შოთა ბერეკაშვილი - შრომითი ბაზრის იმ სექტორებში, სადაც ჭარბი მიწოდებაა, ვიქნებით მკაცრი, რომ შრომითი მიგრაცია „ჩაიკეტოს“, მაგრამ ხშირია დეფიციტი პროფესიებში, სადაც სექტორს მაღალი კვალიფიკაციის დონე სჭირდება

შრომითი ბაზრის იმ სექტორებში, სადაც ჭარბი მიწოდებაა, ვიქნებით მკაცრი, რომ შრომითი მიგრაცია „ჩაიკეტოს“, მაგრამ ხშირია დეფიციტი პროფესიებში, სადაც სექტორს მაღალი კვალიფიკაციის დონე სჭირდება, - ამის შესახებ ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე კომიტეტის თავმჯდომარემ შოთა ბერეკაშვილმა განაცხადა, სადაც “შრომითი მიგრაციის შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებები წარადგინა.

აღნიშნული პროექტის მიხედვით, რიგ შემთხვევებში უცხოელს შესაძლოა უფლება მიეცეს პროფესიული საქმიანობა ბინადრობისა და შრომითი საქმიანობის ნებართვების გარეშე განახორციელოს. აღნიშნული შესაძლებლობა მხოლოდ ისეთ შემთხვევებზე გავრცელდება, როდესაც შრომითი საქმიანობა დაკავშირებულია კონკრეტულ პროექტთან და ადგილობრივ ბაზარზე ხანგრძლივ დამკვიდრებას არ იწვევს.

როგორც ბერეკაშვილმა განმარტა, კანონში დაგეგმილი ცვლილებების მიზანია, რომ ბიზნესისთვის პროცესები გამარტივდეს, ბიუროკრატიაში არ გადავიდეს და ხელი შევუწყოთ ბიზნესს იმისთვის, რომ ეკონომიკური ზრდის კიდევ უფრო გაჯანსაღება შეძლოს.

“გვქონდა შესაძლებლობა, გვცოდნოდა, შრომით ბაზარზე რა მიმართულებით, სად გვაქვს ჭარბი მიწოდება და სად გვაქვს დეფიციტი. სწორი მენეჯმენტითა და სწორი ინფორმაციით ზუსტად გვეცოდინება, რა სექტორებში გვაქვს დეფიციტი და რა სექტორებში გვაქვს ჭარბი მიწოდება. იმ სექტორებში, სადაც ჭარბი მიწოდებაა ვიქნებით მკაცრი, რომ შრომითი მიგრაცია “ჩაიკეტოს“, ხოლო იმ სექტორებში, სადაც დეფიციტია - და ხშირია დეფიციტი ისეთ პროფესიებში, სადაც სექტორს მაღალი კვალიფიკაციის დონე და შრომითი მიგრანტის შემოყვანა სჭირდება.

კანონის პროექტის მიზანია ორი - ერთია ის, რომ არ მოხდეს შრომით ბაზარზე დეფიციტი და ამან ანაზღაურების არაშედეგობრივი ზრდა არ გამოიწვიოს, რაც პროდუქტიულობის ზრდას არ უკავშირდება და უკავშირდება იმას, რომ ბაზარზე დეფიციტია და ეს ხელფასების ზრდას იწვევს, რაც ინფლაციური წნეხია. მეორეა ის, რომ ხდება მაღალკვალიფიციური შრომის გაზიარება. ამ შემთხვევაში კონკურენცია დადებითად მუშაობს. ჩვენს შრომით რესურს საშუალება აქვს ისწავლოს, განვითარდეს და უფრო კონკურენტუნარიანი გახდეს.

ჩვენი მიზანია სწორად გვესმოდეს, სად გვაქვს დეფიციტი და იმ მიმართულებით, სადაც დეფიციტი გვაქვს, საკუთარ კადრებს მოვამზადებთ. გრძელვადიან პერსპექტივაში გვსურს, რომ შრომითი ბაზარი დასტაბილურდეს, ადგილობრივი შრომითი ბაზარი მაქსიმალურად ავითვისოთ და ის პარადოქსი გაქრეს, რაც დღეს ბაზარზე არსებობს, რომ ერთი მხრივ 13% უმუშევრობაშია და მეორე მხრივ, ბიზნესი კადრებით არ არის უზრუნველყოფილი. საბოლოო ჯამში კი, მივიღოთ მოცემულობა როდესაც ქვეყანა საკუთარ შრომით რესურსს სრულყოფილად იყენებს“, - განაცხადა შოთა ბერეკაშვილმა კომიტეტის სხდომაზე.

