საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, სტუდენტებმა და პროფესორ-მასწავლებლებმა 9 აპრილის გმირთა ხსოვნას პატივი მიაგეს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ, სტუდენტებმა და უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებმა საქართველოს დამოუკიდებლობისთვის 1989 წლის 9 აპრილს დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს და ქაშვეთის წმინდა გიორგის ეკლესიაში მათი სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადეს.

ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

„36 წელი გავიდა 1989 წლის 9 აპრილის ტრაგიკული მოვლენებიდან, როდესაც საბჭოთა ჯარებმა უკიდურესი სისასტიკით, ძალადობრივად დაშალეს რუსთაველის გამზირზე შეკრებილი მრავალათასიანი, სამშობლოს სიყვარულით გულანთებული მშვიდობიანი დემონსტრაცია. იმ ავბედითმა მოვლენებმა ოცდაერთი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, მრავალი - დაშავდა. დაღუპულთა შორის იყვნენ ჩვენი უნივერსიტეტის სტუდენტები და კურსდამთავრებულები. სწორედ მათმა შეუპოვრობამ და სიმამაცემ ჩაუყარა საფუძველი ისტორიულ გარდატეხას ჩვენი ქვეყნის ისტორიაში.

დღეს პატივს მივაგებთ დაღუპულთა ხსოვნას - ჩვენს შვილებს, დებს, ძმებს, მეგობრებს. სამარადჟამოა მათი გმირობა - გმირობა, რომელმაც შეარყია საბჭოთა იმპერია, გამოაფხიზლა ეროვნული თვითშეგნება, გააძლიერა ჩვენი სწრაფვა თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისკენ.

ამ თარიღს ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ორმაგი დატვირთვა აქვს და, უსაზღვრო სევდასთან ერთად, უსაზღვრო სიხარულით აღსავსე დღეა - თავისუფლებისთვის დაღვრილმა სისხლმა საფუძველი ჩაუყარა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენას. ტრაგიკული მოვლენებიდან ორი წლის შემდეგ, 1991 წლის 9 აპრილს, საქართველოს ხელისუფლებამ, პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას ხელმძღვანელობით, დამოუკიდებლობის აღდგენის მოთხოვნით 1991 წლის 31 მარტს ჩატარებული რეფერენდუმის შედეგების საფუძველზე, საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი გამოსცა. საქართველოს კონსტიტუციაში კი ჩაიწერა: „საქართველო არის დამოუკიდებელი, ერთიანი და განუყოფელი სახელმწიფო“.

სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის გამოცემიდან 34-ე წლისთავს ვულოცავთ მთელ საქართველოს! ჩვენ ერთად ვაგრძელებთ სამართლიანი და დემოკრატიული ქართული სახელმწიფოს შენებას. წარმატებებს ვუსურვებთ საქართველოს მომავალ თაობას! დიდება 9 აპრილის გმირებს! დიდება საქართველოს! დიდება ბრძოლას თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის!“, - განაცხადა დავით გურგენიძემ.

ცნობისათვის, 1989 წლის 9 აპრილს დაღუპულ გმირთაგან ხუთი - ნატო გიორგაძე, გია ქარსელაძე, ნინო თოიძე, აზა ადამია და მანანა მელქაძე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები და კურსდამთავრებულები იყვნენ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიციას აუცილებლად უნდა ჰყავდეს მკვეთრად გამოხატული ერთი ლიდერი და ეს ლიდერი პოლიტიკაში შედარებით ახალი ფიგურა უნდა იყოს - სუფთა ხელებით, შეულახავი რეპუტაციით
ქართული პრესის მიმოხილვა 16.04.2026
WhiteBIT საქართველომ, ეროვნული ბანკისგან ბროკერის ლიცენზია მოიპოვა
„მეტროპოლ ლისი“ - ცხოვრება, როგორც დასვენება და სახლი, რომელიც ბუნებასთან ახლოს ჩაიფიქრე
„თეთრმა კვადრატმა“ პროექტების განვითარებისთვის 8 მილიონი აშშ დოლარი მოიზიდა
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში
„მაკდონალდს საქართველომ“ ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან (BTU) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმართება
#აჩუქეწიგნი, ჩაერთე კამპანიაში და იპოვე შენთვის საყვარელი ადამიანის მიერ დაწერილი პერსონალური წერილი „ბიბლუსის“ მაღაზიებში