Scope Ratings - მიკრობანკების საქმიანობის შესახებ კანონი საფინანსო სექტორში კონკურენტუნარიანობას გააძლიერებს და სექტორის ზრდას ხელს შეუწყობს

წამყვანი ევროპული საკრედიტო სარეიტინგო სააგენტო Scope Ratings საქართველოში მიკრობანკების საქმიანობის შესახებ საკანონმდებლო ჩარჩოს აფასებს.

ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, სტატიაშია აღნიშნულია, რომ კანონი საფინანსო სექტორში კონკურენტუნარიანობას გაზრდის, ხელს შეუწყობს მეწარმეებისა და თვითდასაქმებულთა მხარდაჭერასა და ეკონომიკურ ზრდას.

„საქართველოში მოქმედი მიკრობანკების შესახებ საკანონმდებლო ჩარჩო შექმნილია საფინანსო სექტორის კონკურენტუნარიანობის გასაძლიერებლად, პროდუქტების შეთავაზებებისა და მომსახურებების ასორტიმენტის გასაფართოებლად და მეწარმეებისა და თვითდასაქმებულთა მხარდასაჭერად, რაც ეკონომიკურ ზრდას შეუწყობს ხელს“, - ვკითხულობთ პუბლიკაციაში.

ეროვნული ბანკის ცნობით, 2024 წლის დეკემბერში, სს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია მიკრო ბიზნეს კაპიტალზე“ (ემბისი) საქართველოს პირველი მიკრობანკის ლიცენზიის გაცემა მნიშვნელოვან ეტაპს წარმოადგენდა საფინანსო სექტორის განვითარებაში.

„ამასთან, აღნიშნულმა განაპირობა „ემბისის“ რეიტინგის გაუმჯობესება B/დადებითიდან B+/სტაბილურ დონემდე. სტატიაში საუბარია მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისა და სესხის გამცემი სუბიექტების საკანონმდებლო ჩარჩოსთან შედარებით მიკრობანკების ჩარჩოს უპირატესობაზე, რაც სესხის გაცემის გაზრდილ ლიმიტს შეეხება. Scope Ratings-ის ფინანსური ინსტიტუტების წარმომადგენელი ალვარო დომინგეს ალკალდე აღნიშნავს, რომ საქართველოში მიკროსაფინანსო ორგანიზაციებთან შედარებით, მიკრობანკები უფრო მკაცრ მარეგულირებელ მოთხოვნებს ექვემდებარებიან, რამაც უნდა შეამციროს კრედიტორთა რისკები და შესაბამისად, დროთა განმავლობაში, მიკრობანკებისთვის დაფინანსების ხარჯები. ავტორი იმასაც ვარაუდობს, რომ მიკრობანკების სექტორი სწრაფად გაიზრდება და 1 მილიარდი ლარის მოცულობის წლიურ ზრდას აჩვენებს“,- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, სტატიაში აღნიშნულია რომ დაკრედიტების მოცულობის 20%-იანი წლიური ზრდის დაშვებით, 2026 წლისთვის შესაძლოა სექტორის მოცულობამ 1 მილიარდ ლარს მიაღწიოს

„მიუხედავად მოლოდინისა, რომ მიკროსაფინანსო სექტორთან (რომელიც 2024 წლის სექტემბრისთვის 2.3 მილიარდს შეადგენდა) შედარებით მიკროსაბანკო სექტორი უფრო მცირე ზომის იქნება, გვჯერა, რომ უფრო დიდი მოცულობის სესხების გაცემის შესაძლებლობის ხარჯზე მიკროსაბანკო სექტორი სწრაფად გაიზრდება. დაკრედიტების მოცულობის 20%-იანი წლიური ზრდის დაშვებით, 2026 წლისთვის შესაძლოა სექტორის მოცულობამ 1 მილიარდ ლარს მიაღწიოს“, - აღნიშნულია სტატიაში.

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, პუბლიკაციაში ხაზგასმულია, რომ მიკროსაფინანსო ორგანიზაციების გარდა, სხვა სუბიექტებსაც შეუძლიათ მიკრობანკის საქმიანობის ლიცენზიის მისაღებად განაცხადის წარდგენა.

„საქართველოს ეროვნულ ბანკს, მიკრობანკის საქმიანობის ლიცენზიის გაცემისთვის საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად მკაცრი, ერთწლიანი ვადა აქვს განსაზღვრული. აღსანიშნავია ისიც, რომ განაცხადის უარყოფის შემთხვევაში, ორგანიზაციებს შეუძლიათ ხელახლა გააკეთონ განაცხადი შეზღუდვების გარეშე.

Scope Ratings-ი წამყვანი ევროპული საკრედიტო სარეიტინგო სააგენტოა, რომელიც სახელმწიფოების, საფინანსო ინსტიტუტებისა და კორპორაციებისთვის დამოუკიდებელ საკრედიტო რეიტინგებს, კვლევებს და რისკების ანალიზს ამზადებს. 2023 წელს სააგენტო აღიარა ევროპის ცენტრალურმა ბანკმა, რითაც მისი საკრედიტო რეიტინგები ევროსისტემის საკრედიტო შეფასების ჩარჩოს (ECAF) მიხედვით მისაღებად იქნა მიჩნეული.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნულმა ბანკმა "ემბისის“ შემდეგ მიკრობანკის ლიცენცია მიმდინარე წლის 12 თებერვალს სს "კრისტალზეც" გასცა“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია