საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა ექვს პროფესორს სტუ-ის ოქროს მედალი გადასცა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა ექვს პროფესორს სტუ-ის ოქროს მედალი გადასცა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ, სტუ-ის აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილების საფუძველზე, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკის ფაკულტეტის ყოფილ დეკანს, ჰესების სადაწნეო სისტემებში მიმდინარე გარდამავალი ჰიდრავლიკური პროცესების, ჰიდროენერგეტიკული გაანგარიშებების, ჰიდროეკოლოგიის, ჰესების ტექნიკური მდგომარეობის, ასევე, მაგისტრალური მილსადენების და მათი საიმედო და ეფექტური ექსპლუატაციის, ხანგამძლეობისა და ენერგოდაზოგვის ექსპერტს, 70-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომისა და 7 სახელმძღვანელოს ავტორს, პროფესორ ლენა შატაკიშვილს, ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის ყოფილ დეკანს, 159 სამეცნიერო ნაშრომის, მათ შორის 7 მონოგრაფიის, 8 სახელმძღვანელოს ავტორს, ნიუ-იორკის მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილ წევრს, პროფესორ რუსუდან ქუთათელაძეს, საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ყოფილ დეკანს, 40-ზე მეტი სტატიისა და 5 სახელმძღვანელოს ავტორს, პროფესორ ივანე ჯაგოდნიშვილს, სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის ყოფილ დეკანს, 100-ზე მეტი ნაშრომისა და 5 სახელმძღვანელოს ავტორს, პროფესორ ანზორ აბშილავას, არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტის ყოფილ დეკანს, 20-ზე მეტი არქიტექტურული პროექტის, 60-ზე მეტი სამეცნიერო სტატიის, ერთი მონოგრაფიისა და 9 მეთოდური მითითების ავტორს, პროფესორ ნინო იმნაძეს და საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორს, 100-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომისა და 6 სახელმძღვანელოს ავტორს, ვანო ჭიაურელს უნივერსიტეტის წინაშე გაწეული განსაკუთრებული ღვაწლისთვის, სტუ-ის ოქროს მედალი გადასცა.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა „ოქროს მედალი“ ლენა შატაკიშვილს, რუსუდან ქუთათელაძეს და ივანე ჯაგოდნიშვილს აკადემიური საბჭოს სხდომაზე გადასცა.

როგორც აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ თავის გამოსვლაში აღნიშნა, მათ არაერთი ღირსეული თაობა აღზარდეს და უდიდესი წვლილი მიუძღვით საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წარმატებულ საქმიანობაში.

„უნივერსიტეტის წინაშე ლენა შატაკიშვილის, რუსუდან ქუთათელაძის, ნინო იმნაძის, ივანე ჯაგოდნიშვილის, ანზორ აბშილავას და ვანო ჭიაურელის დამსახურების გათვალისწინებით, აკადემიურმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება ღვაწლმოსილი პედაგოგებისა და მეცნიერებისთვის უნივერსიტეტის უმაღლესი ჯილდო - ოქროს მედალი მიენიჭებინა. საუნივერსიტეტო საზოგადოების სახელით, ვულოცავ ჩვენს კოლეგებს ამ საპატიო ჯილდოს და ვუსურვებ წარმატებას სამეცნიერო-პედაგოგიურ საქმიანობაში, მშობლიური უნივერსიტეტისა და ქვეყნის საკეთილდღეოდ“, - აღნიშნა თავის გამოსვლაში სტუ-ის რექტორმა.

ინფორმაციისთვის: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებით დაწესებული ჯილდო - „სტუ-ის ოქროს მედალი”, ქართველ და უცხოელ მეცნიერებს უნივერსიტეტის წინაშე გაწეული განსაკუთრებული ღვაწლისთვის გადაეცემათ. დაჯილდოებულ პირს, ჯილდოს და შესაბამის მოწმობას საზეიმოდ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი გადასცემს.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია