გიორგი ჩიკვაიძის დედა - გიორგის მგრძნობელობა არც ერთ ფეხში არ აქვს, აღენიშნება შეშუპება სხვადასხვა ადგილზე, სილურჯეები ფრჩხილების გარშემო, საპატიმროს ექიმები ვარაუდობენ, რომ თავის ტვინში დაზიანება მოხდა - პატიმარი მათია და მოუარონ

დიდი ოდენობით თანხის მართლსაწინააღმდეგოდ მითვისების ბრალდებით დაკავებული ბიზნესმენის, გიორგი ჩიკვაიძის დედა ეკა წერეთელი ხელისუფლებას მიმართავს და შვილის პენიტენციური დაწესებულებიდან კლინიკაში გადაყვანას სთხოვს.

როგორც „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში წერეთელი აცხადებს, მის შვილს რამდენიმე ქრონიკული დაავადება აქვს, რის გამოც შიმშილობა არ შეიძლება, ამის ფონზე კი მას სახიფათო პროცესები განუვითარდა.

„დღეს მე-8 დღეა, რა შიმშილობს. სისუსტე, თავბრუსხვევა ჰქონდა, მაგრამ ეს შიმშილის ფარგლებში ჯდებოდა, თუმცა არ ვიცოდით, რომ მას 5 დღის წინ, ხანგრძლივი კრუნჩხვა ჰქონია, რომლის შედეგადაც, პენიტენციური დაწესებულების ექიმები ვარაუდობენ, რომ თავის ტვინში დაზიანება მოხდა, ძალიან ძლიერი ნევროლოგია წამოვიდა, მგრძნობელობა არც ერთ ფეხში არ აქვს, დღეს, როცა მასთან ადვოკატი მივიდა, ის უკვე ეტლით გამოიყვანეს. ერთადერთი, რაც შეუძლია, საუბარია, აქვს შეშუპება სხვადასხვა ადგილზე, სილურჯეები ფრჩხილების გარშემო, მძიმე ნევროლოგიური სიმპტომატიკა. იქაური ექიმები ფიქრობენ, რომ მენინგიტთან დაკავშირებული მოვლენებია, შეიძლება იყოს ენცეფალიტი. გუშინ საღამოს იყო მსჯელობა კლინიკაში გადაყვანაზე და არ ვიცი, რატომ არ გადაიყვანეს მრავალპროფილურ კლინიკაში. ჩვენი მოთხოვნაა, სასწრაფოდ გადაიყვანონ კლინიკაში, სადაც სპეციალიზებული კვლევა ჩაუტარდება. ვერ ვიტყვი, რომ მას ექიმები ყურადღებას არ აქცევენ, პირიქით, იქ სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშაა, მაგრამ შედეგად დადგა ის, რაც დადგა. ადამიანი შიმშილობს უსამართლობის გამო, ახალგაზრდა ადამიანი შეიძლება დაიღუპოს ოთხ კედელში - საკანში.

როგორც დედა, როგორც ექიმი და როგორც ჩვეულებრივი მოქალაქე, მივმართავ სახელმწიფოს, რომელიც ფაქტობრივად მორღვეულია, მაგრამ ჯერჯერობით სხედან იმ ადგილებზე - პატიმარი მათია და მოუარონ თავიანთ პატიმარს, გადაარჩინონ მისი სიცოცხლე. ამ ადამიანმა ვერსად სიმართლე ვერ ნახა, ვერც სასამართლოში, ვერც პროკურატურაში. ასე არ შეიძლება ახალგაზრდა ადამიანი გაწირო, ესენი ამაზე პასუხს აგებენ, მაგრამ ამჟამად პრიორიტეტული ჩემი შვილის მდგომარეობაა.

ახალგაზრდა ადამიანია, მაგრამ მისი თანმხლები ქრონიკული დაავადებები აქვს, მისთვის შიმშილობა არ შეიძლება, ინსულინრეზისტენტობა მომატებული აქვს. როგორ შეიძლება ასე გაამწარო ადამიანი, დაჭერამდე ჯერ კოშმარი მოუწყვეს, 30 მანქანა დასდევდა, სტრესულ მდგომარეობაში დააკავეს, შედეგიც სახეზეა“, - აცხადებს წერეთელი.

კითხვაზე, ხომ არ ჰქონდა ჩიკვაიძის მიმართ პენიტენციურ დაწესებულებაში ფიზიკურ ან ფსიქოლოგიურ ძალადობას ადგილი, წერეთელი უარყოფით პასუხს სცემს.

„ასეთი რამე არ ყოფილა, ნამდვილად ვერ ვიტყვი. როცა პირველად შეიყვანეს, საშინელ ანტისანიტარიაში იყო, შემდეგ გადაიყვანეს სხვა - სამარტოო საკანში, მეორე დღიდან შიმშილობა გამოაცხადა, რასაც ეს შედეგი მოჰყვა. ვიმეორებ, პატიმარი მათია, მოუარონ თავიანთ პატიმარს. ეს ადამიანი შიმშილს არ შეწყვეტს. მე, როგორც დედას, არ მინდა, რომ შიმშილობდეს, მაგრამ მისი პრინციპულობა ვიცი და არ გაჩერდება, რადგან მიაჩნია, რომ უსამართლოდ დაკავებულია“, - განაცხადა წერეთელმა.

ცნობისთვის, დიდი ოდენობით თანხის მართლსაწინააღმდეგო მითვისების ფაქტზე ბრალდებულ ბიზნესმენს, გიორგი ჩიკვაიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული 50 000-ლარიანი გირაო პატიმრობით შეეცვალა. 11 მარტს გიორგი ჩიკვაიძე სასამართლოს სხდომათა დარბაზში დააკავეს.

მასთან ერთად ბრალდებულია მისი მეგობარი ირაკლი პაპიაშვილიც, თუმცა, მას აღკვეთის ღონისძიების სახით 50 000-ლარიანი გირაო აქვს შეფარდებული.

გიორგი ჩიკვაიძემ შიმშილობა 12 მარტს დაიწყო.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
ანდრო გოცირიძე - საქართველოს შეუძლია რუსეთის წიაღს დაუბრუნდეს, ოღონდ, რუსეთის მიერ აღიარებული „სახელმწიფოების“ გარეშე, ეს არის ის ფორმულა, რასაც რუსეთი საქართველოს ოფიციალურად სთავაზობს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.04.2025
„ამბასადორი აილენდ ბათუმის" მიმართ ინტერესმა დუბაის უძრავი ქონების საერთაშორისო გამოფენაზე მოლოდინს გადააჭარბა
„ვისოლი“ ციფრული ტრანსფორმაციის ახალ ეტაპზე გადადის
Touch Plarform-ის ორგანიზებით, თბილისში რიგით მეორე საერთაშორისო ციფრული დიზაინ ფესტივალი Touch RGB გაიმართება
სილქნეტის აქცია: თემატური სპორტული პაკეტები დამატებითი გადასახადის გარეშე
საბანკო ასოციაციის რჩევები კიბერუსაფრთხოებისთვის დღესასწაულების წინ
სააღდგომო შეთავაზებები სილქნეტის მომხმარებლებისთვის