არ მგონია, რომ ქართველი ხალხი მომხრე იყოს საბჭოთა კავშირში დაბრუნების, რასაც ბრიუსელის დღევანდელი ხელმძღვანელობა საკუთარი ქცევით გვაჩვენებს - საბჭოთა კავშირია საითკენაც ბრიუსელი დღეს მიაქანებს ევროკავშირს , - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, საქართველო მზად არის დიალოგისთვის, თუმცა ბრიუსელი ქართველი ხალხის მიმართ კონფრონტაციულია და დიალოგი საკუთარი სამუშაო არსენალიდან სრულად ამოღებული აქვს.
„თავის დროზე საქართველოს სახელმწიფომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ მიუხედავად იმისა რა პოზიციები იქნებოდა მოსკოვიდან დაფიქსირებული, ამ პოზიციების მიხედვით არ აეწყო საკუთარი პოლიტიკა, არამედ დაეცვა საქართველოს ეროვნული ინტერესები. ამან მოგვიტანა შედეგი, რომ საქართველოში უზრუნველყოფილია მშვიდი და სტაბილური განვითარება, ეკონომიკური ზრდა. ამიტომ ჩვენ ვუყურებთ არა იმას, რა განცხადებები კეთდება და რა შეკრებები იმართება ამ შემთხვევაში რუსეთში, არამედ რა ინტერესი აქვს ჩვენს ერს. ვფიქრობ, ასეთივე დამოკიდებულება უნდა გამოვიმუშაოთ ბრიუსელის მიმართ. ზედმეტი ყურადღება არ მივაქციოთ, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ ვხედავთ ჯგუფებს, რომლებსაც პირდაპირ გაცხადებული აქვთ მტრული პოლიტიკა ქართველი ხალხის წინააღმდეგ. დღეს ევროკავშირის საგარეო მიმართულებას ხელმძღვანელობს ესტონეთის ის პრემიერ-მინისტრი, რომლის საგარეო საქმეთა მინისტრი, მისი პრემიერობის დროს, საქართველოში რადიკალების მიტინგზე იღებდა მონაწილეობას. ამიტომ, რა თქმა უნდა, მისგან სასიკეთო მოლოდინი ქართველ ხალხს არ უნდა ჰქონდეს. ვხედავთ, რომ არიან ქვეყნები, რომლებსაც აქვთ გაცხადებული მტრული პოლიტიკა ქართველი ხალხის წინააღმდეგ და აცხადებენ, რომ ეს მტრული პოლიტიკა შენარჩუნდება მანამ, სანამ „ნაციონალურ მოძრაობას“ არ დააბრუნებენ ხელისუფლებაში. ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ საღი აზრი ყველგან არსებობს და რა თქმა უნდა, იმედი გვაქვს, რომ საღი აზრის მატარებლებიც გამოჩნდებიან ამგვარი შეკრებების დროს [ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტერიალი] და ქართველი ხალხის მიმართ მტრული პოლიტიკის გატარების შესაძლებლობას არ მისცემენ. ისინი უყურებენ მარტო თავიანთ ინტერესს და საქართველოს და ქართველ ხალხს უყურებენ როგორც ინსტრუმენტს, როგორ შეიძლება გამოიყენონ საქართველო რუსეთის წინააღმდეგ.
არ მგონია, რომ ქართველი ხალხი მომხრე იყოს საბჭოთა კავშირში დაბრუნების, რასაც ბრიუსელის დღევანდელი ხელმძღვანელობა საკუთარი ქცევით გვაჩვენებს. გვაჩვენებს, რომ ჩვენ თავი უნდა ვიგრძნოთ როგორც მცირე ერმა, რომელიც უნდა დაემორჩილოს სხვა ერების მითითებებს, უნდა ავირჩიოთ ის ხელისუფლება, რომელსაც გვეტყვის ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ვინ მოსწონს და იმის მიხედვით უნდა მივცეთ ხმა, შემდეგ სხვა ქვეყნის რომელიმე მინისტრი გვეტყვის, რომელი კანონი უნდა მივიღოთ და ა.შ. ეს არის საბჭოთა კავშირში, საითკენაც ბრიუსელი დღეს მიაქანებს ევროკავშირს და რა თქმა უნდა, ქართველ ხალხს არ უთქვამს, რომ მას უნდოდა საბჭოთა კავშირში დაბრუნება, რომ მას უნდა დამოუკიდებლობის დათმობა, რომ მას უნდა, რომ კანონებს იღებდეს არა ქართველი ხალხის მიერ არჩეული პარლამენტი, არამედ წერდეს უცხო ქვეყნების მიერ დაქირავებული ადამიანები, არ უთქვამს ქართველ ხალხს, რომ მას უნდა, რომ საქართველოში იხარჯებოდეს უცხო ფული პოლიტიკაში ისე, რომ ქართველებს ადამიანებადაც არ გვთვლიდნენ და არ გვეუბნებოდნენ რაში ხარჯავენ ამ ფულს. საქართველოს და საქართველოს ხელისუფლებას აქვს ღია კარის პოლიტიკა, ჩვენ ვართ ღია დიალოგისთვის. სამწუხაროდ, ბრიუსელი დღეს მზად არის მხოლოდ კონფრონტაციისთვის და დიალოგი მათი სამუშაო არსენალიდან გამქრალია ქართველ ხალხთან მიმართებით. მხოლოდ კონფრონტაცია, მითითება, დირექტივა, მანამ, სანამ სრულად არ დაემორჩილება ქართველი ხალხი მათ გემოვნებას. ხედავთ, რომ ბრიუსელის ამ შემადგენლობას არ სურს თავის შეწუხება სხვა საკითხებით. ორმხრივი ურთიერთობების მიმართულებით უნდა გავზარდოთ ჩვენი ძალისხმევა და დავუკავშირდეთ პირდაპირ ჩვენს კოლეგებს, ვინაიდან ვხედავთ, რომ ბრიუსელი დღეს ასრულებს ცენზორის როლს ევროკავშირში და ცდილობს, რომ საქართველო და ქართველი ხალხი მხოლოდ ნეგატიურ კონტექსტში წარუდგინოს წევრ ქვეყნებს.“- განაცხადა პაპუაშვილმა.