მეცნიერებმა, ვინც აბასთუმნის ობსერვატორიაში მუშაობს, მიმართეს მთავრობას, რომ დაკვირვების პროცესში თვითმფრინავების გამონაბოლქვი პრობლემას ქმნიდა, შესაბამისად, მოხდა კორექტირება,- ასე ეხმაურება დედაქალაქის მერი, კახა კალაძე მთავრობის დადგენილებას, რომლის თანახმადაც საქართველოს საჰაერო სივრცეში ჩნდება ფრენისთვის შეზღუდული, ახალი დახურული ზონა „აბასთუმანი-2”.
როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, არაფერი განსაკუთრებული არ მომხდარა.
„მეცნიერებმა მიმართეს მთავრობას, რომ დაკვირვების პროცესში თვითმფრინავების გამონაბოლქვი პრობლემას ქმნიდა, შესაბამისად, მოხდა კორექტირება. არაფერი განსაკუთრებული არ მომხდარა. რა არის ამაში პრობლემა? აბასთუმანი იყო განადგურებული და ერთმა ადამიანმა, ბიძინა ივანიშვილმა თავისი პირადი სახსრებით აღადგინა და განავითარა, რატომ გინდათ ყველაფერში ცუდი ეძიოთ?
გეუბნებით სიმართლეს: მეცნიერებმა, ვინც კონკრეტულად ობსერვატორიაში მუშაობს და ახორციელებს დაკვირვებას, წერილით ოფიციალურად მიმართეს მთავრობას და მიიღეს გადაწყვეტილება. რა არის პრობლემა რომ დაკორექტირდა თვითმფრინავების მოძრაობის ხაზი?! რა არის პრობლემა ამაში?!“ - აღნიშნავს კალაძე.
„რადიო თავისუფლების“ ინფორმაციით, 2026 წლის 9 თებერვალს, საქართველოს მთავრობის მიერ გამოქვეყნებული დადგენილება №52 ნაწილობრივ ცვლის ძველ, 2018 წლის №660 დადგენილებას „საქართველოს საჰაერო სივრცის სტრუქტურისა და დიზაინის წესების” შესახებ.
მათივე ინფორმაციით, ამ გადაწყვეტილებით, საქართველოს საჰაერო სივრცეში ჩნდება ფრენისთვის შეზღუდული, ახალი დახურული ზონა „აბასთუმანი-2”.
გამოცემის ინფორმაციითვე, ამ ცვლილებით, აბასთუმნის თავზე, დაახლოებით 28 საზღვაო მილის (52 კმ.) დიამეტრის საჰაერო სივრცეში აიკრძალა სამგზავრო და სატვირთო თვითმფრინავების შესვლა. ეს აკრძალვა ვრცელდება მიწის ზედაპირიდან უსასრულობამდე, ფრენისთვის დახურული ზონა თურქეთ-საქართველოს საზღვრიდან იწყება და საქართველოს სიღრმეში - დაახლოებით 45 კმ-ში სრულდება. ზონა ფარავს აბასთუმანს სრულად, ადიგენის რაიონს, სამხრეთ საქართველოს ნაწილს და მთლიანობაში დაახლოებით 2000 კვ.კმ. საჰაერო სივრცეს კეტავს. აბასთუმნის თავზე აკრძალული ზონა, სულ მცირე, ოთხჯერ აღემატება თბილისის ფართობს.