საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებმა „IV ღია საერთაშორისო ინტერნეტ-ოლიმპიადა ინფორმატიკაში“ მეორე ადგილი დაიკავეს

„საერთაშორისო ოლიმპიადაზე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის სტუდენტების მნიშვნელოვანი წარმატება, გუნდური მეორე ადგილი და დავით ლომიაშვილის ინდივიდუალური მეორე ადგილი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ჩვენი ფაკულტეტი ამზადებს კონკურენტუნარიან სპეციალისტებს, რომლებიც მზად არიან გლობალურ გამოწვევებთან გასამკლავებლად. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ფაკულტეტი, აკადემიკოს დავით გურგენიძის პატრონაჟით, აგრძელებს სტუდენტების მხარდაჭერას, რათა მათ მომავალშიც შეძლონ მსგავსი წარმატებების მიღწევა და საერთაშორისო ასპარეზზე ქვეყნის ღირსეულად წარდგენა“, - ამის შესახებ სტუ-ის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა თალიკო ჟვანიამ განაცხადა. ინფორმაციას სტუ ავრცელებს.

უნივერსიტეტის ცნობით, ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის სტუდენტთა გუნდმა „IV ღია საერთაშორისო ინტერნეტ-ოლიმპიადა ინფორმატიკაში“ მიიღო მონაწილეობა. ოლიმპიადა საერთაშორისო მასშტაბის კონკურსია, რომელიც აერთიანებს 50-ზე მეტი ქვეყნის წამყვანი უნივერსიტეტების სტუდენტებს და მიზნად ისახავს ინფორმატიკის სფეროში თეორიული ცოდნისა და პრაქტიკული უნარების გამოვლენას. მონაწილეები ერთმანეთს ეჯიბრებიან ალგორითმული აზროვნების, პროგრამირების, მონაცემთა დამუშავებისა და რთული პრობლემების ეფექტურად გადაჭრის მიმართულებით.

სტუ-ის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის დეკანის თქმით, სტუდენტურმა გუნდმა კონკურსში მაღალი პროფესიონალიზმი და მომზადების დონე აჩვენა. მათ წარმატებით გაართვეს თავი როგორც ინდივიდუალურ, ისე გუნდურ დავალებებს, რის შედეგადაც გუნდურ ჩათვლაში მეორე ადგილი დაიკავეს. როგორც პროფესორი თალიკო ჟვანია აცხადებს, შედეგი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმდენად რამდენადაც ოლიმპიადაში მონაწილეობდნენ სხვადასხვა ქვეყნის ძლიერი და გამოცდილ გუნდები, რაც კონკურენციას კიდევ უფრო ამძაფრებდა.

„განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია გუნდის წევრის, დავით ლომიაშვილის წარმატება, რომელმაც ინდივიდუალურ ჩათვლაში მეორე ადგილი მოიპოვა. მისი შედეგი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ჩვენი სტუდენტები მაღალი აკადემიური მომზადებით გამოირჩევიან. გარდა ამისა, ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტისთვის სტუდენტთა მორიგი წარმატება კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია საერთაშორისო აღიარების გზაზე. უნივერსიტეტი და შესაბამისად ფაკულტეტი აქტიურად უწყობს ხელს სტუდენტების ჩართულობას საერთაშორისო პროექტებსა და კონკურსებში, რაც საბოლოოდ ზრდის როგორც სასწავლო პროცესის ხარისხს, ისე კურსდამთავრებულთა კონკურენტუნარიანობას გლობალურ ბაზარზე. რაც მთავარია, სტუდენტების მიღწეული შედეგი ნათლად აჩვენებს, რომ საქართველოში ინფორმატიკისა და ტექნოლოგიების მიმართულება დინამიკურად ვითარდება და ახალგაზრდებს აქვთ შესაძლებლობა, საკუთარი ცოდნა და უნარები საერთაშორისო დონეზე წარმატებით წარმოაჩინონ“, - აცხადებს თალიკო ჟვანია.

