პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო პროექტი, რომლის თანახმად, საჯარო სამსახურში დასაქმებულებს, დამატებითი საქმიანობის განხორციელება და ამისთვის ანაზღაურების მიღება დაწესებულების ხელმძღვანელის წერილობითი თანხმობით შეეძლებათ

პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო პროექტი, რომლის ამოქმედების შედეგად, საჯარო სამსახურში დასაქმებულ პირებს დამატებითი საქმიანობის განხორციელება და ამ საქმიანობისთვის ანაზღაურების მიღება დაწესებულების ხელმძღვანელის წერილობითი თანხმობით შეეძლებათ. ასეთი წერილობითი თანხმობა კი, ერთი წლის ვადით უნდა გაიცეს.

იგივე პრინციპი მოსამართლეებზეც გავრცელდება.

ამასთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ უმრავლესობამ პარლამენტში “კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ კანონში ცვლილებები, თანმხლებ კანონპროექტებთან ერთად წარადგინა. პროექტი დღევანდელ სხდომაზე - 84 ხმით ერთხმად, მესამე მოსმენით მიიღეს.

ჯერ კიდევ მოქმედი კანონით, საჯარო მოსამსახურეს უფლება არა აქვს ასრულებდეს რაიმე ანაზღაურებად სამუშაოს, თუმცა ეს შეზღუდვა სამეცნიერო, პედაგოგიურ ან შემოქმედებით საქმიანობაზე არ ვრცელდება. კანონში განხორციელებული ცვლილებებით კი, საჯარო მოსამსახურეს სამეცნიერო, პედაგოგიური, შემოქმედებით საქმიანობა შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელის ან კანონით განსაზღვრული უფლებამოსილი პირის წერილობითი თანხმობის საფუძველზე შეეძლება.

ამავე პროექტით, ხელმძღვანელის წერილობითი თანხმობა დასჭირდებათ საჯარო სამსახურებსა და სსიპ-ებში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირებს იმისთვის, რომ მათ სხვა ანაზღაურებადი სამუშაოდან სარგებლის მიღება შეძლონ.

როგორც პროექტის ავტორები აცხადებენ, მსგავსი მიდგომით გატარებული იქნება პრევენციული ღონისძიებები, “რათა საჯარო მოხელეებმა არ დაუშვან თავიანთი პირადი ინტერესებისა და კუთვნილების კომპრომისზე გადაწყვეტილების მიღება“.

ამასთან, როგორც პროექტის საპარლამენტო განხილვაზე ითქვა, პარლამენტში წარდგენილი ინიციატივა მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისით, რომ სახელმწიფო უწყებებში უცხო ქვეყნის ჩარევა არ ხდებოდეს.

„როდესაც უცხო ქვეყნის ორგანიზაცია ან საელჩო წყვეტს, თუ რომელი მოსამართლე მიიწვიოს სადღაც, ლექციებისთვის სამჯერ მეტი ანაზღაურება მისცეს, ვოიაჟები დაუფინანსოს და მის გადაწყვეტილებებზე გავლენა მოხდეს, ეს არის დაუშვებელი", - განაცხადა სოზარ სუბარმა კანონის პროექტის საკომიტეტო განხილვისას.

„ქართული ოცნების“ დეპუტატმა, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ განხილვების დროს დაადასტურა, რომ კანონში დაგეგმილი ცვლილებების მიზანი “საჯარო სამსახურის შიდა და გარე ჩარევებისგან დაცვაა“.

„საჯარო მოსამსახურეებს მთელი პასუხისმგებლობა უნდა ჰქონდეთ სახელმწიფო ინსტიტუტების და საზოგადოების მიმართ და არა იმ ორგანიზაციების მიმართ, რომლებიც გარკვეული სარგებლის ან შემოსავლის სახით ახალ წყაროს გაუჩენენ და ამ წყაროდან გამომდინარე, მათზე იქნებიან დამოკიდებული.

ვალდებული ვართ, ქართული საზოგადოების ინტერესებიდან გამომდინარე ვიმოქმედოთ. უნდა არსებობს პრევენციული მექანიზმები.

პირველადი არის საჯარო სამსახური. როცა სხვა გარე სამსახურთან დაკავშირებულ საქმიანობას ეწევი, დიახ, ეს უნდა შეთანხმდეს დაწესებულების ხელმძღვანელთან!", - განაცხადა არჩილ გორდულაძემ საკომიტეტო განხილვისას.

რამაზ საყვარელიძე - ყველაფერს აჯობებს, ოპოზიციამ თავი რომ დაანებოს უბორბლებო, ანუ უშედეგო ველოსიპედის გამოგონებას
ქართული პრესის მიმოხილვა 24.04.2025
„მაკდონალდს საქართველოს“ თბილისში, რიგით 26-ე ახალი რესტორანი შეემატა
საჩუქარი ლოქერის მომხმარებლებს - ინოვაციური ტექნოლოგიები, კომფორტული მომსახურება და ყოველთვის სარგებლიანი შეთავაზებები PSP-სგან
24 აპრილს Touch Plarform-ის ორგანიზებით თბილისში რიგით მეორე საერთაშორისო ციფრული დიზაინ ფესტივალი Touch RGB გაიმართება
„არდი დაზღვევის“ გენერალური დირექტორი - „არდის“ და Liv Hospital Group-ის სტრატეგიული პარტნიორობა მნიშვნელოვანი ნაბიჯია საქართველოს ჯანმრთელობის დაზღვევის სექტორის განვითარებისთვის