ორგანიზებულ ჯგუფს ორგანიზება სჭირდება, სპონტანურად ჯგუფური მოქმედება დანაშაულად არ ჩაითვლება, სხდომაზე მივუთითეთ, რომ ბრალდების მხარეს წარმოედგინა არგუმენტი, რომელიც დაადასტურებდა ბრალდებულების ნაცნობობას - ერთადერთი გამოსავალი გამამართლებელი განაჩენის გამოტანაა,- ამის შესახებ პარლამენტთან მიმდინარე აქციების დროს დაკავებული გიორგი ტერიშვილის ადვოკატმა, ირაკლი ჩომახაშვილმა განაცხადა.
ირაკლი ჩომახაშვილის თქმით, დღევანდელ სასამართლო სხდომაზე, სადაც ბრალდების მხარემ დასკვნითი სიტყვა წარმოთქვა, არანაირი მტკიცებულებებით არ იყო გამყარებული.
"სასამართლომ სწორი გადაწყვეტილება მიიღო: ერთი, რომ გახსნა სასამართლო სხდომა დამსწრეთათვის და მეორე, რომ ერთ-ერთი ბრალდებული დააბრუნა სასამართლო პროცესზე.
ასევე, სასამართლომ მისცა ბრალდების მხარეს შესაძლებლობა, რომ დასკვნითი სიტყვით ესარგებლა, მაგრამ მათი სიტყვები არანაირი ფაქტით არ არის გამყარებული.
ჩვენ ვისარგებლეთ დასკვნითი სიტყვით და მოვიყვანეთ ყველა პრეცედენტი, რომელიც სასამართლოს აქამდე მიუღია, რომ ორგანიზებულ ჯგუფს - ორგანიზება სჭირდება, სპონტანურად ჯგუფური მოქმედება დანაშაულად არ ჩაითვლება. ასევე გვქონდა მითითება, რომ ბრალდების მხარეს წარმოედგინა არგუმენტი, რომელიც დაადასტურებდა ბრალდებულების ნაცნობობასა და ურთიერთობას, ამიტომ ერთადერთი გამოსავალი გამამართლებელი განაჩენის გამოტანაა",- განაცხადა ირაკლი ჩომახაშვილმა.
ცნობისთვის, პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული მსახიობის, ანდრო ჭიჭინაძის, იუმორისტ ონისე ცხადაძისა და კიდევ ცხრა პირის საქმე ერთ წარმოებად გაერთიანდა.
დაკავებულებს - ანდრო ჭიჭინაძეს, ონისე ცხადაძეს, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვს, ლუკა ჯაბუას, გურამ მირცხულავას, ვალერი თეთრაშვილს, გიორგი ტერიშვილს, ირაკლი ქერაშვილს, რევაზ კინაძესა და სერგეი კუხარჩუკს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინათ, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.
აღნიშნული დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.