საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სახალხო თეატრ-სტუდია „მოდინახეს“ თურქეთში გამართული საერთაშორისო სამოყვარულო თეატრალური ფესტივალის გრანპრი გადაეცა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სახალხო თეატრ-სტუდია „მოდინახემ“, თურქეთის რესპუბლიკის ქალაქ ანტალიაში გამართული საერთაშორისო სამოყვარულო ახალგაზრდული თეატრალური ფესტივალის - IFSAAT-2025 - მთავარი ჯილდო და სხვადასხვა ნომინაციებში პრიზები მოიპოვა.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

სტუ-ის ცნობით, საერთაშორისო ფესტივალზე „მოდინახეს“ დასი სამხატვრო ხელმძღვანელისა და რეჟისორ ნუგზარ ბუცხრიკიძის მიერ ვაჟა-ფშაველას ცნობილი ნაწარმოებისა და ალექსანდრე ბასილაიას ამავე სახელწოდების მუსიკალური კომპოზიციის მიხედვით დადგმული სპექტაკლით - „ჩხიკვთა ქორწილი“ წარსდგა. საუნივერსიტეტო თეატრ-სტუდიის სტუდენტური დასის სპექტაკლმა ფესტივალის ჟიური უმაღლესი შეფასება - გრანპრი და პირველი ადგილი დაიმსახურა.

მათივე ინფორმაციით, პრიზები ნომინაციებში - „საუკეთესო რეჟისორული ინტერპრეტაცია“ დასის სამხატვრო ხელმძღვანელსა და მთავარ რეჟისორ ნუგზარ ბუცხრიკიძეს, „საუკეთესო ქორეოგრაფია“ - სტუ-ის ნიკო მუსხელიშვილის საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკის თანამშრომელს, ცისანა კობახიძეს, ასევე, „მოდინახეს“ დირექტორსა და რეჟისორს, გიორგი ჭანტურიას გადაეცათ, ხოლო სპეციალური პრიზი - „ფესტივალის აღმოჩენა“ გიორგი ჭანტურიამ მოიპოვა.

როგორც საუნივერსიტეტო თეატრ-სტუდიის სამხატვრო ხელმძღვანელი და მთავარი რეჟისორი აღნიშნავს, სპექტაკლმა წარმატებით ჩაიარა და საერთაშორისო მაყურებლის ფართო მოწონება დაიმსახურა.

„ფესტივალ IFSAAT-2025-ზე მოპოვებული გამარჯვება გვაფიქრებინებს, რომ ჩვენი საუნივერსიტეტო დასის მთავარი გზავნილი ინტერნაციონალური მაყურებლის გულებს ჩასწვდა. ეს წარმატება ეკუთვნის არა მხოლოდ ნიჭიერ ახალგაზრდა მსახიობებს, არამედ ყველა იმ ადამიანს, ვინც მხარს უჭერს თეატრალური ხელოვნების განვითარებას საქართველოს უნივერსიტეტებში. განსაკუთრებული მადლობა ჩვენს რექტორს, აკადემიკოს დავით გურგენიძეს და უნივერსიტეტის ადმინისტრაციას - სტუდენტურ დასზე ზრუნვისა და ქვეყნის გარეთ საუნივერსიტეტო შემოქმედების პოპულარიზაციის უდიდესი მხარდაჭერისთვის. მათ ხელშეწყობის გარეშე წარმატების მიღწევა შეუძლებელი იქნებოდა. სიხარულით მინდა აღვნიშნო, რომ „ჩხიკვთა ქორწილმა” ანშლაგით ჩაიარა და ფესტივალის მთავარი პრიზიც მოიპოვა“, - განაცხადა ნუგზარ ბუცხრიკიძემ.

სტუ-ის ინფორმაციით, თურქეთის ქალაქ ანტალიაში გამართულ საერთაშორისო სამოყვარულო ახალგაზრდულ თეატრალურ ფესტივალში - IFSAAT-2025 - 20-ზე მეტი ქვეყნის ახალგაზრდულმა თეატრალურმა დასებმა მიიღეს მონაწილეობა.

ემილ ავდალიანი - ირანისთვის აშშ-თან მოლაპარაკებებში მთავარი მიზანი ისევ ჰორმუზის სრუტის ბერკეტად გამოყენება რჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 03.09.2026
წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი 3 სექტემბერს იხსნება — პრესკონფერენცია წინანდალში
Petra Group-სა და Mitsubishi-ს შორის სტრატეგიული პარტნიორობის მემორანდუმი გაფორმდა
Samsung Galaxy S26 FE - აქცენტი იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია