესტს. ეს არის უკიდურესი მომენტი. მე, როგორც მთარგმნელი, ასევე განვიცდი მდგომარეობის სიმძიმეს“, - განაცხადა ხათუნა ცხადაძემ.