განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადისათვის თავის არიდების ფაქტზე, ერთ-ერთი კომპანიის ერთი ხელმძღვანელი, თურქეთის მოქალაქე დააკავეს, მეორე ხელმძღვანელს, ბიჭიკო პაიკიძეს კი ახალი ბრალდება წაუყენეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადისათვის განზრახ თავის არიდების ფაქტზე, ერთ-ერთი კომპანიის ხელმძღვანელი, თურქეთის მოქალაქე დააკავა, ხოლო მეორე ხელმძღვანელს ვანის საკრებულოს „ქართული ოცნების“ დეპუტატს ბიჭიკო პაიკიძეს კი ახალი ბრალდება დაუსწრებლად წაუყენეს.

როგორც უწყებაში გამართული ბრიფინგიდან გაირკვა, ბრალდებულები სახელმწიფო ბიუჯეტში განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადების გადახდას თავს განზრახ არიდებდნენ.

„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურსა და საქართველოს გენერალურ პროკურატურასთან კოორდინაციით, 2025 წლის 25 სექტემბერს სასამართლოს განჩინების საფუძველზე, განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადისათვის განზრახ თავის არიდების ფაქტზე, ბრალდებულის სახით კომპანიის ერთ-ერთი ხელმძღვანელი, თურქეთის მოქალაქე ო.ბ. დააკავეს, ხოლო მეორე ხელმძღვანელ პირს ბ.პ.-ს, რომელსაც დატოვებული აქვს საქართველოს სახელმწიფო საზღვარი, ბრალდება დაუსწრებლად წარედგინა და მის მიმართ გამოცხადდება ძებნა.

გამოძიებით დადგინდა, რომ თბილისში რეგისტრირებული კომპანია წლების განმავლობაში სისტემატურად მონაწილეობდა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, ხაშურისა და ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტების, საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიისა და სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის“ მიერ გამოცხადებულ სახელმწიფო ტენდერებში და საქართველოს მასშტაბით ასრულებდა ნაპირსამაგრ სამუშაოებს.

კომპანიის დეკლარირებული ბრუნვა 17 მილიონ ლარს აღემატება. კომპანიის ხელმძღვანელი პირები, საქმიანობის განხორციელების პროცესში და საბიუჯეტო ორგანიზაციებიდან მილიონობით ლარის მიღების პარალელურად, სისტემატურად ახდენდნენ ბიუჯეტში გადასახდელი თანხების არასწორ დეკლარირებას, რითაც განზრახ თავს არიდებდნენ სახელმწიფო ბიუჯეტში განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადების გადახდას.

შემოწმების შედეგად, გადამხდელს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაერიცხა 1 423 887.91 ლარი, მათ შორის ძირითადი გადასახადის სახით 673 742 ლარი.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 218-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 5-დან 8 წლამდე ვადით.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური მომავალშიც გაატარებს საფინანსო-ეკონომიკურ სფეროში ჩადენილი დანაშაულის წინააღმდეგ სისხლის სამართლის მკაცრ პოლიტიკას და მეწარმე სუბიექტებს მოუწოდებს დროულად უზრუნველყონ სახელმწიფო ბიუჯეტის წინაშე არსებული საგადასახადო დავალიანების გადახდა”, - განაცხადა საგამოძიებო სამსახურის სამმართველოს უფროსის მოადგილემ, გუგა თავბერიძემ.

ემილ ავდალიანი - ირანის წინააღმდეგ აშშ-ის ახალი სამხედრო კამპანიის დაწყება საკმაოდ რეალისტურია, ასეთ შემთხვევაში საქართველოს, აზერბაიჯანისა და ცენტრალური აზიის გავლით არსებულ აღმოსავლეთ-დასავლეთის მარშრუტებს მეტი მნიშვნელობა მიენიჭება
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის
„სქილვილის“ პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე რეგისტრაცია 9 ოქტომბერს სრულდება - დარეგისტრირდით VET.GE-ზე