მიხეილ სააკაშვილი სასამართლო პროცესზე - არის უიმედობა, სასოწარკვეთილება, მაგრამ მე მოვედი, რომ გითხრათ: იმედი არის და თავისუფლება, ბედნიერება ერთი ხელის გაწვდენაზეა

ეს არის კლასიკური მაფიოზური სისტემა, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა დღევანდელ სასამართლო პროცესზე განაცხადა. მისი განმარტებით, „ქართული ოცნება“ საერთაშორისო საზოგადოებისგან იზოლირებულია და საზოგადოებაში შიშის დათესვას ცდილობს.

„არის უიმედობა, სასოწარკვეთილება, მაგრამ მე მოვედი, რომ გითხრათ - იმედი არის და თავისუფლება, ბედნიერება ერთი ხელის გაწვდენაზეა. რეჟიმი იზოლირებულია არა მხოლოდ ცივილიზებული სამყაროსგან და ჩვენი მეზობლებისგან, არამედ ოკუპანტი რუსეთისგანაც კი“, - განაცხადა სააკაშვილმა.

მისივე თქმით, ერთადერთი, რაზეც დიქტატურა ადგას, ინერტულობა და შიშია.

„ვინაიდან არის უზარმაზარი ფინანსური რესურსი და სრული დაუდევრობა, ჩვენ უნდა დავუპირისპიროთ გამბედაობა, რომლის მაგალითიც უკვე გვაჩვენეს დატყვევებულმა ახალგაზრდებმა. მე შევეცადე ამის მაგალითი მომეცა -ზღვა გადავცურე, მომწამლეს, მიწაზე მათრიეს. ორჯერ ვიყავი ძალიან ახლოს სიკვდილთან და ახლაც ყოველდღიურად ვრისკავ ჩემს სიცოცხლეს. მსოფლიო მასშტაბით უპრეცედენტო სიგიჟესთან გვაქვს საქმე. მთელი ერი მძევლად ვყავართ აყვანილი ერთ მძიმედ დაავადებულს, რომელმაც საკუთარი მთავარი ვეზირი, რომელსაც პრემიერ-მინისტრს უწოდებდა, ციხეში გაგზავნა, გადაწყვიტა, რომ მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი მინისტრი და მის დანაშაულების თანამონაწილე დაეჭირა. აჭარაში დასმული ვასალი სასიკვდილოდ გაიმეტა. მოწამლა ხალხი და მომწამლა მეც. ვინც თვალშიც ცუდად მოხვდა საკუთარ ბიზნესპარტნიორებს შორის, ალპობს ციხეში. ამავე დროს, უნდა გვესმოდეს, რომ რეალურად, ეს არის მაფიოზური სტრუქტურა. რა არის მაფიის ბოსის მთავარი ამოცანა - ყველა ამყოფოს შიშში, განსაკუთრებით თავისივე „კლანის“ წევრები. არაფერი ახალი არ ხდება საქართველოში,ეს არის კლასიკური მაფიოზური სისტემა“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

მისი განმარტებით, შეუძლებელია ამ სისტემამ დიდხანს გასტანოს, თუ საზოგადოება მოწოდების სიმაღლეზე იქნება.

„ეს ნიშნავს იმას, რომ დავძლიოთ შიში და ვთქვათ შეულამაზებელი სიმართლე, ბევრისთვის შეიძლება მწარე სიმართლე. სიმართლე კი იმაშია, რომ „ვარდების რევოლუციის“ რეფორმებს ძალიან ბევრმა ფეხი ვერ აუწყო. ჩვენ დავეტაკეთ დამპყრობლების მიერ დამკვიდრებულ „ქართულ ჯიგრულ პონტს“ და სინამდვილეში, მონურ ფსიქოლოგიას, კორუფციის და კრიმინალის ფსიქოლოგიას, ნეპოტიზმის სუბკულტურას და ამ დაჯახების დროს რა თქმა უნდა, ძალიან მძიმე შედეგები იყო, მათ შორის ჩვენთვის. ჩვენ რეალურად მოვახდინეთ მენტალური რევოლუცია და ამ მენტალურ რევოლუციას დაუპირისპირდა ეს ყაჩაღური კლანი“,-განაცხადა სააკაშვილმა.

მან აღნიშნა, რომ მომავალი ახალგაზრდული ენერგია დაამარცხებს ამ ვითარებას.

„რა არის ჩვენი მომავალი? იქით მხარეს არის ტყუილი, უტიფრობა, დაუნდობლობა, უნიჭობა, ჭაობი, ჩვენ მხარეს არის სიმართლე, გამბედაობა, პატიოსნება, ახალგაზრდობა და მომავალი...ეს არის ბიძინა სასტიკის და მისი ბარბაროსების მიერ რუსეთის მხარდაჭერით დაპყრობილი ქვეყანა. ეს უნდა ჩამოვიბერტყოთ. სიმართლე ამარცხებს უტიფრობას, ტყუილს. მომავალი ახალგაზრდული ენერგია ამარცხებს წარსულის ჭაობს, ნიჭიერება ამარცხებს უნიჭობას“,- აღნიშნა სააკაშვილმა.

ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლოში 7 ნოემბრის საქმეზე მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. სასამართლო სხდომას ესწრება თავად ბრალდებული სააკაშვილი. აღსანიშნავია, რომ სააკაშვილი სასამართლოს შენობაში საკუთარ სასამართლო პროცესებს მას შემდეგ არ დასწრებია, რაც 2022 წელს სამკურნალოდ „ვივამედში“ გადაიყვანეს.

გიორგი ბილანიშვილი - საქართველო მარტო, პარტნიორების გარეშეა დარჩენილი, ისეთი მცირე ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა, ეს არის განსაკუთრებით არასახარბიელო მდგომარეობა
ქართული პრესის მიმოხილვა 23.04.2026
ათობით სტიპენდიატი და გაცემული 85 000 ლარი - NMG ახალგაზრდების მხარდამჭერი
„სილქნეტი“ აგრძელებს პრო­ექ­ტის „მსა­ხი­ო­ბე­ბი ლი­ტე­რა­ტუ­რის­თვის“ მხარდაჭერას
Kia საქართველო მომხმარებლებს ავტომობილის ფლობის სრულად გამჭვირვალე სტანდარტს სთავაზობს
სასტუმრო „რადისონ ბლუ თბილისი“ თუთუ კილაძის ნამუშევრების პერსონალურ გამოფენას მასპინძლობს
NMG სკოლების მხარდაჭერის პროექტს აგრძელებს - ჰოლდინგი ამჯერად გურიასა და სვანეთს ეხმარება