როგორ გავხადოთ საგანმანათლებლო დაწესებულებებში ჯანმრთელობის ხელშეწყობა პრიორიტეტული - საქართველოს უნივერსიტეტი ოკანაგანის ქარტიასთან მიერთების ინიციატივით გამოდის

საქართველოს უნივერსიტეტი ოკანაგანის ქარტიასთან ეროვნული უნივერსიტეტების მიერთების ინიციატივით გამოდის, რაც გულისხმობს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების გლობალურ ქსელზე მიერთებას და ამ გზით, ჯანმრთელობის ხელშეწყობას აკადემიურ სივრცეში.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, საქართველოს უნივერსიტეტის ჯანმრთელობის მეცნიერებების სკოლაში სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელშიც უნივერსიტეტის რექტორი კონსტანტინე თოფურია და სკოლის ხელმძღვანელი თამარ ლობჯანიძე, სხვა უნივერსიტეტების წარმომადგენლებთან ერთად მონაწილეობდნენ.

შეხვედრაზე განიხილეს ოკანაგანის ქარტიის პრინციპები, მის ირგვლივ შექმნილი ჯანმრთელობის ხელშემწყობი უნივერსიტეტების საერთაშორისო ქსელის საქმიანობა და ამ საქმიანობაში საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ჩართულობის საკითხი. შეკრებილ საზოგადოებას ამ მიმართულებით დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს საქართველოს უნივერსიტეტის „გლობალური და ევროპული ჯანმრთელობის განათლებისა და კვლევების ინსტიტუტის“ დირექტორმა, პროფესორმა ამირან გამყრელიძემ და ჯანმრთელობის მეცნიერებების სკოლის პროფესორმა გიორგი ბახტურიძემ.

ოკანაგანის საერთაშორისო ქარტია წარმოადგენს ჯანმრთელობის ხელშემწყობი უნივერსიტეტებისა და კოლეჯების 2015 წლის საერთაშორისო კონფერენციის შედეგს, რომელიც ჩატარდა კანადაში, ქალაქ კელოუნაში, ბრიტანული კოლუმბიის უნივერსიტეტის ოკანაგანის კამპუსში. ქარტიის ძირითადი პრინციპებია: ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის პრიორიტეტიზაცია; მდგრადი განვითარება და გარემოს დაცვა; თანამშრომლობა და ინკლუზია.

ამირან გამყრელიძის განმარტებით, ქარტიის დანერგვისთვის საჭიროა რიგი ნაბიჯების გადადგმა. კერძოდ: აღნიშნული პროცესის ინიცირება და ორგანიზება იმისთვის, რომ დაინტერესებული უნივერსიტეტები გახდნენ ჯანმრთელობის ხელშემწყობი უნივერსიტეტების ქსელის წევრები.

„ჯანმრთელობის ხელშეწყობა პრევენციული მედიცინის ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა. საერთაშორისო სამედიცინო საზოგადოება თანხმდება იმაზე, რომ მკურნალობა მნიშვნელოვანია, თუმცა უფრო მნიშვნელოვანია პრევენცია. ვინაიდან საქართველოს უნივერსიტეტს (UG) აქვს საბავშვო ბაღი, სკოლა და უნივერსიტეტი, ასევე დასაქმებული ჰყავს ბევრი ადამიანი, მიზნად დავისახეთ, რომ ჯანმრთელობის ხელშეწყობის ელემენტები ადამიანის ზრდა-განვითარების ყველა ეტაპზე იყოს შეტანილი. საქართველოს უნივერსიტეტი, ამ თვალსაზრისით, შეიძლება იყოს კარგი პილოტი და ბევრი უნივერსიტეტისთვის მაგალითად იქცეს. დღევანდელ შეხვედრაზე, პირველ რიგში, მოვიწვიეთ ის უნივერსიტეტები, სადაც სამედიცინო ფაკულტეტებია. მათ გავაცანით ქარტია და თუ სურვილი ექნებათ, გაზაფხულზე ხელი მოეწერება სადამფუძნებლო დოკუმენტს, რომელიც მიეწოდება ოკანაგანის ქარტიის სამდივნოს“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მისივე თქმით, ჯანმრთელობის ხელშეწყობის ელემენტები საქართველოს უნივერსიტეტში აქამდეც დანერგილი იყო, თუმცა ქარტიასთან მიერთების შემდეგ აღნიშნული ძალისხმევა ინტენსიური გახდება.

