საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში საერთაშორისო სტუდენტური კონფერენცია - „ინტელექტუალური საკუთრების სამართლის აქტუალური საკითხები“ გაიმართა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე საერთაშორისო სტუდენტური კონფერენცია - „ინტელექტუალური საკუთრების სამართლის აქტუალური საკითხები“ - გაიმართა.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

მისივე ცნობით, კონფერენცია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვიცე-რექტორმა გახსნა.

როგორც პროფესორმა თამარ წერეთელმა აღნიშნა, 2021 წელს, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრს შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის შესაბამისად, მხარეები, ინტელექტუალური საკუთრების შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით, პერმანენტულად ახორციელებენ ერთობლივ სემინარებს, კონფერენციებს, სიმპოზიუმებს და სხვა ღონისძიებებს. მისი თქმით, კონფერენციის ორგანიზებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურმა. თბილისის მერიამ კონკურსის მონაწილეთათვის პრიზები დააწესა.

თამარ წერეთლის განცხადებით, საგანმანათლებლო პროცესში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია „საქპატენტის“, როგორც ქვეყანაში ინტელექტუალური საკუთრების პოლიტიკისა და სტრატეგიის განმსაზღვრელი ინსტიტუციის აქტიური ჩართულობა. სწორედ ამიტომ, „საქპატენტი“, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან და თბილისის მერიასთან ერთად, საერთაშორისო სტუდენტური კონფერენციის ორგანიზატორია.

„საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ტარდება კონფერენცია, რომელიც გადამწყვეტ მნიშვნელობას იძენს, როგორც აკადემიური და იურიდიული წრეებისთვის, ასევე ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის. დღევანდელი რეალობა, რომელიც ცოდნასა და ტექნოლოგიურ პროგრესზეა დამყარებული, გვიჩვენებს, რომ ინტელექტუალური საკუთრება ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი რესურსია. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ამაყობს იმით, რომ არის მეცნიერებისა და ინოვაციების წამყვანი ცენტრი. ჩვენი მკვლევრები, მეცნიერები და სტუდენტები ახალი იდეების, ინოვაციური აღმოჩენების განხორციელებასა და თანამედროვე გამოწვევების გადაჭრაზე მუშაობენ, რაც დაცვას საჭიროებს. ინტელექტუალური საკუთრების უფლებების გარეშე, ჩვენი მეცნიერების ნამუშევრები შეიძლება არაკეთილსინდისიერად იქნას გამოყენებული. ინტელექტუალური საკუთრების სამართალი მხოლოდ იურიდიული ფორმალობა არ არის - ეს არის საყრდენი, რომელიც იცავს შემოქმედებას, ახალისებს ინოვაციას და აფასებს შრომას. ამიტომაც არის ასე მნიშვნელოვანი დღევანდელი კონფერენცია, რომელიც საშუალებას გვაძლევს განვიხილოთ გამოწვევები, სამართლებრივი მექანიზმები და საუკეთესო პრაქტიკები, რათა უკეთ დავიცვათ გამომგონებელთა და ავტორთა უფლებები. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ამ პროცესში აქტიურად ჩავრთოთ ჩვენი სტუდენტებიც – მომავალი მეცნიერები, ინჟინრები და იურისტები. გილოცავთ კონფერენციის გახსნას და მადლობას გიხდით ამ მნიშვნელოვან დიალოგში მონაწილეობისთვის. თქვენი იდეები და ჩართულობა გვაძლევს იმედს, რომ ჩვენი უნივერსიტეტის და ქვეყნის მომავალი იქნება უფრო ინოვაციური, სამართლიანი და მეტად დაცული“, - აღნიშნა თავის გამოსვლაში თამარ წერეთელმა.

„კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს „საქპატენტის“ თავმჯდომარე სოსო გიორგაძემ, სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობის ფაკულტეტის დეკანმა მამუკა გიორგაძემ და თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილე ვასილ ქარსელაძემ.

კონფერენცია ჰიბრიდული რეჟიმით ჩატარდა: იტალიისა და ესტონეთის უნივერსიტეტების სტუდენტები ზუმ-პლატფორმის მეშვეობით ჩაერთნენ, ხოლო ქართული უნივერსიტეტების სტუდენტებმა მოხსენებები ადგილზე წარადგინეს.

სტუდენტური მოხსენებები სპეციალურმა, სამი წევრისგან (სტუ-ის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობათა ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი მირანდა გურგენიძე; „საქპატენტის“ გამოგონებისა და ახალი ჯიშების დეპარტამენტის უფროსი მერი მაჭარაშვილი; ქ. თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილე ვასილ ქარსელაძე) შემდგარმა ჟიურიმ შეაფასა.

ხუთი საუკეთესო მოხსენების ავტორი სტუდენტები: ნიცი გოდაბრელიძე (სტუ), რუსუდან სადღობელაშვილი (სტუ), ნუცა მარგიშვილი (თსუ), ანა ფაცაცია (თსუ) და საბა სეფერთელაძე (ბოლონიის უნივერსიტეტი, იტალია), ქ. თბილისის მერიის დაფინანსებით, ბაკურიანში სამეცნიერო-შემეცნებითი ახალგაზრდული ბანაკის საგზურებით დაჯილდოვდნენ.

კონფერენციის დასასრულს, ყველა მონაწილეს შესაბამისი სერტიფიკატები და, ქ. თბილისის მერიის დაფინანსებით, მოკლევადიან ახალგაზრდულ კულტურულ ღონისძიებებში მონაწილეობის მიზნით, საგზურები გადაეცათ. კონფერენციაზე წარმოდგენილი სამეცნიერო თეზისები, უახლოეს მომავალში, კრებულის სახით გამოიცემა“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

სტეპან  გრიგორიანი - ლავროვის გზავნილი სომეხი ხალხისთვის ასეთი იყო - რუსეთი უკრაინაში ბოლომდე იბრძოლებს, თქვენ კი გაფრთხილებთ - თუ  გააგრძელებთ ევროკავშირთან ინტეგრაციას, კარგ დღეში თქვენც არ იქნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 22.05.2025
ლევან ალაფიშვილი - „ქართული ოცნება“ ერთი მხრივ დემოკრატიულ ინსტიტუტებზე ახდენს თავდასხმას, ხოლო მეორე მხრივ რეპრესიულ მექანიზმებს აძლიერებს
„ბრიტანულ ქართული აკადემიის“ დამფუძნებლები „საქართველოს კაპიტალის“ ლონდონის საფონდო ბირჟიდან გარიცხვას ითხოვენ
შპს „წინანდლის ვენახები“ განცხადებას ავრცელებს
ნატო ჩხეიძე თეა წულუკიანს და საგამოძიებო კომისიას პასუხობს
ნატალია ქუთათელაძის გზა პირველი ყულაბიდან ფინანსურ სტაბილურობამდე - „ხალიკ ბანკი ყველაზე დიდი ყაზახური ფინანსური ინსტიტუტია საქართველოში - შესაბამისად, როცა საქმე ანაბარს ეხება, დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი ფინანსები სანდო ხელშია“
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის