ჰარვარდის უნივერსიტეტი კავკასიის უნივერსიტეტთან თანამშრომლობით აღმასრულებელი ლიდერობის პროგრამას იწყებს

კავკასიის უნივერსიტეტმა და ჰარვარდის უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების პროფესიული და აღმასრულებელი განვითარების პროგრამების ცენტრმა თანამშრომლობა დაიწყო.

თანამშრომლობა გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women Georgia) მხარდაჭერითა და დანიის მთავრობისა და ნორვეგიის განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს (NORAD) დაფინანსებით ხორციელდება.

ჰარვარდის პროფესორების მიერ შექმნილი უნიკალური ლიდერობის პროგრამა, რომელიც რეგიონში ფინანსურ სექტორში დასაქმებული ქალების საჭიროებებზეა მორგებული, პირველად საქართველოში, კავკასიის უნივერსიტეტში განხორციელდება. პროგრამის მიზანია ქალ პროფესიონალთა უახლესი ცოდნითა და სტრატეგიული ლიდერობის უნარებით აღჭურვა.

პროგრამა - „ლიდერობა: ორგანიზაციული ცვლილებებისა და წარმატების მართვა“ 2025 წლის ივნისში დაიწყება. კურსს უხელმძღვანელებს ჰარვარდის პროფესორი, ორგანიზაციული ქცევის, სტრატეგიისა და ლიდერობის ექსპერტი, ლორი პასკალი, რომელსაც აკადემიურ და ფინანსურ ინდუსტრიაში მოღვაწეობის 30 წელზე მეტი გამოცდილება აქვს.

ინტენსიური სამდღიანი პროგრამა შემუშავებულია რეგიონის ფინანსური სექტორის საშუალო და მაღალი რგოლის ქალი პროფესიონალებისთვის, რომლებიც მოტივირებულები არიან, ორგანიზაციაში განახორციელონ ცვლილებები და გაიუმჯობესონ ლიდერული უნარები. კურსში ინტეგრირებულია ინტერაქციული ლექციები, შემთხვევების/ქეისების ანალიზი, გუნდური სავარჯიშოები, სტრატეგიული დისკუსიები და ისეთი აქტივობები, რომლებიც მონაწილეებს მიღებული ცოდნის პრაქტიკაში მყისიერი დანერგვის შესაძლებლობას მისცემს.

პროგრამაში შერჩეული მონაწილეები წარმოადგენენ იმ ფინანსურ ინსტიტუტებს, რომლებიც გაეროს ქალთა გაძლიერების პრინციპების (WEPs) ხელმომწერები არიან.

საქართველოში ჩატარებული ინტენსიური პირისპირი შეხვედრების შემდგომ, ჰარვარდის წამყვანი პროფესიონალები კურსდამთავრებულებს დისტანციურად გაუწევენ მენტორობას, რაც მიღებულ ცოდნას კიდევ უფრო გაამყარებს, მის ეფექტიანობასა და პრაქტიკულ მნიშვნელობას კი გაზრდის.

კავკასიის უნივერსიტეტისათვის ჰარვარდთან თანამშრომლობა კიდევ ერთი შესანიშნავი შესაძლებლობაა, განახორციელოს მსოფლიო დონის საგანმანათლებლო პროგრამა საქართველოში. აღნიშნული ცხადყოფს უნივერსიტეტის ინტერნაციონალურ მისწრაფებებს გლობალური განათლებისა და ლიდერობის განვითარების მიმართ.

ჰარვარდის ამ უნიკალურ პროგრამაზე რამდენიმე ადგილი ჯერ კიდევ თავისუფალია.

დაინტერესების შემთხვევაში დაგვიკავშირდით: Ir@cu.edu.ge elene.gabelaia@unwomen.org

(R)

ვიტალი ბალა - უკრაინა ახლა პოლიტიკური კრიზისის ზღუბლზეა, იმედი მაქვს, ის პრობლემები, რომელიც უკრაინის უმაღლეს ეშელონებშია, გავლენას არ იქონიებს რუსეთის წინააღმდეგ მიმდინარე  ომზე
ქართული პრესის მიმოხილვა 16.07.2026
Café del Mar საქართველოშია - VR Holding-მა მსოფლიო ბრენდის პირველი ოფიციალური Beach Club გახსნა
წინანდლის ფესტივალს „სილქნეტი“ მერვედ წარადგენს