ლაშა ბერიძის ქმედება, რაიმე სტრატეგიული ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობისათვის, არანაირი ნიშნით არ დასტურდება. არცერთი ქმედითი ნაბიჯი და არც სიტყვიერი მოწოდება მას არ გაუკეთებია, - ამის შესახებ 4 ოქტომბერს განვითარებული მოვლენების ორგანიზებაში ერთ-ერთი ბრალდებულის, ლაშა ბერიძის ადვოკატმა რამაზ ჩინჩალაძემ სასამართლო პროცესის შემდეგ განაცხადა.
რამაზ ჩინჩალაძის თქმით, პროკურორის არგუმენტი მხოლოდ და მხოლოდ არის ის, რომ ლაშა ბერიძე იმყოფებოდა იმ ხუთ ადამიანს შორის, რომელთაგანაც ერთ-ერთმა ბრძანა, რომ „ჩვენ ვართ ორგანიზატორი“.
„ლაშა ბერიძემ განაცხადა, რომ მისი სურვილი იყო, აქციაზე მოსულიყო რაც შეიძლება ბევრი ხალხი, თუმცა ამისათვის არანაირი ქმედითი ნაბიჯი არ გადაუდგამს. არ მოუხდენია ხალხის მობილიზება, მათ შორის რაიონებიდან და დედაქალაქიდან. აქციის ე.წ. ორგანიზატორის ქმედება იქნებოდა იმ შემთხვევაში თუ მოიტანდა სცენას, დაამონტაჟებდა ხმის გამაძლიერებლებს, მსგავსი ქმედება ლაშა ბერიძეს არ განუხორციელებია. იცის საზოგადოებამ, რომ ლაშა ბერიძე გახლავთ პროფესიონალი და გამოცდილი სამხედრო, მას მონაწილეობა აქვს მიღებული საერთაშორისო და ადგილობრივ სამხედრო ოპერაციებში, მათ შორის, მისთვის უცხო არ არის სტრატეგიული ობიექტის აღება, მაგრამ ამ კონკრეტულ შემთხვევაში ლაშა ბერიძის ქმედება რაიმე სტრატეგიული ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობისათვის არანაირი ნიშნით არ დასტურდება. არცერთი ქმედითი ნაბიჯი, არც სიტყვიერი მოწოდება მას არ გაუკეთებია.
საქმეზე სასამართლო გამოძიება დასრულდა, მოვისმინეთ ბრალდების მხარის დასკვნითი სიტყვა და პროკურორის არგუმენტი მხოლოდ და მხოლოდ არის ის, რომ ლაშა ბერიძე იმყოფებოდა იმ ხუთ ადამიანს შორის, რომელთაგანაც ერთ-ერთმა ბრძანა, რომ ჩვენ ვართ ორგანიზატორი. კანონის თანახმად, ბრალდებულმა დანაშაულიც რომ აღიაროს, ეს საკმარისი არ არის გამამტყუნებელი განაჩენისთვის, გამამტყუნებელ განაჩენს სჭირდება ერთმანეთთან შეთანხმებული აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებათა ერთობლიობა“, - განაცხადა ადვოკატმა.
ცნობისთვის, მურთაზ ზოდელავას, პაატა ბურჭულაძეს და ირაკლი ნადირაძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა“ ქვეპუნქტით წარედგინათ, რაც სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობას გულისხმობს ჩადენილს ჯგუფურად. მათ ასევე ბრალი წარდგენილი აქვთ სსსკ-ის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას გულისხმობს. მათ ბრალი წარდგენილი აქვთ სსსკ-ის 317-ე მუხლითაც, რაც გულისხმობს მოწოდებას საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ირაკლი შაიშმელაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლით წარედგინა, რაც გულისხმობს საქვეყნოდ მოწოდებას საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 3- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ლაშა ბერიძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა“ ქვეპუნქტით წარედგინა, რაც სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობას გულისხმობს ჩადენილს ჯგუფურად. მას ბრალდება ასევე წარდგენილი აქვს სსსკ-ის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას გულისხმობს.
ირაკლი ჩხვირკიას, ნიკა გვენცაძეს, თორნიკე მჭედლიშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა“ ქვეპუნქტით წარედგინა, რაც სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობას გულისხმობს ჩადენილს ჯგუფურად. მას ასევე ბრალი წარდგენილი აქვს სსსკ-ის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება სასჯელის ზომად 6-დან 9- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გური ჟვანიას ბრალდება სსსკ-ის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.
პაატა მანჯგალაძეს ბრალდება სსსკ-ის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება სასჯელის სახედ და ზომად 6-დან 9- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.