აშშ-ს საელჩო ადასტურებს, რომ საქართველოს საკითხზე სახელმწიფო დეპარტამენტის კომენტარი ავთენტურია

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო ადასტურებს, რომ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის კომენტარი, რომელსაც სააგენტო­ globalnews.ge აქვეყნებს, ავთენტურია. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საელჩოს პრესსამსახურში განუცხადეს.

შეგახსენებთ: სახელმწიფო დეპარტამენტმა globalnews.ge-ს შეკითხვას, თუ როგორია საქართველოში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით შეერთებული შტატების პოზიცია, წერილობით უპასუხა.

კერძოდ, www.globalnews.ge-მ სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერს, ტემი ბრუსს, ბრიფინგზე შემდეგი შეკითხვა დაუსვა:

„გქონდათ თუ არა რაიმე კომუნიკაცია საქართველოში მმართველ პარტიასთან? და თუ ასეა, შეგიძლიათ გაგვიზიაროთ, რა ტიპის კომუნიკაცია არსებობს ახლა თქვენ შორის? როგორც იცით, საქართველოში ძალიან მძიმე ვითარებაა, ქართველი ხალხი და საერთაშორისო საზოგადოება არჩევნების შედეგებს არ აღიარებს. დაკავებულები არიან აქციების მშვიდობიანი მონაწილეები, ასევე, ამჟამად ციხეში დამოუკიდებელი ჟურნალისტი იმყოფება. სწორედ ამ გარემოებების გათვალისწინებით, როგორია თქვენი ხედვა საქართველოში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით?"

სახელმწიფო დეპარტამენტისგან მიღებულ ოფიციალურ პასუხს უცვლელად გთავაზობთ:

"ჩვენ განვაგრძობთ ჩვენი მიდგომის შეფასებას საქართველოს მიმართ ამერიკული ინტერესების წინსვლისთვის. აშშ-მა ნათლად დააფიქსირა ის ნაბიჯები, რომელთა გადადგმაც საქართველოს მთავრობას შეუძლია, რათა აჩვენოს, რომ სერიოზულად არის განწყობილი აშშ-თან ურთიერთობის გაუმჯობესებისთვის.

რაც შეეხება “ქართული ოცნების” მთავრობის მიერ განხორციელებულ განგრძობით ანტიდემოკრატიულ ქმედებებს - როგორც ვიცე-პრეზიდენტმა ვენსმა მიუნხენში აღნიშნა, დემოკრატიული მანდატის მოპოვება ვერ მოხდება მოწინააღმდეგეების ცენზურით ან ციხეში ჩასმით, ასევე ვერ მოიპოვებთ მას, ძირითადი ელექტორატის პოზიციის უგულებელყოფით, თუ ვინ უნდა გახდეს ჩვენი საერთო საზოგადოების ნაწილი.

შეერთებული შტატები, 33 წლის განმავლობაში, საქართველოსა და ქართველი ხალხის პარტნიორია და ამ ხნის განმავლობაში ძლიერი მხარდამჭერი საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის საკითხებში“, - ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტისგან მიღებულ წერილში, რომელსაც გამოცემა აქვეყნებს.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 28.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო