საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში „სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონის“ პრეზენტაცია გაიმართა

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ახალი 5-ტომეული გამოცემის - „სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონის“ ბეჭდური და ელექტრონული ვერსიების პრეზენტაცია გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას სტუ ავრცელებს.

უნივერსიტეტის ცნობით, საინჟინრო ლექსიკონი რამდენიმე წლის განმავლობაში სამშენებლო ფაკულტეტზე მუშავდებოდა. მისი ავტორები საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მეცნიერ-მკვლევრები - პროფესორი თამაზ ხმელიძე, რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, პროფესორი ლევან კლიმიაშვილი და დამოუკიდებელი მკვლევარ-დიზაინერი კახაბერ ხმელიძე არიან.

ახალი ტექნიკური გამოცემის წარდგენა IV საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული სემინარის - „გარემოს საინჟინრო დაცვის ევროპული ინოვაციური ტექნოლოგიები“ - ფარგლებში მოხდა. პრეზენტაციას ესწრებოდნენ ბელოსტოკის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის (Bialystok University of Technology, პოლონეთი) პროფესორი ლეჰ დენიზი, აკადემიკოს ი.ვ. ეგიაზაროვის სახელობის წყლის პრობლემებისა და ჰიდროტექნიკის ინსტიტუტის (სომხეთი) პროფესორი ოვანეს ტოკმანჯიანი, საერთაშორისო სამეცნიერო სემინარის მონაწილე მეცნიერები და ახალგაზრდა მკვლევრები სხვადასხვა ქვეყნიდან, სტუ-ის სამეცნიერო-აკადემიური წრეები და სტუდენტები.

როგორც სტუ-ის სამშენებლო ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა ზურაბ გვიშიანმა აღნიშნა, „სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონის“ შედგენაში, ძირითადი ავტორების გარდა, წვლილი შეიტანეს სამშენებლო ფაკულტეტის 48 პროფესორმა და სტუდენტებმა, ასევე, სხვადასხვა ორგანიზაციის წარმომადგენლებმა. გამოცემაში 16 350 ტერმინია თავმოყრილი. ზურაბ გვიშიანის თქმით, 5-ტომეულის ავტორთა მიზანია, ქართველ მშენებლებს, არქიტექტორებს, გეოლოგებს, ენერგეტიკოსებსა და ჰიდროინჟინრებს, ასევე აღნიშნული მიმართულებების სტუდენტებს, ბეჭდური და ელექტრონული ფორმით მიაწოდოს მშენებლობასა და მის მომიჯნავე დარგებთან დაკავშირებული ტერმინები და მათი სრულყოფილი განმარტებები.

ლექსიკონის ერთ-ერთი ავტორის, სამშენებლო ფაკულტეტის პროფესორ თამაზ ხმელიძის განცხადებით, ახალი გამოცემა სამიზნე ჯგუფებისთვის ხელმისაწვდომი, მოსახერხებელი, ილუსტრირებული და ამავდროულად, იოლად გასაგებ ენაზეა შედგენილი. თამაზ ხმელიძის თქმით, ლექსიკონი, რომელიც მშენებლობის ძირითადი მიმართულებების კლასიფიკაციას მოიცავს და მაქსიმალურად სრულყოფილად გადმოსცემს ტერმინებს, სიტყვებსა და ტექნიკურ ფრაზეოლოგიებს, სპეციალისტებს მშენებლობის დაპროექტება-განხორციელების პროცესში თანამედროვე მონაცემთა ელექტრონული ბაზების გამოყენების საშუალებასაც მისცემს. ამ მიზნით, ავტორებმა გამოიყენეს პროგრამა TLTERM-ი (ტერმინთა ბაზის პროფესიული რედაქტორი) და ტერმინოლოგიის მენეჯმენტის კომპიუტერული პროგრამა TLEX SUITE-ი.

როგორც „სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონის“ ერთ-ერთმა ავტორმა, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ აღნიშნა, ლექსიკონზე მუშაობა დაუსრულებელი პროცესია, რადგან ენა მუდმივად ცვალებადი ფენომენია, რომელიც ასევე მუდმივად ივსება ახალი სიტყვებით, ტერმინებითა და მცნებებით, ხოლო ეს პროცესი განსაკუთრებით აისახება მშენებლობის სფეროზე. დავით გურგენიძის თქმით, ლექსიკონზე მუშაობას ართულებს ის ფაქტიც, რომ განუწყვეტლივ იცვლება ტერმინთა და მცნებათა გამოყენების არეალი.

„მშენებლობის დიდი მასშტაბები, ქვეყნის ეკონომიკური განვითარების მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შექმნის ამოცანები მოითხოვს სამშენებლო ინდუსტრიის, კერძოდ, საშენი მასალების, კონსტრუქციების, ტექნოლოგიების, დაგეგმვის, მენეჯმენტის, დაპროექტების, გაანგარიშების მეთოდების, უსაფრთხოების ნორმების და სხვა მრავალი ნიუანსის გათვალისწინება-ასახვას. ვფიქრობთ, ეს ყველაფერი მჭიდრო კავშირშია სწავლების ხარისხის გაუმჯობესებასთან, სამეცნიერო კვლევებთან, IT ტექნოლოგიებსა და ინოვაციებთან. ვიმედოვნებთ, ახალი ხუთტომეული ლექსიკონი გაამდიდრებს, როგორც ქართულ ენას, ასევე, ახალგაზრდა სპეციალისტებს დარგის პროფესიონალებად ფორმირებაში შეუწყობს ხელს“, - განაცხადა დავით გურგენიძემ.

ლევან ლორთქიფანიძე - არაფერი მიანიშნებს, რომ „ქართული ოცნება“ საგარეო ორიენტირს ცვლის და აშშ-თან ან ევროკავშირთან პოლიტიკური ურთიერთობების დალაგებას ცდილობს, საქმე გვაქვს ეკონომიკური ან ლოჯისტიკური პრობლემების გადაწყვეტის მცდელობასთან
ქართული პრესის მიმოხილვა 07.05.2026
Gorenje-მ ფეხბურთის ლეგენდა ლუკა მოდრიჩი ბრენდის ელჩად დაასახელა: ნამდვილი სიდიადე სახლიდან იწყება
ერთიანი სისტემა წარმოებიდან მომხმარებლამდე - ვერტიკალური ინტეგრაციის მოდელი NMG-ში
50%-იანი ქეშბექი შოპინგზე - Bybit Georgia და City Mall ახალ კამპანიას იწყებენ
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვების მეორე ეტაპზე შეთავაზებული აპარტამენტები ერთ დღეში გაიყიდა
რძისა და რძის პროდუქტების მწარმოებელთა ასოციაცია „საქრძე“ უერთდება „საოჯახო კალათის“ ინიციატივას
კრიპტო უკვე თიბისის მობაილბანკშია