ბრალდების მხარის მიერ მოპოვებული მტკიცებულებათა უმრავლესობის მიმართ დაცვის მხარე ონისე ცხადაძის ნაწილში ვითხოვთ დაუშვებლობას, რადგანაც მტკიცებულებები, განსაკუთრებით დაზარალებულის ე.წ. სამედიცინო დოკუმენტაცია, კანონის არსებითი დარღვევით არის მოპოვებული, - ამის შესახებ ადვოკატმა ლაშა ცუცქირიძემ მისი დაცვის ქვეშ მყოფის, იუმორისტ ონისე ცხადაძის ბრალდების საქმეზე ჟურნალისტებს განუცხადა.
ადვოკატის განმარტებით, ე.წ. სამედიცინო დასკვნის ნაწილში საუბარია გდდ-ს და კრიმინალური პოლიციელის რამდენიმე თანამშრომელზე, რომლებიც დაზარალებულად არიან ცნობილები. ადვოკატის თქმით, პოლიციელები აცხადებენ, რომ თითქოს დაზიანება მიიღეს აქციაზე, თუმცა, ვერცერთი მათგანი ვერ აკონკრეტებს, დროს და პირს, თუ ვისგან მიიღეს დაზიანებები.
„დაცვის მხარის მოპოვებულ ყველა მტკიცებულებას დაცვის მხარე, რა თქმა უნდა, სადავოს გავხდით და ამის შემდგომ უკვე განვიხილავთ გამოყენებული პატიმრობის მიზანშეწონილობის საკითხს. ბუნებრივია, აქაც დაცვის მხარეს გვექნება შუამდგომლობა, რომ ონისე ცხადაძის მიმართ გამოყენებული პატიმრობა გაუქმდეს და არ შეეფარდოს არცერთი სახის აღკვეთის ღონისძიების სახე იმ მოცემულობიდან გამომდინარე, რომ ვიმყოფებით წინასასამართლო სხდომის ეტაპზე და ამ ეტაპამდე პროკურორები აპელირებდნენ და ამტკიცებდნენ იმას, რომ თითქოს არსებობდა მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხე. ბუნებრივია, წინასასამართლო სხდომის ეტაპი წარმოადგენს ახალ გარემოებას, ყველა მოწმე დაკითხულია, მტკიცებულებები საქმეზე დამაგრებულია და ეს საფრთხეც კი აღარ არსებობს. შესაბამისად, მიგვაჩნია, რომ გამოყენებული პატიმრობა უნდა გაუქმდეს.
რაც შეეხება სამედიცინო დასკვნას, რამდენიმე პოლიციელია, გდდ-ს და კრიმინალური პოლიციელის თანამშრომლები არიან ე.წ. დაზარალებულად ცნობილები და ისინი ამტკიცებენ, რომ თითქოს დაზიანება მიიღეს აქციაზე, მაგრამ არ აკონკრეტებენ დროს, არ აკონკრეტებენ პირს, ვისგან მიიღეს[დაზიანება]. არათუ არ აკონკრეტებენ, არამედ საერთოდ ვერ აღწერენ პირს, ვისგან მიიღეს რაიმე სახის დაზიანება. ზოგიერთი მათგანი კი, საერთოდაც საუბრობს ისეთ დღეზე, რომელ დღეზეც, რიცხვშიც საერთოდ არცერთ პირს არ აქვს ბრალი წარდგენილი, არათუ ონისე ცხადაძე. შესაძლოა მათ რაიმე დაზიანება მიიღეს, მაგრამ რა კავშირშია ონისე ცხადაძესთან ან სხვა ბრალდებულებთან საერთოდ არ არის დადგენილი.
საქმეში ონისე ცხადაძის მიმართ პირველი ეტაპიდანვე არის ვიდეომტკიცებულება, სადაც ჩანს ფაქტობრივი გარემოებები და ამას ჩვენ არ უარვყოფთ და ვადასტურებთ იმას, რომ კადრში ონისე ცხადაძეა, მაგრამ არის ისეთი ქმედება, რისთვისაც პირები პატიმრობას ადმინისტრაციული წესით იხდიან ან ჯარიმაა გამოყენებული. თუმცა იგივე კატეგორიის ქმედებაზე ონისე ცხადაძის მიმართ დაწყებულია დევნა და ბრალი აქვს წარდგენილი ჯგუფური ძალადობის მონაწილეობის პირობებში, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, ერთი მტკიცებულებაც კი არ დევს, რომელიც დაადასტურებს ამ ბიჭებს შორის რაიმე შეთანხმებას“, - განაცხადა ლაშა ცუცქირიძემ.
ცნობისთვის,მიმდინარე აქციების დროს პოლიციამ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით 11 პირი დააკავა, კერძოდ: ონის ცხადაძე, ანდრო ჭიჭინაძე, ჯანო არჩაია, რუსლან სივაკოვი, ლუკა ჯაბუა, გურამ მირცხულავა, ვალერი თეთრაშვილი, გიორგი ტერიშვილი, ირაკლი ქერაშვილი, რევაზ კინაძე და სერგეი კუხარჩუკი. მათი საქმეები სასამართლოში გაერთიანებულად განიხილება.