არჩილ გამზარდია - ტოტალიტარს ძალაუფლების ის ნაწილი სჭირდება, რომელიც ეკლესიას ჰქონდა - ივანიშვილმა მცირე ავტონომიური სივრცეებიც არ დატოვა და საეკლესიო ძალაუფლება იყო ერთადერთი, რომელთანაც კომპრომისზე წასვლა უწევდა

ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია აცხადებს, რომ საქართველოს პატრიარქის არჩევა მხოლოდ რელიგიური საკითხი არ არის და მას დიდი პოლიტიკური და საზოგადოებრივი მნიშვნელობა აქვს.

მისი თქმით, ლოგიკურია ვარაუდი, რომ ხელისუფლება შეეცდება პროცესში ჩარევას და გარკვეული კანდიდატების მხარდაჭერასაც ღიად ან ირიბად.

ანალიტიკოსმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „რეზიუმე“ განაცხადა, რომ ზოგიერთი მღვდელმთავარი უფრო ფართო პერსპექტივით უყურებს პროცესს - არა მხოლოდ პატრიარქის არჩევას, არამედ იმასაც, რა ვითარება შეიქმნება სინოდში პატრიარქის არჩევის შემდეგ.

„საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის არჩევა არ არის მხოლოდ მართლმადიდებელი ეკლესიის მმართველის შერჩევა. საქართველოში ის არის პოლიტიკური ლიდერი, საზოგადოებრივი ლიდერი და ა.შ... რომ ვთქვათ, თეორიულ დონეზე მაინც არ იქნება ძალაუფლების მქონე ჯგუფების მხრიდან საკუთარი ინტერესების გატარების მცდელობა, გულუბრყვილო იქნება.

ლოგიკურად არის ვარაუდები იმის შესახებ, რომ ხელისუფლებას ექნება მცდელობები პატრიარქის არჩევის პროცესში ჩაერიოს. მაშინ, როდესაც არ ცდილობს ამ საკითხში ნეიტრალურობა შექმნას, ის პოზიციურია. კონკრეტული მღვდელმთავართან მიმართებაში დადებით პოზიციას გამოხატავს. სახელისუფლო არხებიც ცდილობენ, პროპაგანდა ააგონ: თუ არა ის, სხვა ვინ? ამ მხრივ, ხელისუფლება ღია სივრცეში აგრძელებს მხარდაჭერას. ასევე სახელისუფლო არხები ცდილობენ ამინდის შექმნას. დანარჩენი პროცესი, რაც უხილავია და შიდა მოძრაობებია, ცალკე საკითხია.

ჩემი აზრით, მეუფე გიორგი ჯანდელიანი, მეუფე იაკობი, მეუფე ზენონი და მათ შორის, მეუფე გრიგოლი უფრო შორს იხედებიან, რაც მარტო პატრიარქის არჩევას არ გულისხმობს. პატრიარქის არჩევა შეიძლება პროცედურულად მოხერხდეს, მაგრამ ამას შეიძლება ბევრად მძიმე პროცესები მოჰყვეს. ამიტომ, ისინი წინ იხედებიან, როგორი იქნება სინოდის წევრებს შორის ურთიერთობა ახალი პატრიარქის არჩევის შემდეგ“, - განაცხადა გამზარდიამ.

მისივე თქმით, ძლიერი ეკლესია და ძლიერი პატრიარქი მიუღებელია საერო ხელისუფლებისთვის, განსაკუთრებით მაშინ, როცა მმართველობა ცდილობს ძალაუფლების სრულ კონცენტრაციას.

„ერთადერთი, ვისთვისაც მიუღებელია ეკლესია, როგორც ძლიერი ინსტიტუცია და ძლიერი პატრიარქი, არის საერო მმართველობა და მმართველი ტოტალიტარი, რადგან ძალაუფლების ეს სივრცეც თავად შეითავსოს. ტოტალიტარს ძალაუფლების ის ნაწილი სჭირდება, რომელიც აქამდე საეკლესიო ძალაუფლებას ჰქონდა.

ივანიშვილმა, სადაც შეიძლება ყოფილიყო მცირე ავტონომიური სივრცეები, ესეც არ დატოვა, სამოქალაქო სექტორზე თავდასხმაც ამის შედეგია. საეკლესიო ძალაუფლება იყო ერთადერთი, რომელთანაც მას კომპრომისზე წასვლა უწევდა“,- განაცხადა გამზარდიამ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიციას აუცილებლად უნდა ჰყავდეს მკვეთრად გამოხატული ერთი ლიდერი და ეს ლიდერი პოლიტიკაში შედარებით ახალი ფიგურა უნდა იყოს - სუფთა ხელებით, შეულახავი რეპუტაციით
ქართული პრესის მიმოხილვა 20.04.2026
Trump Tower Tbilisi – თბილისის წამყვანი დეველოპერები The Trump Organization-თან პარტნიორობით საქართველოში ყველაზე მაღალი ცათამბჯენის მშენებლობას გეგმავენ