„ქართული ოცნება“ საკონსტიტუციო სასამართლოს პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით ახალი კონსტიტუციური სარჩელით მიმართავს, ძველ სარჩელს კი უკან გამოითხოვს. ახალი სარჩელის საფუძველზე იმ პარტიების რაოდენობა იზრდება, რომელთა აკრძალვის მოთხოვნითაც მმართველი პარტია საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავს, კერძოდ პარტიების ჩამონათვალს პარტია „ფედერალისტები“ ემატება.
„თქვენ იცით, რომ მას შემდეგ, რაც 2026 წლის 2 მარტს რადიკალურმა ოპოზიციურმა პარტიებმა ხელი მოაწერეს დეკლარაციას და შექმნეს ე.წ. ალიანსი, სადაც მათ განაცხადეს, რომ ექნებათ საერთო სტრატეგიული მიზნები, გაიზიარეს საერთო მიზნები და მათ შორის, თქვეს, რომ მათი მიზანია კონსტიტუციის არაღიარება, კონსტიტუციური ინსტიტუტების არაღიარება, არჩევნებისთვის ძირის გამოთხრა და ზოგადად დემოკრატიული პროცესებისთვის ძირის გამოთხრა და დემოკრატიის არაღიარება. მათ შორის, გაერთიანდნენ ისინი, ვინც იყვნენ 4 ოქტომბრის ხელისუფლების დამხობის ორგანიზატორები. ჩვენ ვთქვით, რომ ეს იქნებოდა საფუძველი, რომ გადაგვეხედა ჩვენი კონსტიტუციური სარჩელისთვის, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოში გვაქვს შეტანილი, გამომდინარე იქიდან, რომ ახლა გვაქვს უკვე ამ დეკლარაციით გაერთიანება, რომელიც იზიარებს იმ მიზნებს, რომელიც იყო საფუძველი კონსტიტუციური სარჩელისა.
ამიტომ, ჩვენ დღეს მივმართავთ საკონსტიტუციო სასამართლოს ახალი კონსტიტუციური სარჩელით, ამავე დროს, გამოვითხოვოთ ძველ კონსტიტუციურ სარჩელს, რომელიც არაკონსტიტუციური პარტიების აკრძალვის მოთხოვნით გვქონდა შეტანილი და მივმართავთ ახალი დაკორექტირებული კონსტიტუციური სარჩელით, რომელშიც გავზრდით პარტიების რაოდენობას. კერძოდ თუკი თავდაპირველ კონსტიტუციურ სარჩელში ეს იყო სამი პარტია - „ნაციონალური მოძრაობა“, „კოალიცია ცვლილებისთვის“ და „ლელო“, ახალ კონსტიტუციურ სარჩელში ამ სამ პარტიასთან ერთად იქნება „ფედერალისტური“ პარტია.
რა თქმა უნდა, ამ ალიანსში არიან სხვა პარტიებიც, მაგრამ ისევე როგორც წინა შემთხვევაში, ჩვენ ვთქვით, რომ, ერთი მხრივ, ვუყურებთ, რა არის მიზნები, რამდენად ანტიკონსტიტუციური მიზნები აქვს ამა თუ იმ პარტიას, მეორე მხრივ, ვუყურებთ თუ რამდენად არსებითია მათი გავლენა პოლიტიკაზე. დღეს ვიცით, რომ ამ ალიანსის ლიდერები არიან მიხეილ სააკაშვილი, გიგა ბოკერია და ნიკა გვარამია. ეს არიან „ნაციონალური მოძრაობის“ კრიმინალური რეჟიმის სამი მაღალჩინოსანი, რომელიც დღეს კვლავ გაერთიანებული „ნაციონალური მოძრაობის“ ალიანსის სახით ცდილობს, რომ ქვეყანა აქციოს მარიონეტულ სახელმწიფოდ", - განაცხადა პაპუაშვილმა.