თბილისის მთავარი სამმართველოს ერთ-ერთი სამმართველოს უფროსის, მირიან ქავთარაძის მოადგილის, მიხეილ სუჯაშვილის ჩვენების მიხედვით, პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულ საბა სხვიტარიძის მიმართ გაუპატიურების მუქარა არ განხორციელებულა.
აღნიშნულის შესახებ მან სასამართლო პროცესზე განაცხადა, სადაც მოწმის სახით იკითხება. სუჯაშვილი, საქმეში დაზარალებულის სტატუსის მქონე პოლიციელის, მირიან ქავთარაძის მოადგილეა.
მიხეილ სუჯაშვილი აღწერს შემთხვევის დღეს, უფრო კონკრეტულად, იმ პერიოდს, როცა "თბილისი მერიოტში" პოლიტიკოსები შეხვედრაზე იმყოფებოდნენ, გარეთ კი საპროტესტო აქცია მომდინარეობდა. სუჯაშვილის თქმით, ის ადგილზე მისი სამმართველოს უფროსთან, მირიან ქავთარაძესთან და კიდევ რამდენიმე პოლიციელთან ერთად იმყოფებოდა.
სუჯაშვილის თქმით, ისინი სამოქალაქო ფორმაში ჩაცმულები იყვნენ. მისივე ჩვენებით დგინდება, რომ ადგილზე მათ სამედიცინო პირბადე ეკეთათ, მას კი ეს „სამედიცინო ნიღაბი ერთ-ერთმა ქალბატონმა ჩამოხსნა“.
„საპროტესტო აქციის გარკვეული წევრები აგრესიულები იყვნენ. ერთ-ერთი მონაწილე [საბა სხვიტარიძე] აგრესიული გახდა და მირიან ქავთარაძეს თავში ხელკეტის მსგავსი საგანი ჩაარტყა, რის შედეგადაც მან დაზიანება მიიღო, სისხლი წამოუვიდა. ის კლინიკაში გადაიყვანეს.
აქციის მონაწილეები იგინებოდნენ, ხმაურობდნენ, ჩვენი მოწოდების შემდეგ კიდევ უფრო აგრესიულები გახდნენ, ფიზიკურ შეურაცხყოფაზეც გადავიდნენ",- განაცხადა სუჯაშვილმა.
მას დაცვის მხარემ შემთხვევის დღის ამსახველი ვიდეომასალა დიდ მონიტორზე წარუდგინა და კონკრეტული კითხვებიც დაუსვა.
ადვოკატ ირაკლი ჩომახაშვილის კითხვაზე, დაინახა თუ არა წარდგენილ ვიდეომასალაში, ან შემთხვევის ადგილზე დაინახა თუ არა, მისი ხელმძღვანელი, მირიან ქავთარაძე ახალგაზრდა გოგოს თავში ხელს როგორ ურტყამს, სუჯაშვილმა უარყოფითი პასუხი გასცა.
„ვერ ვხედავ, არ დამინახავს“, - განაცხადა სუჯაშვილმა.
ჩომახაშვილის კითხვაზე, გაიგონა თუ არა მან ქავთარაძის მხრიდან გინება, მისმა მოადგილემ უარყოფითი პასუხი გასცა.
ადვოკატის კითხვაზე, იყო თუ არა ის საბა სხვიტარიძის მიმართ განხორციელებული გაუპატიურების მუქარის შემსწრე, სუჯაშვილმა უპასუხა, რომ „მსგავსი არაფერი მომხდარა“. კითხვაზე, იტკიებდა თუა არა საბა სხვიტარიძე რამეს, პოლიციის მაღალჩინოსანმა უპასუხა, რომ „მსგავსი არაფერი უთქვამს".
შეგახსენებთ, რომ საბა სხვიტარიძე მას შემდეგ, რაც ის საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა ზესტაფონის გზაზე შეაჩერეს და თბილისის მიმართულებით წამოიყვანეს, სწორედ მიხეილ სუჯაშვილმა მის კოლეგებთან ერთად გორში სამსახურებრივ მანქანაში გადმოისვა და თბილისის მთავარ სამმართველოში მიიყვანა.
ცნობისთვის, საბა სხვიტარიძეს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფას სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით გულისხმობს.
სახელმწიფო ბრალდების განმარტებით, სხვიტარიძის ქმედების შედეგად სამართალდამცავმა, თბილისის მთავარი სამმართველოს ერთ-ერთი სამმართველოს უფროსმა, მირიან ქავთარაძემ ფიზიკური დაზიანება მიიღო, კერძოდ კი, მას თავი ჰქონდა გატეხილი.
აღნიშნული ქმედება სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ამასთან, საქმეში დაზარალებულის სტატუსი აქვს საბა სხვიტარიძეს. ის სამართალდამცავების მხრიდან დაკავების შემდეგ ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის რამდენიმე ეტაპზე საუბრობს.