ერთ-ერთი საშაურმის თანამშრომლის, 22 წლის თამაზ მთივლიშვილის მკვლელობაში ბრალდებულ გიორგი პაპაშვილის და ასევე, 4 პირის - ვერიკო კაპანაძის, ლუკა გვენეტაძის, საბა რობაქიძის და ბაირამ ალი გუსეინოვის მიმართ, რომელთაც განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავებიან, აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა ძალაში დარჩა.
აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ლელა მარიდაშვილმა მიიღო.
დღევანდელ სასამართლო პროცესზე დაკავებულებისა და ძებნაში მყოფი პირის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გადაისინჯა და ძალაში დარჩა.
როგორც საქმის პროკურორი ლევან ვეფხვაძე განმარტავდა, გიორგი პაპაშვილმა თამაზ მთივლიშვილის მკვლელობა განსაკუთრებული სისასტიკით ჩაიდინა, რისი შემსწრეც დანარჩენები იყვნენ, თუმცა, მათ არც სამართალდამცავებს შეატყობინეს და არც მთივლიშვილის გადარჩენას შეეცადნენ.
ვეფხვაძის თქმით, პაპაშვილმა მთივლიშვილი მკვლელობის დილასაც განსაკუთრებულად ცემა, იძალადა, რასაც ბაირამოვმა თვალი ადევნა, თუმცა, ის არ ჩარეულა.
პროკურორის თქმითვე, სასტიკი მკვლელობის შემდეგ მოკლულს ბრალდებულებმა გადასაფარებელი მიაფარეს, თითქოს, წაიქცა და ისე გარდაიცვალა.
ვეფხვაძის განმარტებით, საქმეზე ვიდეოკამერების ჩანაწერებია ამოღებული, სადაც არც ერთ მათგანს არ ეტყობა, რომ ფსიქოლოგიური წნეხის ქვეშ იმყოფება. პროკურორის თქმით, შემთხვევის ადგილს პირველი ლუკა გვენეტაძე ტოვებს და კამერებში ჩანს, ტელეფონში როგორ ახორციელებს გარკვეულ ქმედებას, პროკურორის თქმით, ის ვერ იტყვის, რომ ტელეფონი არ ჰქონდა და სამართალდამცავებს ვერ შეატყობინა.
ვეფხვაძის თქმით, დანაშაულის ჩადენის შემდეგ, ბრალდებულებმა სარფამდე მიაცილეს პაპაშვილი და გუსეინოვი. მიუხედავად შესაძლებლობისა, მათ პოლიციაში არ დარეკეს.
პროკურორმა უპასუხა ასევე დაცვის მხარის პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ ბრალდებულებმა გამოძიებასთან ითანამშრომლეს. ვეფხვაძის თქმით, დაკავებულმა პირებმა მაშინ მიაწოდეს საგამოძიებო უწყებას ინფორმაცია, რაც პოლიციისთვის მკვლელობის შესახებ ცნობილი გახდა და მთივლიშვილი უკვე იმდენი ხნის გარდაცვლილი იყო, გვამური ლაქები ჰქონდა.
დაკავებულების ადვოკატები აღკვეთის ღონისძიების სახით 5 000, 10 000, 15 000-ლარიანი გირაოს გამოყენებას ითხოვდნენ.
ცნობისთვის, 22 წლის თამაზ მთივლიშვილი 17 თებერვალს, საკუთარ დაბადების დღეზე განსაკუთრებული სისასტიკით, ცემის შედეგად, მათ შორის, მწვანილის საჭრელი დაფით მოკლეს. ის რამდენიმე დღის შემდეგ, მკვლელობაში ბრალდებულ გიორგი პაპაშვილის საცხოვრებელ სახლში იპოვეს.
მომხდართან დაკავშირებით სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში 5 პირი მიეცა, თუმცა, სამართალდამცავებმა თავდაპირველად 3 პირის დაკავება შეძლეს.
მკვლელობაში ბრალდებული გიორგი პაპაშვილი და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობაში ბრალდებული ბაირამ ალი გუსეინოვი შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ, მათ საქართველოს საზღვრის დატოვება შეძლეს.
მომხდართან დაკავშირებით მოკლულის მეგობრები არიან დაკავებული, რომლებიც ასევე მისი თანამშრომლები იყვნენ.
ბრალდებულებს - ვერიკო კაპანაძეს, ლუკა გვენეტაძეს, საბა რობაქიძეს, ბაირამ ალი გუსეინოვის განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავებიან.
ბაირამ ალი გუსეინოვს ინტერპოლი ამ დრომდე ეძებს, გიორგი პაპაშვილი კი საერთაშორისო ძებნის შემდეგ, რუსეთში დააკავეს.