საქართველოს უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორის გიორგი ბახტურიძის განცხადებით, ოკანაგანის ქარტიასთან მიერთების შემდეგ შეირჩევა საქართველოს ქსელის კოორდინატორი უნივერსიტეტი, შემუშავდება ჯანმრთელობის ხელშემწყობი პოლიტიკის დოკუმენტი, დაინერგება სტუდენტებისა და უნივერსიტეტების პერსონალის კეთილდღეობის პროგრამები, განვითარდება მულტიდისციპლინური თანამშრომლობა ადგილობრივ და საერთაშორისო პარტნიორებთან და ხელი შეეწყობა ამ მიმართულების კვლევებსა და ინოვაციებს.

„ოკანაგანის ქარტიაში გაწერილია ყველა ის პრინციპი, რასაც უნივერსიტეტები ჯანმრთელობის ხელშეწყობისთვის უნდა მისდევდნენ. ამ შემთხვევაში ქსელში ახალჩართული უნივერსიტეტები ეცნობიან სხვა უნივერსიტეტების გამოცდილებას. აქ იგულისხმება სტუდენტებისა და პერსონალის ხელშეწყობა, როგორც ფსიქიკური ჯანმრთელობის კუთხით, ასევე ფიზიკური აქტივობის თვალსაზრისით. ამ მხრივ მნიშვნელოვანია, შესაბამისი ინფრასტრუქტურა ჰქონდეს უნივერსიტეტს, ხოლო თუ ეს ინფრასტრუქტურა არ აქვს, პირველ ეტაპზე, შესაძლებელია, ორგანიზება გაუწიოს გასვლით ღონისძიებებს, ლაშქრობებს, სხვადასხვა სპორტულ აქტივობებს, როგორც სტუდენტებისთვის, ასევე თანამშრომლებისთვის. ცხადია, ამას სოციალიზაციის დატვირთვაც აქვს, რაც ასევე მნიშვნელოვანია. რაც შეეხება ჯანსაღ კვებას, უნივერსიტეტების კვების ობიექტებში უნდა არსებობდეს შესაბამისი სტანდარტი, რომლის ძირითადი მისია იქნება მაქსიმალურად ჯანსაღი საკვების მიწოდება მომხმარებლებისთვის. რაც შეეხება თამბაქოსა და ალკოჰოლის მოხმარებას, ის გამორიცხული უნდა იყოს არა მხოლოდ უნივერსიტეტის კამპუსში, არამედ მის მთელ ტერიტორიაზე. ასევე შესაძლებელია, უნივერსიტეტმა უზრუნველყოს შესაბამის დაწესებულებასთან თანამშრომლობით, თამბაქოზე თავის დანებების სერვისის მიწოდება სტუდენტებისა და პერსონალისთვის“, - განაცხადა გიორგი ბახტურიძემ.

სამუშაო შეხვედრაზე მზაობა გამოხატეს პარტნიორმა უნივერსიტეტებმაც, რომ განაგრძობენ აღნიშნულ საკითხზე მსჯელობას, რის შემდეგაც მიიღებენ გადაწყვეტილებას ოკანაგანის ქარტიასთან მიერთების საკითხზე.

მიჰაუ კობოსკო - ვიმედოვნებთ, თქვენი მთავრობა აირჩევს ევროპულ, დემოკრატიულ გზას ან გადადგება მოქალაქეთა პროტესტის გათვალისწინებით
ქართული პრესის მიმოხილვა 20.03.2025
ავთანდილ წულაძე - ტრამპი ცდილობს ჩინეთს რესურსებით მდიდარი რუსეთი ჩამოაშოროს, ამიტომაცაა ტრამპი რუსეთთან დათმობებზე რომ მიდის
„ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლები ბიძინა ივანიშვილს მიმართავენ
სიახლე PSP-სგან - პირველი ლოქერი ფარმაციაში
BDO Digital-მა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი აღიარება მოიპოვა
დაპორტირდი სილქნეტის ქსელში და მიიღე 50% ფასდაკლება ულიმიტო პაკეტებზე
„თეთრმა კვადრატმა“ „მიცუბიშ ელექტრიკთან” თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
„მთავარი არხის“ დირექტორი, გიორგი ქურდაძე განცხადებას ავრცელებს