გურამ მაჭარაშვილი - რაც შეიძლება მალე უნდა მოხდეს „ნაცმოძრაობის“ და მისი სატელიტი პარტიების ანტიკონსტიტუციურად გამოცხადება - სანამ არ აიკრძალებიან, არც პოლიტიკურ სპექტრს ეშველება და ყოველთვის იქნება პოლიტიკური ჯანჯღარი

რაც შეიძლება მალე უნდა მოხდეს „ნაციონალური მოძრაობის“ და მისი სატელიტი პარტიების ანტიკონსტიტუციურად გამოცხადება - სანამ ეს პარტიები არ აიკრძალებიან, არც პოლიტიკურ სპექტრს ეშველება და ქვეყანას ყოველთვის ექნება ასეთი ტიპის პოლიტიკური ჯანჯღარი, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ დეპუტატმა, გურამ მაჭარაშვილმა ოპოზიციური პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით ახალ საკონსტიტუციო სარჩელზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ის პარტიები, რომლებიც ანტისახელმწიფოებრივად აზროვნებენ, გაუქმებული პარტიების სიაში უნდა მოხვდნენ.

„ნეტარ არიან მორწმუნენი“ - ეს ის ხალხია, რომელიც ათჯერ დამარცხდა საქართველოში არჩევნებზე, რამდენჯერმე დამარცხდა ძალადობრივ აქციებზე, რამდენჯერმე დამარცხდა რევოლუციურ ბრძოლაში, იმიტომ რომ ქართული საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობა ემხრობა ოჯახურ სიწმინდეს, სუვერენიტეტის შენარჩუნებას, ეკლესიას და ეკლესიურ ცხოვრებას და არა ლგბტ პროპაგანდას. ეს არის ყველაზე მთავარი.

მერამდენე წრეზე მიდიან, მათი გადასაწყვეტია. რაც შეეხება აკრძალვას, სარჩელში დამატებას, რა თქმა უნდა, „ნაცმოძრაობა“ რამდენადაც არ უნდა დაიშალოს, სხვადასხვა სახე მიიღონ და სახელი შეიცალონ, ბუნებრივია, საზოგადოებამ კარგად იცის ყველა ის ადამიანი, რომელიც იყო დამფუძნებელი, ლიდერი, მხარდამჭერი, იდეოლოგი. ამას არაფერი შეცვლის. რა თქმა უნდა, ასეთი ტიპის პარტიები არ უნდა არსებობდნენ საქართველოში. ჩვენ სახელი „ნაციონალური მოძრაობა“ კი არ გვაღიზიანებს, ან ამ სახელის აკრძალვა კი არ გვინდა, აქ საუბარია იმ ადამიანებზე, ვინც ანტიკონსტიტუციურად, პირდაპირ საჯაროდ მოქმედებენ და აზროვნებენ. ამიტომ ზუსტად ეს არის მიზეზი [სარჩელში „ფედერალისტების" დამატების]. კონსულტაციები ჩვენც გვქონდა მათ შორის, „ქართულ ოცნებასთან" და ამ ეტაპზე ასე გადაწყდა. ესენიც „ნაცმოძრაობის“ დამფუძნებლები და იდეოლოგები იყვნენ. კი გამოდიან ვითომ სააკაშვილის წინააღმდეგ, მაგრამ საბოლოო ჯამში, თუნდაც ამ „ფედერალისტების“ ლიდერებმა დაგმეს მიხაილ როთის განცხადება? - არა. დაგმეს 4 ოქტომბრის დამხობის მცდელობა? - არა. ამიტომ ჩვენ მიზეზად სწორედ ეს გვაქვს მითითებული სარჩელში, რომ ის პარტიები, როლებიც ანტისახელმწიფოებრივად აზროვნებენ, ბუნებრივია, უნდა მოხვდნენ გაუქმებული პარტიების სიაში. რა თქმა უნდა, კანონის ფარგლებში და ვადებში, რაც შეიძლება მალე უნდა მოხდეს „ნაციონალური მოძრაობის“ და მისი სატელიტი პარტიების ანტიკონსტიტუციურად გამოცხადება. ეს არის ქართველი საზოგადოების დაკვეთა. აქ ვართ ჩვენ შეუვალები. სანამ არ იქნება „ნაციონალური მოძრაობის“ და მისი ფილიალების აკრძალვა საქართველოში, არც პოლიტიკურ სპექტრს ეშველება და ქვეყანას ყოველთვის ექნება ასეთი ტიპის პოლიტიკური ჯანჯღარი“, - განაცხადა მაჭარაშვილმა.

ცნობისთვის, „ქართული ოცნება“ საკონსტიტუციო სასამართლოს პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით ახალი კონსტიტუციური სარჩელით მიმართავს, ძველ სარჩელს კი უკან გამოითხოვს. ახალი სარჩელის საფუძველზე იმ პარტიების რაოდენობა იზრდება, რომელთა აკრძალვის მოთხოვნითაც მმართველი პარტია საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავს, კერძოდ პარტიების ჩამონათვალს პარტია „ფედერალისტები“ ემატება.

ემილ ავდალიანი - ირანისთვის აშშ-თან მოლაპარაკებებში მთავარი მიზანი ისევ ჰორმუზის სრუტის ბერკეტად გამოყენება რჩება
ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
ქართული პრესის მიმოხილვა 03.09.2026
Petra Group-სა და Mitsubishi-ს შორის სტრატეგიული პარტნიორობის მემორანდუმი გაფორმდა
Samsung Galaxy S26 FE - აქცენტი იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია