საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სამუშაო ვიზიტით კრაკოვის AGH მეცნიერებისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის დელეგაცია იმყოფება

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სამუშაო ვიზიტით კრაკოვის AGH მეცნიერებისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის (AGH University of Science and Technology, პოლონეთი) გეოლოგიის, გეოფიზიკის და გარემოს დაცვის ფაკულტეტის დეკანის მოადგილეები და ფაკულტეტის პეტროგრაფიის ლაბორატორიის ხელმძღვანელი იმყოფებიან.

ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

მისივე ცნობით, კრაკოვის AGH მეცნიერებისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის დელეგაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამეთვალყურეო საბჭოს პრეზიდენტი, პროფესორი ზურაბ გუდავავაძე და სამთო-გეოლოგიური და მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტის წარმომადგენლები შეხვდნენ. მხარეებმა აკადემიური თანამშრომლობის გაღრმავებისა და ერთობლივი სამეცნიერო პროექტების განხორციელების პერსპექტივები, სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის გაცვლით პროგრამებში ჩართულობის, ასევე გეოლოგიისა და გარემოს დაცვის მიმართულებით კვლევითი თანამშრომლობის განვითარების შესაძლებლობები განიხილეს.

სტუ-ის სამეთვალყურეო საბჭოს პრეზიდენტის თქმით, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში კრაკოვის უნივერსიტეტის წარმომადგენელთა სამუშაო ვიზიტი მნიშვნელოვანი ნაბიჯია საერთაშორისო აკადემიური და სამეცნიერო თანამშრომლობის გაღრმავების მიმართულებით. როგორც პროფესორი ზურაბ გუდავაძე აცხადებს, AGH უნივერსიტეტი გეოლოგიის, გეოფიზიკისა და გარემოს დაცვის სფეროში ერთ-ერთი წამყვანი ევროპული საგანმანათლებლო და კვლევითი ცენტრია. შეხვედრის ფარგლებში განხილული საკითხები ხელს შეუწყობს როგორც სტუ-ის სამთო-გეოლოგიური და მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტის, ისე უნივერსიტეტის საერთაშორისო ინტეგრაციასა და სამეცნიერო პოტენციალის ზრდას.

„კრაკოვის AGH მეცნიერებისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან, რომელიც ევროპაში ლიდერია სამთო-გეოლოგიური მიმართულებით, ჩვენი თანამშრომლობა სტრატეგიულ ეტაპზე გადადის. ეს ვიზიტი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ორი მთავარი მიმართულებით: პირველი, ეს არის მდგრადი განვითარება. თანამედროვე სამთო საქმე წარმოუდგენელია გარემოსდაცვითი სტანდარტების გარეშე. ჩვენი პოლონელი კოლეგები წარმოადგენენ ფაკულტეტს, რომელიც გეოლოგიასა და გარემოს დაცვას აერთიანებს. მათი გამოცდილების გაზიარება დაგვეხმარება, სასწავლო პროცესში კიდევ უფრო მყარად დავნერგოთ „მწვანე ტექნოლოგიები“ და რესურსების მოპოვების ისეთი მეთოდები, რომლებიც მინიმუმამდე დაიყვანს ეკოლოგიურ ზეგავლენას. ჩვენი მიზანია მოვამზადოთ სპეციალისტები, რომლებმაც იციან, როგორ დაიცვან ბალანსი ინდუსტრიულ განვითარებასა და გრემოსდაცვით გამოწვევებს შორის. მეორე და უმთავრესი, ეს არის პირდაპირი სარგებელი ჩვენი სტუდენტებისთვის. დელეგაციაში პეტროგრაფიის ლაბორატორიის ხელმძღვანელის ყოფნა ნიშნავს, რომ ვიწყებთ მუშაობას კვლევითი მეთოდების დახვეწაზე. სტუდენტებისთვის ეს ნიშნავს წვდომას თანამედროვე ლაბორატორიულ პრაქტიკაზე და რაც მთავარია, რეალურ პერსპექტივას გაცვლით პროგრამებში. ჩვენ ვქმნით გარემოს, სადაც სტუდენტს ექნება შესაძლებლობა, ჩაერთოს ევროპულ კვლევებში, გაიაროს სტაჟირება პოლონეთში და გახდეს კონკურენტუნარიანი კადრი არა მხოლოდ ადგილობრივ, არამედ საერთაშორისო შრომის ბაზარზე“, - აცხადებს ზურაბ გუდავაძე.

სტუ-ის ინფორმაციით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და კრაკოვის AGH მეცნიერებისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის წარმომადგნელები შეთანხმდნენ თანამშრომლობის გაღრმავებაზე, რომლის ფარგლებშიც უახლოეს დღეებში ხელი მოეწერება უნივერსიტეტებს შორის თანამშრომლობის მემორანდუმს და დაიწყება ერთობლივი, ორდიპლომიანი ინგლისურენოვანი სასწავლო სამაგისტრო პროგრამის შექმნაზე მუშაობა, ასევე უნივერსიტეტებს შორის დაიწყება ERASMUS+ და ERASMUS K171-ის ფარგლებში თანამშრომლობა, სტუდენტთა საზაფხულო სკოლის პროექტზე ერთობლივი მუშაობა, ასევე მხარეები შეთანხმდნენ ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ჩარჩო პროგრამაში „ჰორიზონტი ევროპის“ ფარგლებში ერთობლივი საგრანტო პროექტების შემუშავების თაობაზე.

ჰოვსეპ ხურშუდიანი - რუსეთიდან სომხეთში 20 მაისის შემდეგ ყოველ დღე ორმაგი მოქალაქეობის მქონე მოქალაქეები 30-36 თვითმფრინავით ჩადიან, სავარაუდოდ, რუსეთიდან სომხეთში არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად 100 000 მოქალაქეა ჩასული
ქართული პრესის მიმოხილვა 04.06.2026
კავკასიის მედიცინის ცენტრის განახლებული სამკურნალო-დიაგნოსტიკური ჰაბი - სივრცე, სადაც „მთავარი შენ ხარ“
არგვეთას „სმარტში“ ახალი გასტრონომიული სივრცე - Smart Bakery გაიხსნა
„ბორჯომი“ კიდევ ერთ ინოვაციურ პროდუქტს წარმოგიდგენთ
ტვინის დაავადებების მკურნალობა თურქეთში: რას გთავაზობთ აჯიბადემის კლინიკა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია