გაეროს ქალთა ორგანიზაცია - საქართველოში ქალები აუნაზღაურებელი ზრუნვის შრომაზე, მაგალითად, სახლის დალაგებაზე, საჭმლის მომზადებაზე, ბავშვისა და მოხუცის მოვლაზე, 5-ჯერ მეტ დროს ხარჯავენ, ვიდრე კაცები

გაეროს ქალთა ორგანიზაცია აუნაზღაურებელი ზრუნვის შრომის გადანაწილებაზე ცნობიერების ამაღლების კამპანიას იწყებს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გაეროს ქალთა ორგანიზაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, კამპანიის ფარგლებში გათვალისწინებულია საინფორმაციო შეხვედრებისა და დისკუსიების მოწყობა ახალგაზრდებთან.

„საქართველოში ქალები აუნაზღაურებელი ზრუნვის შრომაზე, მაგალითად, სახლის დალაგებაზე, საჭმლის მომზადებაზე, ბავშვისა და მოხუცის მოვლაზე, 5-ჯერ მეტ დროს ხარჯავენ, ვიდრე კაცები. ეს წელიწადში დაახლოებით 2,5 მილიარდი საათი და 10 მილიარდი ლარია.ზრუნვის შრომის გარეშე ნებისმიერი ოჯახისა თუ საზოგადოების ცხოვრება წარმოუდგენელია, თუმცა მას შრომას იშვიათად უწოდებენ. შეუმჩნეველი რჩება ქალების ძალისხმევაც, მიუხედავად იმისა, რომ დროის ასეთი არათანაბარი გადანაწილება ნეგატიურად უპირველესად, მათ პროფესიულ რეალიზებაზე, განვითარებასა და ცხოვრების ხარისხზე აისახება.

ამ თემის ირგვლივ საზოგადოების ინფორმირებას გაეროს ქალთა ორგანიზაციის ცნობიერების ამაღლების კამპანია „გადაინაწილე ზრუნვა“ ემსახურება, რომელიც ძირითადად ონლაინსივრცეში მიმდინარეობს. მულტიმედია მასალებითა და ინფლუენსერების მონაწილეობით, ის ყურადღებას აუნაზღაურებელი ზრუნვის შრომის მნიშვნელობასა და მისი გადანაწილების აუცილებლობაზე ამახვილებს. საგულისხმოა, რომ ინიციატივაში ჩართულია ონლაინმაღაზია Veli Store-ც, რომელიც შესაბამის საინფორმაციო მასალებს საკუთარ მომხმარებლებში ავრცელებს.

კამპანიის ფარგლებში გათვალისწინებულია საინფორმაციო შეხვედრებისა და დისკუსიების მოწყობა ახალგაზრდებთან. თემატური ღონისძიებები 5 უნივერსიტეტში გაიმართება და აუნაზღაურებელი შრომის ირგვლივ მსჯელობას მიეძღვნება. კამპანიას გაეროს ქალთა ორგანიზაცია კრეატიულ სააგენტო „ლივინგსტონთან“ ერთად ახორციელებს.

აუნაზღაურებელი ზრუნვის შრომის არათანაბარი გადანაწილების მიზეზი უპირველესად გენდერული სტერეოტიპებია. გაეროს ქალთა ორგანიზაციის „გენდერული თანასწორობის მიმართ დამოკიდებულების კვლევა საქართველოში“ ამბობს, რომ ჩვენს ქვეყანაში ყოველი მე-2 ადამიანის აზრით, ბავშვების დაბანა, კვება, მათთვის საფენის გამოცვლა უფრო დედის პასუხისმგებლობაა. ამას გარდა, 71% მიიჩნევს, რომ ქალები ნაკლებს უნდა მუშაობდნენ და ოჯახზე ზრუნვას მეტ დროს უთმობდნენ. საგულისხმოა ისიც, რომ საქართველოში ყველა ოჯახს არ მიუწვდება ხელი საბავშვო ბაღებზე, დღის ცენტრებზე, გახანგრძლივებულებსა და შინ მოვლის მომსახურებებზე. შესაბამისად, კამპანიის „გადაინაწილე ზრუნვა“ ერთ-ერთი მიზანი სტერეოტიპების ირგვლივ დისკუსიის დაწყება, ზრუნვის შრომის გადანაწილების პოპულარიზაცია და შესაბამისი პოლიტიკის დანერგვის ხელშეწყობაცაა.

კამპანია, რომელიც მაისში დასრულდება, გაეროს ქალთა ორგანიზაციის პროექტის „ქალთა ლიდერობა დემოკრატიისთვის საქართველოში“ ფარგლებში, შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება”, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია