არჩილ გორდულაძე „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ცვლილებებზე - დიდ ბრიტანეთში ადამიანებს საკუთარი უფლებების დაცვის შესაძლებლობა აქვთ, ქართველები არავისზე ნაკლები არ ვართ და იგივე ბერკეტები და თავის დაცვის მექანიზმი უნდა გვქონდეს

საჭიროა მივიღოთ მექანიზმი, როცა ადამიანის უფლებებს და გამოხატვის თავისუფლებას შორის ბალანსი უზრუნველყოფილი იქნება - როგორც დიდ ბრიტანეთში ადამიანებს საკუთარი უფლებების დაცვის შესაძლებლობა აქვთ, ქართველები არავისზე ნაკლები არ ვართ და იგივე ბერკეტები და თავის დაცვის მექანიზმი უნდა გვქონდეს, - ასე განმარტა „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ სატელევიზიო და რადიო მაუწყებლებთან დაკავშირებით დაგეგმილი ცვლილებები.

„მაუწყებლობის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებების პროექტი პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტმა დღეს პირველი მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა.

„ქართული ოცნების“ დეპუტატები მიიჩნევენ, რომ მაუწყებლებთან დაკავშირებული საკანონმდებლო ინიციატივით ქვეყანა ადამიანის უფლებების დაცვის ევროპულ სტანდარტს უახლოვდება, ხოლო კანონის მიზანია პრევენცია და მაუწყებელთა დარღვევაზე ადეკვატური რეაგირება.

გორდილაძემ პროექტის წარდგენისას რამდენჯერმე აღნიშნა, რომ მაუწყებელთა თვითრეგულირება არ მუშაობს, ამიტომ ახალი კანონით, დაინტერესებულ პირს შესაძლებლობა ექნება თვითრებულირების ორგანოს გარდა, კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიას მიმართოს.

„ის, რაც აქამდე თვითრეგულირებაში იყო, კომუნიკაციების კომისიის განსახილველ საკითხებში გადმოდის. ახალი რედაქციით ყალიბდება ფაქტის ჯეროვანი სიზუსტე და პასუხისმგებლობა, რომლის მიხედვით, ახალი ამბები უნდა იყოს ფაქტებზე დაფუძნებული. ის ჯეროვანი სიზუსტითა და მიუკერძოებლობით უნდა გავრცელდეს. მაუწყებელი ყველაფერს უნდა აკეთებდეს იმისთვის, რომ ცრუ და შეცდომაში შემყვანი ინფორმაცია არ გავრცელდეს. ამავე დროს, როდესაც ახალი ამბების დროს დადგმები და ინსცენირება იქნება გამოყენებული, საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ ადგილი აქვს ინსცენირებას.

მაუწყებელმა ასევე უნდა მოახდინოს ანონიმურ წყაროზე მითითება - როდესაც რაიმე ინფორმაციას ავრცელებს, ცალსახად უნდა ითქვას, რომ აღნიშნული ინფორმაცია ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით ვრცელდება.

თითოეულ ადამიანს, ვისზეც არასწორი ინფორმაცია გავრცელდება, შესაძლებლობა ექნება კომუნიკაციის კომისიას მიმართოს, შემდეგ მაუწყებელს დაევალოს და ის ვალდებული იქნება, არასწორი ფაქტის შესახებ საზოგადოებას სწორი ინფორმაცია მიაწოდოს.

ახალი ამბების გადაცემისას, მაუწყებელი ვალდებული იქნება სამართლიანობისა და მიუკერძოებლობის პრინციპი დაიცვას.

ერთმანეთისგან მკაცრად უნდა გაიმიჯნოს ფაქტი და აზრი. დაუშვებელი იქნება რომელიმე პოლიტიკური პარტიის წევრი ან პოლიტიკური თანამდებობის პირი ახალი ამბების წამყვანი იყოს.

ახალი ამბების პროგრამაში დაცული უნდა იყოს ნეიტრალიტეტი.

ამავე დროს მაუწყებლის მიერ ახალ ამბებში პირადი დამოკიდებულების და პირადი მოსაზრებების გავრცელება დაუშვებელი იქნება. საზოგადოებამ ჯეროვანი ინფორმაცია უნდა მიიღოს და შეფასება თვითონ გააკეთოს და არა მაუწყებელმა“, - განაცხადა გორდულაძემ პროექტის წარდგენისას.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში