საია-ს თავმჯდომარის განცხადებით, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საჩივარი წარადგინეს, რომელიც შეეხება 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში დემონსტრანტებთან მიმართებით სისტემურ წამებას

„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" თავმჯდომარის, თამარ ონიანის განცხადებით, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საჩივარი წარადგინა, რომელიც შეეხება 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში დემონსტრანტებთან მიმართებით სისტემურ წამებას. მისი განმარტებით, საჩივარში განვითარებული დავის სტრატეგიაა შეფასდეს დარღვევის მასშტაბი და დადასტურდეს ის ზიანი სტრასბურგის სასამართლოში, რომელიც არამხოლოდ მოქალაქეებს, არამედ კონსტიტუციურ წესრიგს თავად სამართალდამცავი საგამოძიებო, თუ სხვა ორგანოს მოქმედებების შედეგად მიადგა.

„მტკიცებულებებით დასტურდება, რომ აქციების დარბევა არ იყო ერთეული შეცდომა ან ცუდად ჩატარებული ოპერაცია, არამედ ეს იყო ორგანიზებული დანაშაულებრივი ძალადობა და ადამიანის უფლებების მწვავე კრიზისის დასაწყისი, რომელიც ქვეყანაში 2024 წლის 28 ნოემბრის შემდეგ განვითარდა. ამიტომაც სასამართლომ უნდა შეაფასოს არამხოლოდ კონკრეტული მიხლების დარღვევა, როგორიც არის წამების, დისკრიმინაციის აკრძალვა, შეკრების თავისუფლება და საკუთრების უფლება, არამედ კონვენციის მე-17 მუხლის ჭრილშიც. ამ მუხლზე დავა პირველად გამოიყენება საქართველოსთან მიმართებით დემონსტრაციების საქმეში, რაც საშუალებას გვაძლევს სასამართლოს წინაშე წარვადგინოთ დემოკრატიული ეროზიის ფაქტი და დავადასტუროთ, რომ სახელმწიფომ იმოქმედა ისე, რომ მიზნად ისახავდა არა შეკრების და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვას, არამედ ამ უფლებების განადგურებას.

მტკიცებულებები აჩვენებს, რომ ნიღბიანი ოფიცრები მიმართავდნენ მიზანმიმართულ სისტემურ წამებას, კერძოდ, დგინდება, რომ აქციის დარბევის პარალელურად, სპეციალური დანიშნულების რაზმი პირებს უსაფუძვლოდ აკავებდა, სცემდა და პოლიციის კორდონს მიღმა, კამერებისგან მოშორებით კიდევ უფრო მძიმედ უსწორდებოდა. ძალადობა გრძელდებოდა სპეციალურად მოწყობილ მიკროავტობუსებში, სადაც ადამიანებს ჯგუფურად სცემდნენ ხელთათმანით, ფეხით, კეტით, თუ სხვა ნივთების გამოყენებით მსხვერპლებს ურტყამდნენ ძირითადად თავისა და სახის არეში, ართმევდნენ ნივთებს, აყენებდნენ შეურაცხყოფას და ემუქრებოდნენ სექსუალური ძალადობით. ამის შემდეგ დაზიანებული პირები გადაეცემოდათ სხვა პოლიციელებს და გადაჰყავდათ განყოფილებებში, სადაც დაკავებაზე ძირითადად ყალბ ოქმებს ადგენდნენ“, - განაცხადა თამარ ონიანმა.

როგორც მან აღნიშნა, ის, რომ ეს არ იყო ინდივიდუალური გადაცდომა, არამედ მიზანმიმართული სახელმწიფო სტრატეგია, „დასტურდება მაღალი თანამდებობის პირების მიერ ძალადობის განმახორციელებელთა საჯარო დაჯილდოებით და დამნაშავე ოფიცრების დაუსჯელობით“.

საიას თავმჯდომარის თქმით, არცერთი პირი არ არის დღემდე ბრალდებული, მათ შორის, არც სახელმწიფო თანამდებობის პირების პასუხისმგებლობის დადგენის მხრივ არ გადადგმულა არცერთი ნაბიჯი, შესაბამისად, ორგანიზაციას მიაჩნია, რომ ეროვნულ დონეზე საშუალებები ამოწურულია და მიმართავენ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს აღნიშნულ საქმეზე სამართლის დადგენის მიზნით.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიციას აუცილებლად უნდა ჰყავდეს მკვეთრად გამოხატული ერთი ლიდერი და ეს ლიდერი პოლიტიკაში შედარებით ახალი ფიგურა უნდა იყოს - სუფთა ხელებით, შეულახავი რეპუტაციით
ქართული პრესის მიმოხილვა 20.04.2026
Trump Tower Tbilisi – თბილისის წამყვანი დეველოპერები The Trump Organization-თან პარტნიორობით საქართველოში ყველაზე მაღალი ცათამბჯენის მშენებლობას გეგმავენ