ვაშინგტონში საერთაშორისო კონფერენცია - „თანამშრომლობითი ჩართულობა და მშენებლები“ გაიმართა

ვაშინგტონში, ამერიკული არასამთავრობო ორგანიზაციების, „საერთაშორისო რელიგიის თავისუფლების სამდივნოსა“ (IRF Secretariat) და „გიყვარდეს შენი მეზობელი თემის“ (LYNC) ორგანიზებით, გაიმართა საერთაშორისო კონფერენცია „თანამშრომლობითი ჩართულობა და მშენებლები“ („Cooperative Engagement & Builders“), რომელშიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების წარმომადგენლებმა მიიღეს მონაწილეობა.

ამის შესახებ ინფორმაციას რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ავრცელებს.

მათივე ცნობით, ფორუმზე გამართული დისკუსიის ერთ-ერთი თემა იყო საქართველოს როლი სამხრეთ კავკასიაში.

კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარემ, ზაზა ვაშაყმაძემ.

რელიგიის სააგენტოს თავმჯდომარემ ისაუბრა საქართველოს სახელმწიფოს რელიგიური პოლიტიკის, სხვადასხვა რელიგიური ორგანიზაციების ურთიერთთანამშრომლობისა და სახელმწიფოს როლზე რელიგიებს შორის ტოლერანტული თანაცხოვრების განმტკიცებაში.

ფორუმზე გამოსვლისას, აქცენტი გაკეთდა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარების შესახებ.

„მარიონეტული რეჟიმების მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე, აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში, ირღვევა ადამიანის ფუნდამენტური უფლებები და თავისუფლებები, კერძოდ: საკუთრების უფლება, გადაადგილების თავისუფლება, რელიგიური აღმსარებლობის განხორციელების უფლება, ქალთა და ბავშვთა უფლებები. მართლმადიდებელ სასულიერო პირებს, რელიგიური მსახურების მიზნით, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლის უფლება არ აქვთ, მაშინ, როდესაც საკუთარ მრევლს ხვდებიან და რელიგიურ მსახურებას აღასრულებენ სხვადასხვა რელიგიის წარმომადგენელი სასულიერო პირები. ეთნიკურ-რელიგიური დისკრიმინაცია ხორციელდება მხოლოდ ქართველი მართლმადიდებლების, მხოლოდ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ღვთისმსახურთა მიმართ. ქართველ მართლმადიდებელ მრევლს ჩამორთმეული აქვს მშობლიურ ენაზე ღვთისმსახურების, რელიგიურ დღესასწაულებზე დასწრების უფლება. განსაკუთრებით რთული ვითარებაა დიდ რელიგიურ დღესასწაულებზე, როცა ეთნიკურად ქართველ მოსახლეობას წინაპრების საფლავების მონახულებაც კი ეკრძალებათ. პერიოდულად, ორივე ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიმდინარეობს ე.წ. რესტავრაციის პროცესი, რაც, სინამდვილეში, საუკუნეების წინ აგებულ ნაგებობებს პირვანდელ სახეს უკარგავს, რათა მისი კუთვნილების დადგენა, იდენტიფიცირება შეუძლებელი გახდეს, შლიან ქართულ კვალს, ყოველგვარ დასტურს იმისა, რომ ეს ტერიტორიები საქართველოს სახელმწიფოს განუყოფელი ნაწილია. ანალოგიურად, ვერ კონტროლდება სხვა კონფესიების საკულტო ნაგებობები - სინაგოგები, კათოლიკური ეკლესიები თუ მეჩეთები“, - განაცხადა ვაშაყმაძემ.

ზაზა ვაშაყმაძემ ისაუბრა მასპინძელ არასამთავრობო ორგანიზაციებთან აქტიურ თანამშრომლობაზე, შეეხო საქართველოს როლს რეგიონში რელიგიის თავისუფლების განმტკიცებაში და ახალი ინიციატივით გამოვიდა.

„საქართველოს, როგორც ტოლერანტობით გამორჩეულ ქვეყანას, ისტორიულად ეკისრება მისია, გახდეს რელიგიის თავისუფლების რეგიონული პლატფორმა, რომელიც მნიშვნელოვანი სივრცე იქნება რეგიონის ქვეყნებს შორის დიალოგისთვის, მათ შორის, ჩვენი მეზობელი და მეგობარი სომხეთისა და აზერბაიჯანისთვის. საქართველო საერთაშორისო მაგისტრალის, ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო გზის - ე.წ. შუა დერეფნის მნიშვნელოვანი რგოლია და ამდენად, კავკასიის რეგიონში მშვიდობა და სტაბილურობა დღეს არამხოლოდ ჩვენი ინტერესია“, - განაცხადა რელიგიის სააგენტოს თავმჯდომარემ.

ვახტანგ ძაბირაძე -  ხელისუფლება ღიად საუბრობს, რომ მას საქართველოში არ უნდა ევროპული არჩევნების ჩატარება, მთავარი ისაა, რომ ხელისუფლების ასეთ განცხადებებს ოპოზიციურ ელექტორატში ადეკვატური რეაქცია არ აქვს
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ნებისმიერი დონის არჩევნების ბოიკოტი გამოუსწორებელი შეცდომაა
ქართული პრესის მიმოხილვა 19.06.2025
„ზრუნვა წყალივით გვჭირდება“ - ნატურალური მინერალური წყალი „ბაკურიანი“ ახალ საკომუნიკაციო კამპანიას იწყებს
Herbalife „დაბალანსებული კვების“ კატეგორიაში ოქროს ბრენდის გამარჯვებული ზედიზედ მეოთხედ გახდა
Skillwill-ის კოლეჯს ავტორიზაცია მიენიჭა - პროფესიული განათლების ახალი ეტაპი საქართველოში
„სილქნეტის“ და „თიბისის“ ერთობლივი შეთავაზება - დაიბრუნე გადახდილი თანხის 30% ულიმიტო ინტერნეტის გააქტიურებისას