საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვლადიმერ ჭავჭანიძის სახელობის კიბერნეტიკის ინსტიტუტის ენერგოეფექტური ტექნოლოგიების მეცნიერ-მკვლევარების პროექტი - „GE-2776: კობალტისფუძიანი ოქსიდური მასალების თერმოელექტრული მახასიათებლების გაუმჯობესება დოპირებითა და მიკროსტრუქტურის მოდულაციით”, საერთაშორისო სამეცნიერო-ტექნოლოგიური ცენტრის (ISTC) საგრანტო კონკურსის გამარჯვებულია. ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.
სტუ-ის ცნობით, პროექტში, რომლის თანამონაწილე ქვეყანაა სომხეთი, კოლაბორატორები კი - იაპონია და უნგრეთი, ქართული მხრიდან მონაწილეობენ პროექტის წამყვანი ორგანიზაციის - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვლადიმერ ჭავჭანიძის სახელობის კიბერნეტიკის ინსტიტუტის მეცნიერები: ენერგოეფექტური ტექნოლოგიების ლაბორატორიის ხელმძღვანელი, პროფესორი ნიკოლოზ მარგიანი, დოქტორები გიორგი მუმლაძე, ვახტანგ ჟღამაძე, იამზე ქვარცხავა, მაია ბალახაშვილი და დოქტორანტი ნათია მარგიანი.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კიბერნეტიკის ინსტიტუტის ენერგოეფექტური ტექნოლოგიების ლაბორატორიის მეცნიერ-თანამშრომლის, იამზე ქვარცხავას თქმით, პროფესორ ნიკოლოზ მარგიანის ხელმძღვანელობით, ინსტიტუტში დაფუძნდა ენერგოეფექტური ტექნოლოგიების ლაბორატორია, სადაც ხორციელდება ახალი თაობის ოქსიდური თერმოელექტრული მასალების სინთეზი სხვადასხვა ტექნოლოგიის გამოყენებით, აგრეთვე, სინთეზირებული მასალების მახასიათებლების გაზომვა და მათი გაუმჯობესება. კიბერნეტიკის ინსტიტუტში ჩატარებულმა ექსპერიმენტებმა დაადასტურა, რომ სათანადო დანამატებისა და ნანოტექნოლოგიის გამოყენებით შესაძლებელია მოწინავე, მკვეთრად გაუმჯობესებული ფუნქციური პარამეტრების მქონე ოქსიდური თერმოელექტრიკების მიღება. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ლაბორატორიამ თერმოელექტრობის თემატიკით 5 საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა, 14 საკონფერენციო თეზისი წარადგინა, გამოაქვეყნა 6 სტატია და 6 პატენტი მოიპოვა.
„კიბერნეტიკის ინსტიტუტში მიღებულმა შედეგებმა დიდი დაინტერესება გამოიწვია უცხოელი კოლეგების მხრიდან. კერძოდ, ინსტიტუტში სამეცნიერო ვიზიტით იმყოფებოდნენ ცნობილი იაპონელი, ბელორუსი და სომეხი პროფესორები. ისინი მონაწილეობენ ლაბორატორიის მიერ მოპოვებულ საგრანტო პროექტებში და არიან ქართული ჯგუფის მიერ კონფერენციებზე წარდგენილი პრეზენტაციებისა და სხვადასხვა ჟურნალებში დაბეჭდილი სტატიების თანაავტორები. აგრეთვე, ლაბორატორიას ნაყოფიერი თანამშრომლობა აკავშირებს შვედ, უნგრელ და ჩეხ კოლეგებთან, რომლებიც ჩართულნი არიან ლაბორატორიაში მიმდინარე პროექტებში კოლაბორატორისა თუ კონსულტანტის პოზიციებზე. ლაბორატორიამ გაიმარჯვა საერთაშორისო სამეცნიერო-ტექნოლოგიური ცენტრის (ISTC) მიერ გამოცხადებულ პრესტიჟულ კონკურსში და წარმატებით ახორციელებს საგრანტო პროექტს - “GE-2776: კობალტისფუძიანი ოქსიდური მასალების თერმოელექტრული მახასიათებლების გაუმჯობესება დოპირებითა და მიკროსტრუქტურის მოდულაციით”. პროექტის ფარგლებში ერთ-ერთი კოლაბორატორია იაპონელი მეცნიერი, ნაგაოკას ტექნოლოგიური უნივერსიტეტის ვიცე-პრეზიდენტი, პროფესორი მასატოში ტაკედა. საერთაშორისო სამეცნიერო-ტექნოლოგიურმა ცენტრმა დააფინანსა ტაკედას ვიზიტი საქართველოში, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ჩატარებულ კონფერენციაზე GTUnano2024 დასასწრებად, სადაც მან წარადგინა პრეზენტაცია და, ამავე დროს, იყო ამ კონფერენციის საერთაშორისო სამეცნიერო კომიტეტის წევრი. იაპონელი კოლეგა ესტუმრა კიბერნეტიკის ინსტიტუტს და დაათვალიერა ენერგოეფექტური ტექნოლოგიების ლაბორატორია. ამ ვიზიტის შედეგად, დაიგეგმა ქართულ-იაპონური სამეცნიერო თანამშრომლობის გაღრმავებისკენ მიმართული ნაბიჯები, კერძოდ, ლაბორატორიაში სინთეზირებული, გაუმჯობესებული თერმოელექტრული ეფექტურობის მქონე ოქსიდური მასალების საფუძველზე თერმოელექტრული გენერატორების დამზადება. ამ მიზნის მიღწევით შესაძლებელი იქნება გარემოში ფუჭად გაფანტული სითბოს ნაწილის გარდაქმნა მცირე სიმძლავრის ელექტროენერგიად. ამ გზით გამომუშავებული ენერგიით შესაძლებელი იქნება ვკვებოთ უსაფრთხოების სენსორები ბირთვულ სადგურებში, მცირე სიმძლავრის ხელსაწყოები „სმარტ“ სახლებში, და, ზოგადად, საბაზისო წყაროებს მოშორებულ ადგილებში არსებული მცირე სიმძლავრის მოწყობილობები“, - აცხადებს იამზე ქვარცხავა.
სტუ-ის ვლადიმერ ჭავჭანიძის სახელობის კიბერნეტიკის ინსტიტუტის ზეგამტარი და თერმოელექტრული მასალების კვლევის ჯგუფის ხელმძღვანელის, მთავარი მეცნიერ-თანამშრომლის ნიკოლოზ მარგიანის თქმით, პროექტი მოიცავს მოწინავე, მკვეთრად გაუმჯობესებული ფუნქციური პარამეტრების მქონე ოქსიდური თერმოელექტრიკების მიღებასა და კვლევას, რომელიც ითვალისწინებს ოქსიდური თერმოელექტრიკების (კობალტიტების) თერმოელექტრული ეფექტურობის ამაღლებას სათანადო დანამატებისა და ნანოტექნოლოგიის გამოყენებით.
„ენერგოეფექტური ტექნოლოგიების ლაბორატორიაში სინთეზირებული, გაუმჯობესებული თერმოელექტრული ეფექტურობის მქონე ოქსიდური მასალების საფუძველზე შესაძლებელია თერმოელექტრული გენერატორების დამზადება ფუჭად გაფანტული სითბოს ელექტროენერგიად გარდასაქმნელად. პროექტი გააღრმავებს წარმატებულ თანამშრომლობას საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და ნაგაოკას ტექნოლოგიურ უნივერსიტეტს შორის, რომლის ვიცე-პრეზიდენტი, პროექტში ჩართული კოლაბორატორი, პროფესორი მასატოში ტაკედა იმყოფებოდა სამეცნიერო ვიზიტით საქართველოში. საერთაშორისო სამეცნიერო-ტექნოლოგიური ცენტრის - ISTC-ის ოფისის ინიციატივითა და თხოვნით, კიბერნეტიკის ინსტიტუტის ენერგოეფექტური ტექნოლოგიების ლაბორატორიაში, პროფესორ ტაკედასთან ერთად, მომზადდა პრეზენტაცია, რომლის ორენოვან, ინგლისურ და იაპონურ ვერსიებს ISTC-ი წარადგენს გლობალურ EXPO 2025-ზე, რომელიც მიმდინარე წლის 13 აპრილიდან 13 ოქტომბრამდე იაპონიაში, ოსაკაში ჩატარდება. ISTC-ის სურვილია, ოსაკას ექსპოზე წარსადგენი პრეზენტაციით ასახოს წარმატებული მეცნიერული თანამშრომლობა საქართველოსა და იაპონიას შორის ეკოლოგიურად სუფთა, ენერგოეფექტური მასალების ტექნოლოგიის დახვეწის მიზნით. EXPO 2025 დიდად შეუწყობს ხელს იაპონელ და ქართველ მეცნიერთა შორის კოლაბორაციის გაღრმავებას და ღირსეულად წარმოაჩენს საქართველოს სამეცნიერო პოტენციალს თერმოელექტრული ტექნოლოგიის გამოწვევების მიმართულებით“, - აცხადებს ნიკოლოზ მარგიანი.