კანონის პროექტის თანახმად, უცხოელს უფლება ექნება საქართველოში განახორციელოს მოკლევადიანი პროფესიული საქმიანობა შრომითი საქმიანობის უფლებისა და შესაბამისი ბინადრობის ნებართვის გარეშე, თუ აღნიშნული საქმიანობა დროებითი ვიზიტის ფარგლებში ხორციელდება, არ წარმოადგენს ხანგრძლივ დასაქმებას ადგილობრივ შრომის ბაზარზე და დაკავშირებულია კონკრეტულ მოკლევადიან პროექტთან, ღონისძიებასთან ან მომსახურებასთან.

პროექტის გათვალისწინებით, უცხოელის მიერ მოკლევადიანი პროფესიული საქმიანობა დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ საქმიანობა დაკავშირებულია კონკრეტულ მოკლევადიან პროექტთან, ღონისძიებასთან ან მომსახურებასთან. უცხოელის მიერ მოკლევადიანი პროფესიული საქმიანობების ჩამონათვალი, ხანგრძლივობა და მოკლევადიან პროფესიულ საქმიანობად მიჩნევის კრიტერიუმები საქართველოს მთავრობის დადგენილებით განისაზღვრება.

მოკლევადიანი პროფესიული საქმიანობის განმახორციელებელი უცხოელი საქართველოში შრომით იმიგრანტად ან თვითდასაქმებულ უცხოელად არ ჩაითვლება.

ამასთან, “შრომითი მიგრაციის შესახებ“ კანონის იმ მუხლს, რომელიც ისეთ საქმიანობებს ითვალისწინებს, რომლებიც გათავისუფლებულია აღნიშნული კანონის მოთხოვნებისგან, შემდეგი სახის შრომითსამართლებრივი ურთიერთობები ემატება: - საქართველოს მთავრობის წევრის წერილობითი ინიციატივის საფუძველზე გაცემული მოქმედი სპეციალური ბინადრობის ნებართვის მქონე პირი; საჯარო დაწესებულების ან სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებულ საწარმოში მუშაობა; ადგილობრივი დამსაქმებლის სასარგებლოდ საქმიანობა სხვა ქვეყნიდან დისტანციურად; შრომით საქმიანობას/მომსახურების გაწევა არარეზიდენტი პირის სასარგებლოდ რომელიც უკავშირდება საქართველოს ფარგლებს გარეთ საქმიანობის განხორციელებას; “ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ კანონით განსაზღვრული პირველი, მეორე და მესამე კატეგორიის საწარმოში ხელმძღვანელობითი ან აუდიტის კომიტეტში შესაბამის საქმიანობა.

როგორც ინიციატორი - “ქართული ოცნების“ დეპუტატები განმარტავენ, “შრომითი მიგრაციის შესახებ“ მოქმედი საკანონმდებლო ჩარჩო არ ითვალისწინებს დიფერენცირებულ მიდგომას შრომითი საქმიანობის ხანგრძლივობისა და სპეციფიკის მიხედვით, რაც ყველა ტიპის პროფესიულ აქტივობას სტანდარტულ საიმიგრაციო პროცედურებში აქცევს. მათივე ინფორმაციით, პრაქტიკულმა გამოწვევებმა აჩვენა, რომ იმ შემთხვევებში, როდესაც უცხოელი სპეციალისტის ვიზიტი მოკლევადიან ხასიათს ატარებს და დაკავშირებულია კონკრეტულ, ერთჯერად პროექტთან ან მომსახურებასთან, საერთო საიმიგრაციო ფილტრების გამოყენება ზედმეტ ადმინისტრაციულ ბარიერებს ქმნის.

გიორგი კობერიძე - ევროპამ აჩვენა, რომ ის იწმინდება ავტოკრატიული გავლენებისგან და ეტაპობრივად შეუძლია საკუთარ უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობის აღება
ქართული პრესის მიმოხილვა 13.04.2026