ანდრეი სიბიგა - ნებისმიერ სამშვიდობო მოლაპარაკებებში უკრაინისთვის სამი ფუნდამენტური საკითხი არსებობს, რომელიც წითელი ხაზია და განხილვას არ ექვემდებარება

ნებისმიერ მომავალ სამშვიდობო მოლაპარაკებებში უკრაინისთვის უცვლელი დარჩება სამი ფუნდამენტური საკითხი, რომელიც წითელი ხაზია და განხილვას არ ექვემდებარება, - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანდრეი სიბიგამ უკრაინულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა.

„არის ფუნდამენტური საკითხები, რომლებიც განხილვას არ ექვემდებარება. პირველი არის უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი. უკრაინა არასოდეს აღიარებს ოკუპირებულ ტერიტორიებს. მეორე, არცერთ ქვეყანას არ აქვს უფლება ვეტო დაადოს უკრაინელი ხალხის არჩევანს, უკრაინის არჩევანს ამა თუ იმ გაერთიანებებში მონაწილეობასთან დაკავშირებით, იქნება ეს ევროკავშირი, თუ ნატო“, - განმარტა სიბიგამ.

მისი თქმით, მესამე საკითხი, რომელიც არ განიხილება, არის არმიის თავდაცვისუნარიანობისა და შესაძლებლობების შეზღუდვა, რაზეც უკრაინა არ დათანხმდება. საგარეო საქმეთა მინისტრმა განმარტა, რომ უკრაინის ყველა პარტნიორმა იცის ამ ფუნდამენტური საკითხების შესახებ.

„რუსეთმა პასუხი უნდა აგოს. ეს ყველაფერი ყოვლისმომცველი მშვიდობის ელემენტებია. შეგახსენებთ, რომ ის ასევე გაწერილია ჩვენს „მშვიდობის ფორმულაში“ და ასახავს იმ მიდგომებს, რომლებიც განსაზღვრავს ჩვენს პოზიციას საერთაშორისო ასპარეზზე. ფუნდამენტური საკითხი, რაც ჩვენთვის მნიშვნელოვანია, არის „არაფერი უკრაინის შესახებ უკრაინის გარეშე“, „არაფერი ევროპის შესახებ ევროპის გარეშე“, - აღნიშნა სიბიგამ.

ვიტალი ბალა - უკრაინა ახლა პოლიტიკური კრიზისის ზღუბლზეა, იმედი მაქვს, ის პრობლემები, რომელიც უკრაინის უმაღლეს ეშელონებშია, გავლენას არ იქონიებს რუსეთის წინააღმდეგ მიმდინარე  ომზე
ქართული პრესის მიმოხილვა 16.07.2026
Café del Mar საქართველოშია - VR Holding-მა მსოფლიო ბრენდის პირველი ოფიციალური Beach Club გახსნა
წინანდლის ფესტივალს „სილქნეტი“ მერვედ წარადგენს