სტუ-ის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის სტუდენტის დავით ლომიაშვილის თქმით, ოლიმპიადაში მონაწილეობა მისთვის მორიგი დიდი გამოწვევა და პასუხისმგებლობა იყო.

„ოლიმპიადა ჩემთვის ძალიან საინტერესო და განსხვავებული გამოცდილება იყო, მსგავსი ფორმატის შეჯიბრი აქამდე არ მქონია. ჩვენ ველოდებოდით, რომ სტანდარტული ოლიმპიადების მსგავსად, შეზღუდულ გარემოში მოგვიწევდა მუშაობა, სადაც მხოლოდ საკუთარი ცოდნითა და ლოგიკით უნდა გადაგვეწყვიტა ამოცანები. ეს უკვე გარკვეულწილად დამკვიდრებული პრაქტიკაა მსგავს კონკურსებსა და გამოცდებზე, ამიტომაც თავიდან სწორედ ასეთ რეჟიმზე ვიყავით მობილიზებული. თუმცა ოლიმპიადის დაწყებისთანავე აღმოჩნდა, რომ გარემო სრულიად განსხვავებული იყო, მონაწილეებს არანაირი ტექნიკური შეზღუდვა არ გვქონდა. თავისუფლად შეგვეძლო ინტერნეტის გამოყენება და ასევე ხელოვნური ინტელექტის ჩართვაც ამოცანების გადაჭრის პროცესში. ეს ჩემთვის ნამდვილად მოულოდნელი იყო, რადგან ასეთი მიდგომა იშვიათად გვხვდება აკადემიურ შეჯიბრებებში. ჩემი აზრით, ეს გადაწყვეტილება შემთხვევითი არ ყოფილა. დღეს ხელოვნური ინტელექტი სულ უფრო აქტიურად გამოიყენება როგორც განათლებაში, ისე პროფესიულ საქმიანობაში. ის უკვე ყოველდღიური ინსტრუმენტია უნივერსიტეტებში, IT კომპანიებში და ზოგადად სამუშაო პროცესში. შესაბამისად, ალბათ ოლიმპიადის მიზანიც იყო არა მხოლოდ კლასიკური ცოდნის შემოწმება, არამედ იმის შეფასება, თუ რამდენად ეფექტურად შეუძლია მონაწილეს თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენება. მე თავად პროგრამისტი ვარ და რამდენიმე წელია ვმუშაობ ამ სფეროში. ხელოვნური ინტელექტის გამოყენება უკვე დიდი ხანია ჩემი სამუშაო პროცესის ნაწილია და გარკვეულწილად ეს გამოცდილება დამეხმარა ამ ოლიმპიადაზეც. ვფიქრობ, სწორედ ამან მომცა გარკვეული უპირატესობა არა მხოლოდ პასუხების პოვნაში, არამედ პრობლემების სწრაფად გააზრებასა და სწორი მიდგომის შერჩევაში“, - აცხადებს სტუ-ის სტუდენტი.

ცნობისთვის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის სტუდენტთა ჯგუფმა მონაწილეობა მიიღო იაგშიგელდი კაკაევის სახელობის ნავთობისა და გაზის საერთაშორისო უნივერსიტეტის (აშხაბადი, თურქმენეთი) მიერ ორგანიზებულ „IV ღია საერთაშორისო ინტერნეტ-ოლიმპიადა ინფორმატიკაში“.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიციას აუცილებლად უნდა ჰყავდეს მკვეთრად გამოხატული ერთი ლიდერი და ეს ლიდერი პოლიტიკაში შედარებით ახალი ფიგურა უნდა იყოს - სუფთა ხელებით, შეულახავი რეპუტაციით
ქართული პრესის მიმოხილვა 20.04.2026
Trump Tower Tbilisi – თბილისის წამყვანი დეველოპერები The Trump Organization-თან პარტნიორობით საქართველოში ყველაზე მაღალი ცათამბჯენის მშენებლობას გეგმავენ