ევროპარლამენტი და ევროპული საბჭო ევროკავშირში მოკლევადიანი ვიზიტებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერების საფუძვლებზე შეთანხმდნენ

ევროპარლამენტისა და ევროპული საბჭოს გუნდები ევროკავშირში მოკლევადიანი ვიზიტებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერების საფუძვლებზე შეთანხმდნენ.

ევროკაპარლამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ევროკავშირში მოკლევადიანი ვიზიტებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერების მექანიზმის რეფორმა, რომელზეც დღეს შეთანხმდნენ, საშუალებას მისცემს ევროკავშირს უფრო მოქნილად უპასუხოს, ქვეყნების მიერ უვიზო მიმოსვლის შეთანხმების მნიშვნელოვანი პრინციპების უგულებელყოფას, რაც შეიძლება მოიცავდეს უსაფრთხოების საკითხებს და ადამიანის უფლებების დარღვევებს.

„მომავალში, გაერო-ს ქარტიის დარღვევა, ადამიანის საერთაშორისო უფლებების ან ჰუმანიტარული სამართლის უხეში დარღვევები და საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებების შეუსრულებლობა უვიზო რეჟიმის შეჩერების კანონიერი საფუძველი იქნება. ახალი კანონით, უვიზო რეჟიმის შეჩერების დამატებითი საფუძვლები მოიცავს ჰიბრიდულ საფრთხეებს, როგორიცაა მიგრანტების სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული ინსტრუმენტალიზაცია, რომელიც მიზნად ისახავს საზოგადოების დესტაბილიზაციას ან შერყევას და სქემები, რომელიც ინვესტორებისთვის მოქალაქეობის მინიჭებას ითვალისწინებს („ოქროს პასპორტები“), რომლებიც უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ შეშფოთებას იწვევს. ქვეყნის შეუსაბამობა ევროკავშირის სავიზო პოლიტიკასთან, რაც მას, პოტენციურად, ევროკავშირში უკანონო შესვლის ტრანზიტულ ქვეყნად აქცევს, ასევე უვიზო რეჟიმის შეჩერების კანონიერი საფუძველი იქნება. შენარჩუნდება არსებული საფუძვლები, მათ შორის ხელახალი მიღების საკითხში თანამშრომლობის ნაკლებობა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ევროპარლამენტში განმარტავენ, რომ ასევე შენარჩუნდება არსებული საფუძვლები, მათ შორის რეადმისიის საკითხში თანამშრომლობის არ არსებობა.

ევროკავშირის ინფორმაციით, ევროპული საბჭო და ევროპარლამენტი ასევე შეთანხმდნენ მექანიზმის იმგვარად გაუმჯობესებაზე, რომ უვიზო მიმოსვლის შეზღუდვა მხოლოდ იმ გადაწყვეტილების მიმღებ პირებზე გავრცელდეს, რომლებიც პასუხისმგებლები არიან ფუნდამენტური უფლებებისა და საგარეო ურთიერთობების ვალდებულებების დარღვევაზე.

„ამჟამად, შეჩერების მეორე ფაზა ყველა მოქალაქეზე ვრცელდება, მაგრამ ეს შეიძლება არაპროპორციული იყოს იმ შემთხვევაში, თუ მთავრობა აშკარად არის პასუხისმგებელი სიტუაციაზე. ახალი წესების თანახმად, დამატებითი 24-თვიანი შეჩერების ფაზა ავტომატურად არ იმოქმედებს მთელ მოსახლეობაზე. ამის ნაცვლად, ზემოთ ჩამოთვლილ სიტუაციებში, ევროკავშირს შეუძლია გადაწყვიტოს და ის მთავრობის წარმომადგენლებისა და დიპლომატებისკენ მიმართოს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

იმისთვის, რომ შეთანხმებამ კანონის სახე მიიღოს, ის ოფიციალურად უნდა დამტკიცდეს როგორც ევროპარლამენტის, ასევე ევროპული საბჭოს მიერ.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია