ანდრო ჭიჭინაძე - გამორიცხულია რომელიმე სისხლის სამართლის დანაშაულის აღიარება, რადგან არანაირი სისხლის სამართლის დანაშაულს ადგილი არ ჰქონია - სხვა რეალობა უნდათ შემოგვთავაზონ, მაგრამ რეალობა ერთია

არც ერთ ეტაპზე, გამორიცხულია რომელიმე სისხლის სამართლის დანაშაულის აღიარება, რადგან არანაირი სისხლის სამართლის დანაშაულს ადგილი არ ჰქონია, - ამის შესახებ ჯგუფურ მოქმედებაში მსჯავრდებულმა მსახიობმა ანდრო ჭიჭინაძემ სასამართლო პროცესზე განაცხადა.

მან მას შემდეგ, რაც მისმა ადვოკატებმა შესავალი სიტყვები წარმოთქვეს, მცირე სიტყვით ისარგებლა.

„მადლობა [მოსამართლეს] იმისთვის, რომ მოხერხდა დავტეულიყავით. წინა სასამართლოებში მსგავს შუამდგომლობებს არანაირი შედეგი არ მოჰყოლია. ბევრს არ ვილაპარაკებ, ამ ადამიანებს, წინ რომ გვისხედან [პროკურორებს], უნდათ, რომ რეალობა დაგვანახონ სხვანაირად, ვგულისხმობ იმას, რომ სხვა რეალობა უნდათ შემოგვთავაზონ, მაგრამ რეალობა ერთია... არც ერთ ეტაპზე, გამორიცხულია რომელიმე სისხლის სამართლის დანაშაულის აღიარება, რადგან არანაირი სისხლის სამართლის დანაშაულს ადგილი არ ჰქონია. იმ „მტკიცებულებით“, რაც პროკურატურას აქვს მოტანილი, მაქსიმუმ, შეიძლება ადმინისტრაციულ დანაშაულზე ვისაუბროთ. რეალობის სხვანაირად წარმოჩენის მცდელობაა და ეს ამბავი არ გამოვა. როგორი გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღოთ, რეალობა ერთი იქნება“, - განაცხადა ჭიჭინაძემ.

ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლომ ორგანიზებულ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული 11 პირი - ანდრო ჭიჭინაძე, ონისე ცხადაძე, ჯანო არჩაია, რუსლან სივაკოვი, ლუკა ჯაბუა, გურამ მირცხულავა, ვალერი თეთრაშვილი, გიორგი ტერიშვილი, ირაკლი ქერაშვილი, რევაზ კიკნაძე და სერგეი კუხარჩუკი აღნიშნულ ბრალდებაში უდანაშაულოდ ცნო, თუმცა, ბრალდებას კვალიფიკაცია შეუცვალა - ისინი ჯგუფურ ქმედებაში მონაწილეობისთვის ცნო დამნაშავედ.მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა თითოეულ ბრალდებულს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

დაკავებულ 11 პირს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით ჰქონდათ წარდგენილი, რაც ორგანიზებულ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს, რაც სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 6-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ითვალისწინებს. მოსამართლე გალუსტაშვილმა აღნიშნული ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 226-ე მუხლზე გადააკვალიფიცირა, რაც ჯგუფურ მოქმედებაში აქტიურ მონაწილეობას გულისხმობს, რამაც საზოგადოებრივი წესრიგი დაარღვია.

პროკურატურა მსჯავრდებულების დამნაშავედ ცნობას თავდაპირველად წარდგენილი მუხლით ითხოვს, დაცვის მხარე კი საერთოდ გამამართლებელი განაჩენის გამოტანას.

ემილ ავდალიანი - ირანისთვის აშშ-თან მოლაპარაკებებში მთავარი მიზანი ისევ ჰორმუზის სრუტის ბერკეტად გამოყენება რჩება
ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
ქართული პრესის მიმოხილვა 03.09.2026
წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი 3 სექტემბერს იხსნება — პრესკონფერენცია წინანდალში
Petra Group-სა და Mitsubishi-ს შორის სტრატეგიული პარტნიორობის მემორანდუმი გაფორმდა
Samsung Galaxy S26 FE - აქცენტი იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია