განათლების მინისტრი - უცხოელი სტუდენტების მიღება სახელმწიფო უნივერსიტეტებში, გამონაკლისი შემთხვევების გარდა, შეუძლებელი იქნება - უცხოელი სტუდენტი, რომელსაც სურს სწავლა საქართველოში, შეძლებს ჩააბაროს კერძო უნივერსიტეტებში

ჩვენ საჯარო თუ კერძო უნივერსიტეტში უკვე ჩარიცხულ ყველა სტუდენტს, უზრუნველვყოფთ დაფინანსების იმავე მექანიზმით, რომელიც აქამდე იყო მათთვის შეთავაზებული. 2026 წლიდან კი სახელმწიფო უნივერსიტეტებში ჩარიცხულ ყველა სტუდენტს სწავლას სრულად დაუფინანსებს სახელმწიფო, ანუ მათთვის სწავლა იქნება უფასო, - განაცხადა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ.

მინისტრის თქმით, ის, რომ უმაღლესი განათლების რეფორმა მეტად ორიენტირებულია სახელმწიფო უნივერსიტეტების მხარდაჭერასა და გაძლიერებაზე არახალია და რეფორმის დაანონსების დღიდან არის ცნობილი საზოგადოებისთვის, მათ შორის, უნივერსიტეტების წარმომადგენლებისთვის.

„უმაღლესი განათლების სისტემის ეროვნული რეფორმის დაანონსების დღიდან ჩვენ არაერთხელ აღვნიშნეთ, რომ რეფორმის მთავარი აქცენტი კეთდება სახელმწიფო უნივერსიტეტებზე. სწორედ სახელმწიფო უნივერსიტეტებმა უნდა შეასრულონ სახელმწიფოს დაკვეთები ბაზრის კვლევებისა და საჭიროებების მიხედვით. შესაბამისად, დაფინანსების ძირითადი რესურსების მობილიზება ამ პრინციპის გათვალისწინებით მოხდება. ეს სიახლეს არ წარმოადგენს. კერძო უნივერსიტეტებისთვისაც თავიდანვე იყო ცნობილი, რომ ახალი დაფინანსების მოდელი მთლიანად სახელმწიფო უნივერსიტეტებზე იქნება მიმართული.

რაც შეეხება კერძო უნივერსიტეტებს, სტუდენტები, რომლებიც მომდევნო სასწავლო წელს კერძო უნივერსიტეტებში ჩაირიცხებიან, სახელმწიფოსგან საგრანტო მხარდაჭერას აღარ მიიღებენ. კიდევ ერთხელ განვმარტავთ, რომ უკვე ჩარიცხულ სტუდენტებზე - მეორე, მესამე, მეოთხე კურსის, აგრეთვე მაგისტრატურის სტუდენტებზე - ეს შეზღუდვა არ გავრცელდება და მათთვის დაფინანსების არსებული კომპონენტი ძალაში დარჩება‘‘, - აღნიშნა მინისტრმა.

გივი მიქანაძემ უცხოელ სტუდენტებთან დაკავშირებითაც ისაუბრა, მისი თქმით, გარკვეული შეზღუდვები სახელმწიფო უნივერსიტეტებში ჩარიცხვისას მათაც შეეხება.

„უცხოელ სტუდენტებთან დაკავშირებით, მომდევნო სასწავლო წლიდან დაწესდება გარკვეული შეზღუდვები სახელმწიფო უნივერსიტეტებში. ამ მიზნით, იგეგმება საკანონმდებლო ცვლილებების შეტანა, რომლის თანახმადაც, უცხოელი სტუდენტების მიღება სახელმწიფო უნივერსიტეტებში, გამონაკლისი შემთხვევების გარდა, შეუძლებელი იქნება. გამონაკლისად განიხილება ორმხრივი შეთანხმებები, გაცვლითი და სპეციალური პროგრამები, რომლებიც კონკრეტულ უნივერსიტეტებს აქვთ სხვადასხვა ფორმატით.

საგულისხმოა, რომ ყველა ის უცხოელი სტუდენტი, რომელსაც სურს სწავლა საქართველოში, შეძლებს ჩააბაროს კერძო უნივერსიტეტებში. მოგეხსენებათ, დღეს მოქმედი 64 უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან მხოლოდ 19 არის სახელმწიფო, ხოლო 45 - კერძო. შესაბამისად, მათ თავისუფლად შეეძლებათ არჩევანი გააკეთონ და სასურველ კერძო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, სასურველ პროგრამაზე გააგრძელონ სწავლა",- განაცხადა მინისტრმა, რომლის კომენტარსაც სამინისტრო ავრცელებს.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიციას აუცილებლად უნდა ჰყავდეს მკვეთრად გამოხატული ერთი ლიდერი და ეს ლიდერი პოლიტიკაში შედარებით ახალი ფიგურა უნდა იყოს - სუფთა ხელებით, შეულახავი რეპუტაციით
ქართული პრესის მიმოხილვა 16.04.2026
WhiteBIT საქართველომ, ეროვნული ბანკისგან ბროკერის ლიცენზია მოიპოვა
„მეტროპოლ ლისი“ - ცხოვრება, როგორც დასვენება და სახლი, რომელიც ბუნებასთან ახლოს ჩაიფიქრე
„თეთრმა კვადრატმა“ პროექტების განვითარებისთვის 8 მილიონი აშშ დოლარი მოიზიდა
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში
„მაკდონალდს საქართველომ“ ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან (BTU) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმართება
#აჩუქეწიგნი, ჩაერთე კამპანიაში და იპოვე შენთვის საყვარელი ადამიანის მიერ დაწერილი პერსონალური წერილი „ბიბლუსის“ მაღაზიებში