„ვაშაძემ ან მსგავსმა ტიპაჟებმა რა კარდაკარ უნდა იარონ, ვისთან უნდა მივიდნენ, რაზე უნდა ისაუბრონ? დღეს, ქვეყანაში ინფორმაციის მიღება სხვადასხვა საკითხზე თავისუფლად არის შესაძლებელი, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა, რითაც 26 მაისთან დაკავშირებით, „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებას გამოეხმაურა.
მისივე თქმით, მოსახლეობის უმრავლესობა ძალიან კარგად ხედავს, ვინ ვინ არის, ვინ რას საქმიანობს.
„ვაშაძემ ან მსგავსმა ტიპაჟებმა რა კარდაკარ უნდა იარონ, ვისთან უნდა მივიდნენ, რაზე უნდა ისაუბრონ? დღეს, ქვეყანაში ინფორმაციის მიღება სხვადასხვა საკითხზე თავისუფლად არის შესაძლებელი. მოსახლეობის უმრავლესობა ძალიან კარგად ხედავს, ვინ ვინ არის, ვინ რას საქმიანობს, რა არის მათი მთავარი მოტივაცია საქართველოსთან მიმართებაში. ისინი არიან ის ადამიანები, რომლებიც წლების განმავლობაში მართავდნენ ქვეყანას და თუ რაიმე უბედურება შეიძლებოდა ქართველს დამართოდა, ყველაფერი დამართეს ხალხს. მათ ყველაფერი იკადრეს. შესაბამისად, არანაირი პოლიტიკური მომავალი არ აქვთ, რაც უნდა ცალკე პარტიები შექმნან და ახალი სახელები დაირქვან. ყველანი იმ ბოროტებაში აღმოცენებული ელემენტები არიან, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობა“ წარმოადგენდა და გარე ძალებისგან იმართებოდა. სამწუხაროდ, ეს პროცესები დღესაც გრძელდება“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
რაც შეეხება 26 მაისს ოპოზიციის მიერ დაანონსებულ აქციას, დედაქალაქის მერის თქმით, 26 მაისი არის ეროვნული დღესასწაული - ქვეყნის დამოუკიდებლობის თარიღი და ცდილობენ, რომ ეს დღე თავიანთი ვიწრო პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენონ.
„ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, ვინ არიან ეს ადამიანები, რას ემსახურებიან, ვისგან იმართებიან და იღებენ დავალებებს. მათ ქვეყანასთან დაკავშირებული არანაირი ღირებულება არ გააჩნიათ. საერთოდ არ აინტერესებთ სამშობლოს ცნება და ქვეყნის სიყვარული. მათ აქვთ კონკრეტული დავალება, მისია და ამ მითითებებს მიყვებიან“, - აღნიშნა კალაძემ.
ცნობისთვის, „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „პოლიტ-ქალაქში“ განაცხადა, რომ „ოპოზიციის ალიანსი“ 10 მაისიდან 26 მაისამდე, კარდაკარის პრინციპით, მოსახლეობას შეხვდება. მისი თქმით, 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, „ოპოზიციის ალიანსის“ პირველი დიდი შეკრება იქნება.
„10 მაისიდან 26 მაისამდე გვექნება საყოველთაო კარდაკარი, პირველ ეტაპზე თბილისში - „ოპოზიციის ალიანსის" წარმომადგენლები ყველა უბანში მივალთ,“ - განაცხადა ვაშაძემ.