მიხეილ სააკაშვილი პროცესზე - ველი კიდევ 3 წელს, 16 წელი მექნება სასჯელი - სერიულ მკვლელებს და პედოფილებს უსჯიან ამდენს

ველი კიდევ 3 წელს, 16 წელი მექნება სასჯელი. დამატებით სასჯელს მაძლევთ. სერიულ მკვლელებს და პედოფილებს უსჯიან ამდენს. ვერასდროს ვეღარ უნდა ვნახო ჩემი შვილები და ვერასდროს უნდა გავიარო სუფთა ჰაერზე, იმიტომ, რომ მემატება ის, რაც მემატება, - ამის შესახებ ე.წ. საბოტაჟის საქმეზე ბრალდებულმა საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე განაცხადა.

ამასთან, მან საზოგადოებასა და პოლიტიკოსებს გაერთიანებისკენ მოუწოდა.

„მიხარია ყველას ნახვა. ვიცი, რომ გაჭირვებით შემოგვიშვეს და ბევრიც გარეთ დარჩა. პატივია ამ ღირსეულ ადამიანებთან ერთად ამ გაუგებრობაში მოხვედრა. აქ ვარ იმისთვის, რომ თავის დროზე თბილისი არ ჩავაბარე, არ გავიქეცი და არ ვისარგებლე შეთავაზებით - აგერ თვითმფრინავი და ქვეყნიდან წადიო. აქ ვარ იმისათვის, რომ უკრაინის მოქალაქე ვარ და უკრაინისთვის ბევრი გავაკეთე.

აქ სხვადასხვა პარტიის წარმომადგენლები არიან, შეიძლება ჩვენი წარსული მოვლენების ერთიან შეფასებაში ვერ ვთანხმდებით, მაგრამ შეუძლებელია არ შევთანხმდეთ, ჩვენი მომავალი როგორი გვინდა იყოს. სიტუაცია ძალიან მარტივია, ეს რეჟიმი ჩვენი შიშით საზრდოობს. გვეუბნებიან, შეეგუეთ ამ რეალობას, დაგვემორჩილეთ, შეეგუეთ მონობასო. ჩვენი პასუხია, არაფერსაც არ შევეგუებით და არაფრისაც არ გვეშინია. როცა სიკვდილის პირას ვიყავი, იმდენად მძიმე მდგომარეობა გვქონდა, ჩემი პარტია საერთოდ გაიხლიჩა და ძალიან ბევრი ცუდი რამე მოხდა, მაგრამ არ შეიძლება, ამით მტერი ეგრევე სარგებლობს. ჩვენ არ ვაღიარებთ, არ შევეგუებით და აუცილებლად გავიმარჯვებთ. ჩვენ ძალიან დიდი პოტენციალი გვაქვს, მიმაჩნია, რომ ყველას გაერთიანება საბოლოო ჯამში გარდაუვალია, მანამდე მზად ვართ ყველას ველაპარაკოთ. ყველამ ვნახეთ ეს შოუ, რომელიც აქ იმართება და გარკვეული სიამოვნებაც მივიღე, ამას საკანში ვერ ვნახავდი ვერანაირად. ველი კიდევ 3 წელს, 16 წელი მექნება სასჯელი. დამატებით სასჯელს მაძლევთ, სერიულ მკვლელებს და პედოფილებს უსჯიან ამდენს. ვერასდროს ვეღარ უნდა ვნახო ჩემი შვილები და ვერასდროს უნდა გავიარო სუფთა ჰაერზე, იმიტომ, რომ მემატება ის, რაც მემატება.

ამ სარჩელში მოცემული უბედურების მიზეზები ჩემი ბავშვობაა. 4 წლის ასაკში ფეხზე ზვიგენმა მიკბინა და მას შემდეგ ვერ ვიტან ზღვის ამ მაცხოვრებელს. სიზმარი დამესიზმრა, სოლოლაკის აღმართს მივყვებოდით, დავიჭირეთ ზვიგენი, დავკალით ზვიგენი, შემდეგ სიმწრით ჩამოტანილი ბაობაბები დავჩეხეთ, კოცონი გავაჩაღეთ და ზვიგენი შევწვით, შემდეგ მთელი სოლოლაკი დავპატიჟეთ... აქ მხოლოდ სელფის გადაღებაში არაა საქმე, მეტად სერიოზულადაა საქმე. ჩვენ უნდა ვერთიანდებოდეთ არამხოლოდ სასამართლო დარბაზში, არამედ ჩვენს ქუჩებში, ერთობლივ ღონისძიებებზეც, ჯერ ქვეყანა და შემდეგ პირადი ამბიციები... საქართველო აუცილებლად გადარჩება, რამხელა კედელიც არ უნდა აგვიშენონ, მაინც გავანგრევთ და გავუდგებით თავისუფლების გზას, ჩვენ გავიმარჯვებთ. ახლა თქვენის ნებართვით დაგტოვებთ, კალათბურთი მაქვს სათამაშო“, - განაცხადა სააკაშვილმა პროცესზე.

ცნობისთვის, ე.წ. საბოტაჟის საქმეზე გენერალურმა პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილს, გიორგი ვაშაძეს, ნიკა გვარამიას, ნიკა მელიას, ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს, ელენე ხოშტარიას, მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს ბრალდება წარუდგინა.

უფრო კონკრეტულად, გიორგი ვაშაძეს და ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით და 319-ე მუხლით წარედგინათ, რაც საბოტაჟს და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას გულისხმობს. აღნიშნული სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 15- წლამდე თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.

ელენე ხოშტარიას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით, 319-ე მუხლით და 321-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც საბოტაჟის, აღნიშნული დანაშაულისთვის მატერიალური რესურსების მიწოდებას და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას გულისხმობს.

ნიკა გვარამიას, ნიკა მელიას, მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინათ, რაც საბოტაჟს გულისხმობს.

მიხეილ სააკაშვილს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლით აქვს წარდგენილი, რაც საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ მოწოდებას გულისხმობს.

აღნიშნულ საქმეში გიორგი ვაშაძეს და ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000-ლარიანი, მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს კი 1 მილიონი ლარი გირაო აქვთ შეფარდებული.

ნათია ფიფია -  რეფორმები, რომელიც მთავრობამ დაანონსა, შეიძლება ითქვას, შეურიგებლად და დაჟინებით დაიწყო,  ჯერჯერობით, რაც იყო ჩაფიქრებული, ყველაფერი განხორციელდა
ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 10.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე