არჩილ გამზარდია - ოპოზიციის წარმომადგენლები 24 საათის განმავლობაში ისეთ ტალახს ესვრიან ერთმანეთს, რომ მმართველ პარტიას შეუძლია წამოკოტრიალდეს და „პოპკორნი“ მიირთვას

ანალიტიკოსისა და პოლიტოლოგის, არჩილ გამზარდიას განცხადებით, ქართულ პოლიტიკაში პოლიტიკურ სუბიექტებს პარიტეტული თანამშრომლობის უნარი ნაკლებად აქვთ. ამის შესახებ გამზარდიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „რეზიუმე“ განაცხადა.

გამზარდიას მოსაზრებით, თანამედროვე პოლიტიკური ცხოვრებისთვის „ეს ფორმაცია უკვე წარსულია“.

„ჩვენთან პოლიტიკურ სუბიექტებს პარიტეტული თანამშრომლობის უნარები არ აქვთ. რომ შეხედავ გაერთიანებულ ოპოზიციას, ვფიქრობ, რომ ერთი პარტიის ფარგლებში რა კარგი პოლიტსაბჭო იქნებოდა. იქნებ, ამ ადამიანებმა თეორიული ჩარჩო მაინც შექმნან კონკურენციის და თანამშრომლობის ფარგლებში, ისწავლონ სად გადის ზღვარი კონკურენციასა და თანამშრომლობას შორის. იქნებ, კონკურენციის ეთიკის ნორმები შემოვიდეს, სხვა შემთხვევაში პირველივე გამოწვევა გაჩნდება და ვნახავთ როგორ წავა ეს პროცესი, რადგან აქამდე სხვა რეალობა არ ყოფილა.

თუ ამდენმა გამოცდილებამ და შეცდომამ პოლიტიკური სუბიექტები იმ დასკვნამდე მიიყვანა, რომ საკუთარი ეგოს მიღმა, გარკვეულ საკითხებზე შეძლებენ თქვან „ჰო“, მაშინაც კი, როდესაც მიაჩნიათ, რომ პერსონალური ინტერესი უფრო „არასკენ“ ამისამართებს, ეს კარგი იქნება.

თანამედროვე პოლიტიკური ცხოვრებისთვის ეს ფორმაცია უკვე წარსულია. მიმაჩნია, რომ ეს ყველაფერი წარსული პოლიტიკის ნაწილია“, - განაცხადა გამზარდიამ.

მისივე თქმით, ოპოზიციას საბოლოოდ ორი გზა აქვს – ან ერთი პოლიტიკური სუბიექტი შექმნას, ან ამომრჩეველს ერთ საარჩევნო ნომერზე მისცეს ხმის მიცემის რეკომენდაცია.

„ან ერთი პოლიტიკური სუბიექტი უნდა შექმნან ან ერთ საარჩევნო ნომერს მისცენ ხმა ადამიანებმა. თითოეულმა მათგანმა საკუთარი ამომრჩეველი ისე დაამუშავა სხვების წინააღმდეგ, რომ შეიძლება ადამიანებს კოგნიტიური დისონანსი დაემართოს. როგორ უნდა მივცე ხმა, ხომ მეუბნებოდნენ ცუდია?!

საშინელებებს უკეთებენ ერთმანეთს. ხელისუფლებას იმდენი შრომა არ სჭირდება ოპოზიციის წინააღმდეგ, როგორც თავად ოპოზიცია ერთმანეთს უკეთებს. 24 საათის განმავლობაში ისეთ ტალახს ესვრიან ერთმანეთს, რომ მმართველ პარტიას შეუძლია წამოკოტრიალდეს და „პოპკორნი“ მიირთვას“,- განაცხადა გამზარდიამ.

ემილ ავდალიანი - ირანისთვის აშშ-თან მოლაპარაკებებში მთავარი მიზანი ისევ ჰორმუზის სრუტის ბერკეტად გამოყენება რჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 03.09.2026
პროკრედიტ ბიზნესი: თბილისში ახალი სპორტული სივრცე Hubs-ი გაიხსნა
სოკარ ჯორჯია პეტროლეუმმა SOCAR Group-ის შემადგენლობაში შემავალი Italiana Petroli-სგან იტალიური ბენზინის პირველი პარტია შემოიტანა
წინანდლის მამული კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის მერვე სეზონს მასპინძლობს
წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი 3 სექტემბერს იხსნება — პრესკონფერენცია წინანდალში