ბათუმის საქალაქო სასამართლოში გამოცემა „ნეტგაზეთისა“ და “ბათუმელების” დამფუძნებლის მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესი დასრულდა.
დღეს ორი მოწმის გამოკითხვა მოხდა, რომლებიც პროკურატურამ სასამართლოს წარუდგინა. საქმეზე გამომძიებელი და პოლიციელი გამოიკითხნენ, რომლებიც უშუალოდ დაკავების და შემდგომ პროცესებში იყვნენ ჩართული. სასამართლო პროცესი 28 აპრილს გაგრძელდება.
გამოცემა “ბათუმელებისა” და “ნეტგაზეთის” დამფუძნებლის მზია ამაღლობელის ადვოკატმა მაია მწარიაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ სასამართლო პროცესზე პროკურატურამ საქმეში არსებული მოწმეები წარმოადგინა, რომლებმაც სასამართლოს ცრუ ჩვენება მისცეს. ადვოკატი გენერალურ პროკურატურას მიმართავს.
“დღეს პოლიციელები თავად იქცნენ ცრუ მოწმეებად, რაც არის ძალიან დიდი სირცხვილი. მთლიანად საპოლიციო ინსტიტუტების სრული დისკრედიტაცია. ყველა პოლიციელი მოდის და იძლევა ცრუ ჩვენებას არაერთ ეპიზოდში. ისინი არ თვლიან, რომ ეს სირცხვილია არა თუ დანაშაული.
ყველა ასეთ შემთხვევაზე ცრუ მოწმეობასთან დაკავშირებით რასაკვირველია გენერალური პროკურორისგან რეაგირებას მოვითხოვთ. რეაგირება აუცილებლად იქნება, დღეს თუ არა ხვალ… ამ საქმეს დიდი გაგრძელება ექნება”, - აღნიშნა ადვოკატმა.
ხოლო მზია ამაღლობელის საქმის პროკურორმა თორნიკე გოგეშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულება არის უტყუარი, მოწმეთა ჩვენებები ერთმანეთთან თანხვედრაშია.
რაც შეეხება პოლიციის მაღალჩინოსნის, ირაკლი დგებუაძის გამოკითხვას, მისი თქმით, კონკრეტული მოწმე, რომელ დღეს დაიკითხება, ვერაფერს იტყვის.
“დღევანდელ სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარის ორი მოწმე დაიკითხა. გამომძიებელი, რომელმაც რიგი საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარა, ასევე, მოწმე რომელიც ბრალდებულის მხრიდან დანაშაულის ჩადენის ფაქტის თვითმხილველია, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულება არის უტყუარი, მოწმეთა ჩვენებები ერთმანეთთან თანხვედრაშია.
ყველაზე მთავარია, “სისხლის სამართლის” საქმეზე ობიექტური მტკიცებულებაა წარმოდგენილი ვიდეო ჩანაწერი, რომელზეც ასახულია მომხდარი დანაშაული.
მოწმეებმა თავად მიუთითეს, როგორც ბრალდების, ასევე დაცვის მხარის შეკითხვებზე, აჩვენეს ვიდეო ჩანაწერზე მომენტი, როდესაც თავად არიან გამოსახული ვიდეო ჩანაწერებზე, მიუთითეს რა ფაქტობრივი გარემოებების თვითმხილველნი გახდნენ.
ობიექტური მტკიცებულებებით, ვიდეო ჩანაწერებით დასტურდება აღნიშნული გარემოება და შესაბამისად, მოწმეთა მიკერძოებულობაზე ან ტენდენციურობაზე საუბარი აბსოლუტურად ზედმეტია, რადგან მათი ჩვენებები თანხვედრაში ვიდეო ჩანაწერებთან.
დაცვის მხარე ამტკიცებს, რომ მოწმე არ ყოფილა და ვერ დაინახავდა იქ განვითარებულ მოვლენებს, რაც არის წარმოუდგენელი. ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ვიდეო ჩანაწერი, რომელიც სასამართლოს განჩინების საფუძველზე არის გამოტანილი, ერთვის “სისხლის სამართლის საქმეს” , მასში ეჭვის შეტანა შეუძლებელია, უწყვეტი კადრია და არ არის დამონტაჟებული. რამდენიმე სხდომა არის ჩანიშნული, ბრალდების მხარეს აქვს დრო წარმოადგინოს
მტკიცებულებები, შესაბამისად სხდომებზე ეტაპობრივად იქნება წარმოდგენილი კონკრეტული მოწმე [ირაკლი დგებუაძე] რომელ დღეს დაიკითხება, ვერაფერს გეტყვით ჯერ არ გადაგვიწყვეტია”, - აღნიშნა თორნიკე გოგეშვილმა.
მზია ამაღლობელს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით აქვს წაყენებული, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. მზია ამაღლობელი, ბათუმში, პოლიციის მთავარ სამმართველოსთან აქციის დროს თავდაპირველად ადმინისტრაციული წესით დააკავეს, დაახლოებით ორ საათში გამოუშვეს. გათავისუფლებიდან რამდენიმე წუთში კი, ის სამმართველოსთან კვლავ დააკავეს.