საგამოძიებო კომისია, მამუკა ხაზარაძის მიმართ შემდგომი რეაგირებისთვის, პროკურატურას მიმართავს

„ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია, „ძლიერი საქართველოს“ ლიდერ მამუკა ხაზარაძესთან დაკავშირებით პროკურატურას მიმართავს.

როგორც კომისიის თავმჯდომარე თეა წულუკიანმა განაცხადა, მიზეზი ის გარემოებაა, რომ ხაზარაძე კომისიის სხდომაზე, სადაც დაბარებული იყო, არ გამოცხადდა.

მისივე თქმით, კომისიის წინაშე გამოცხადებაზე უარი არის სისხლის სამართლის დანაშაული.

"დღეს ახსნა - განმარტების მოსაცემად დაბარებული გვყავდა მამუკა ხაზარაძე. სამდივნომ რამდენიმე დღის წინ დაამყარა მასთან სატელეფონო კონტაქტი. აუხსნა, რომ ის მოწვეული იყო კომისიის ამ სხდომაზე შპს „მაგნატის საქმესთან დაკავშირებით. მამუკა ხაზარაძემ გაიკვირვა და სამდივნოს ჰკითხა, რა კავშირი ჰქონდა შპს „მაგნატის“ საქმესთან. ამის შემდეგ სამდივნომ მამუკა ხაზარაძეს ტელეფონის მეშვეობით შეატყობინა იმის შესახებ, რომ დღეს მოწვეული იყო 11:00 საათზე სხდომაზე. მან რამდენიმე წუთის, მაშინ, როცა ჯემალ ლეონიძე საუბრობდა, გამოაქვეყნა „ფეისბუკ“ პოსტი, სადაც ის ამბობს, რომ თურმე ეს კომისია ყოფილა ცირკი და ის ცირკში მონაწილეობას არ აპირებს. დასანანია, რომ მამუკა ხაზარაძე იმ დიდი უბედურების ფონზე, რასაც ჯემალ ლეონიძე გვიამბობდა, ამ ყოველივეს სიტყვიერად შეურაცხყოფს და უწოდებს ცირკს და რომ ის მოსვლას არ აპირებს. მამუკა ხაზარაძის შემთხვევაში, მან უკვე „ფეისბუკს“ პოსტიდან გამომდინარე არ დაგვიტოვა არანაირი კითხვის ნიშანი, აპირებდა მოსვლას თუ არ აპირებდა. აქ ეჭვი არ არსებობს. კენჭისყრაზე ვაყენებ საკითხს მამუკა ხაზარაძის საქმის პროკურატურაში გადაგზავნასთან დაკავშირებით. აქ ნამდვილად არ გვცალია იმდენი, რომ ხუმრობით ვიყოთ დაკავებულები. არსებობს „სისხლის სამართლის კოდექსის“ 349-ე მუხლი. ამ მუხლში წერია, რომ კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობა ისჯება სისხლის სამართლის წესით. იქ არის საკმაოდ მძიმე სასჯელები, მათ შორის ერთ წლამდე პატიმრობაც, მხოლოდ იმისთვის, რომ უარს იტყვი გამოცხადებაზე, დოკუმენტის წარმოდგენაზე. გადაწყვეტილება მიღებულია - ჩვენი, კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის და ცალსახად უარის თქმის გამო, მამუკა ხაზარაძის საქმე გადაეგზავნოს საქართველოს პროკურატურას შემდგომი რეაგირებისთვის“, - განაცხადა წულუკიანმა.

ცნობისთვის, კომისიის სხდომაზე ბიზნესზე ზეწოლის ერთ-ერთი საქმის - შპს “მაგნატის“ საქმის განხილვა მიმდინარეობს. ბიზნესმენი ჯემალ ლეონიძე ავტოგასამართი სადგურების ქსელის, “მაგნატის“ მესაკუთრე იყო. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, “ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების დროს, ბიზნესმენს ქონება ჩამოართვეს და დააპატიმრეს. ლეონიძე ციხიდან პოლიტპატიმრის სტატუსით გამოვიდა და წართმეული ქონების დაბრუნებას ითხოვდა. ლეონიძე წინა ხელისუფლების მაღალჩინოსნებთან ერთად, ქონების წართმევაში მამუკა ხაზარაძეს ადანაშაულებდა. სხდომაზე დაბარებულები არიან „ძლიერი საქართველოს“ ლიდერები - მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე. როგორც მამუკა ხაზარაძემ სოციალურ ქსელში დაწერა, პარლამენტის საგამოძიებო კომისიაში მისვლას და „ამ ცირკში მონაწილეობას“ არ აპირებს.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
350 მილიონი ლარი, რომელიც მომხმარებლებს დარჩათ - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები