ადვოკატი - როცა ომარ ოკრიბელაშვილი დამიკავშირდა, ხმა აკანკალებული ჰქონდა, შეშინებული იყო - არ შეიძლება მისი გადაყვანა, იმ ციხეში სულ სხვა კატეგორიის დამნაშავეები სხედან - ორი კვირის წინ, საბა მეფარიშვილის გადაყვანაც უნდოდათ რუსთავში

როცა ომარ ოკრიბელაშვილი დამიკავშირდა, ხმა აკანკალებული ჰქონდა და შეშინებული იყო. ორი კვირის წინ, საბა მეფარიშვილის გადაყვანაც უნდოდათ რუსთავის მე-17 დაწესებულებაში, - ამის შესახებ პარლამენტის შესასვლელთან რკინის დამცავი ჯებირის დაზიანებაში მსჯავრდებულ ომარ ოკრიბელაშვილის ადვოკატმა, დავით გამყრელიძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა.

როგორც გამყრელიძე აღნიშნავს, „ამ პატიმრების სხვა დაწესებულებაში გადაყვანა მომატებული რისკის მატარებელია“.

ადვოკატის თქმითვე, მან საბა მეფარიშვილის რუსთავის ციხეში გადაყვანა შეაჩერა, თუმცა, ამ ეტაპზე, მისთვის ომარ ოკრიბელაშვილის ბედი უცნობია, ვინაიდან სამუშაო დღე არ არის და პენიტენციურ დაწესებულებაში ვერ შედის.

„[გადაყვანის] რეალური მიზეზი გაურკვეველია, თუმცა, ჩვენი ვარაუდია, რომ ამის საფუძველი ახალგაზრდების, ომარ ოკრიბელაშვილის და ნიკოლოზ ჯავახიშვილის ციხეში შეხვედრაა. ამ აქციის ფარგლებში ბევრი დაკავებულია და ალბათ, უნდათ, რომ ისინი ერთმანეთს არ დაუკავშირდნენ, ინფორმაცია არ გაცვალონ. ომარი და ნიკოლოზი რამდენიმე თვის წინ, ერთმანეთს მე შევახვედრე ციხეში, კანონიერების ფარგლებში ვიქცეოდით, ადვოკატებმა ამოვიყვანეთ და ერთმანეთს შევახვედრეთ, ისინი ერთი სისხლის სამართლის ფარგლებში არ იყვნენ დაკავებული, ამიტომ მათი შეხვედრა შესაძლებელი იყო, ამას კანონი არ გვიკრძალავს, მაგრამ ვინაიდან პოლიტიკური სარჩული უდევს ამ ყველაფერს და ეს ბიჭები ყველა ერთი მიზნისკენ მიდის, ამიტომ უნდათ განცალკევება, გამორიცხული არ არის, მომავალში ჯავახიშვილი სხვაგან გადაიყვანონ და კიდევ ვიღაცები სხვადასხვა დაწესებულებებში.

შეხვედრის ინიციატორი თვითონ ომარ ოკრიბელაშვილი იყო, ისინი მეგობრები არიან...ჯავახიშვილის შეყვარებულმაც იცოდა, რომ ადვოკატი დავით გამყრელიძე შედიოდა და ისინი ერთმანეთს უნდა შეხვედროდნენ, ამის შესახებ ინფორმირებული იყო ყველა, ახლა რომ ამბობენ, თითქოს, დავით გამყრელიძემ იქ ვიღაცები ძალით შეახვედრა ერთმანეთს. ახლა პენიტენციურ სამსახურს ამ შეხვედრის გამო გადაჰყავს ომარი, ცოტა ხანში გადაიყვანენ სხვასაც.

საუბარია, რუსთავის მე-12 დაწესებულებაზე, ეს არის „თანამშრომლების“ [თანამდებობის ყოფილი პირების] დაწესებულება.

როცა ომარი დამიკავშირდა, ხმა აკანკალებული ჰქონდა და შეშინებული იყო, რადგან მისი ხმა კარგად ვიცი, მოუსვენრად იყო. მერე მასთან რამდენიმე კაცი შევიდა შიგნით, მოერევიან და ბოლო-ბოლო, თუ მოინდომეს, ძალით გამოიყვანენ იმ საკნიდან. ომარს გადასვლა არ უნდა, სანამ სასჯელს მოიხდიდა, ან შეწყალება შეეხებოდა, აქ უნდა ყოფილიყო, დირექტორთანაც შეთანხმებული იყო. ახლა უცებ დატრიალდნენ, თითქოს, განსაკუთრებული დამნაშავე იყოს, მე-12 დაწესებულებაში გადაჰყავთ, საბა მეფარიშვილი ერთი-ორი კვრის წინ მე-17 დაწესებულებაში გადაჰყავდათ. ეს ციხე მაღალი რისკის ზონაა და იქ საბას გადაყვანა სარისკოა, თუ უნდათ გარისკონ ეს ბიჭი, მაშინ არ ვიცი. საბას გადაყვანა არ დავაშვებინე. დღეს უკვე ომართან შეცვივდნენ ბადრაგები იძულების წესით. შაბათია, იქ ორშაბათამდე ფიზიკურად ვერ შევალთ, შესაბამისად, ომარის ბედი გაურკვეველია.

არ შეიძლება მათი იქ გადაყვანა, ამ საქმეს პოლიტიკური სარჩული აქვს, იქ სულ სხვა დღის წესრიგია, სულ სხვა კატეგორიის დამნაშავეები სხედან, არ არის გამორიცხული, კიდევ უარეს შარში გაყონ თავი - იყოს იძულება, არაადამიანური მოპყრობა ფიზიკური ზეწოლა, ბულინგი და ა.შ. ამიტომ, აქ, სადაც არიან, ვიცით, რომ სიწყნარეა და არ გვიღირს მათი სხვაგან გადაყვანა“, - განაცხადა გამყრელიძემ.

პარლამენტის შესასვლელთან რკინის დამცავი ჯებირის დაზიანებაში მსჯავრდებულ ომარ ოკრიბელაშვილის მამამ, გიორგი ოკრიბელაშვილმა „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში განაცხადა, რომ მისი შვილი გლდანის მე-8 დაწესებულებიდან რუსთავის მე-12 დაწესებულებაში გადაჰყავთ, რის შესახებაც მას თავად მსჯავრდებულმა განუცხადა.

ცნობისთვის, პარლამენტის შესასვლელთან რკინის დამცავი ჯებირის დაზიანების ბრალდებით 14 მაისს დაკავებულ 20 წლის ომარ ოკრიბელაშვილსა და 23 წლის საბა მეფარიშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდათ.

საპროცესო შეთანხმების მიხედვით, ომარ ოკრიბელაშვილი და საბა მეფარიშვილი წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ იქნენ ცნობილი. მათ სასჯელის სახედ 3 წელი განესაზღვრათ, თუმცა, ამნისტიის შედეგად, მათ ეს სასჯელი 2,6 წელი გაუხდათ, საიდანაც მსჯავრდებულებს 1,6 წელი რეალური სასჯელის მოხდა მოუწევთ, 1 წელი კი პირობითი სასჯელი განესაზღვრათ, რაც ნიშნავს იმას, რომ ორივე პირი პენიტენციურ დაწესებულებაში კიდევ 10 თვეს გაატარებს.

გიორგი ანთაძე - ოფიციალურ ციფრებს რომ გავყვეთ, მოსახლეობის მინიმუმ ნახევარი ოპოზიციურად არის განწყობილი, ბოლო მოვლენების ფონზე ეჭვი მეპარება, რომ ეს ხალხი დღეს ხელისუფლების მომხრე გამხდარიყო
ქართული პრესის მიმოხილვა 28.04.2025
Yandex Go-ს ელექტროსკუტერები უკვე თბილისშია
ბრიტანულ-ქართული აკადემიისა და ბრიტანული სკოლის დამფუძნებლები მთავრობას მიმართავენ