სარჩელის გამოხმობა და ხელახლა გაზრდილი სარჩელის წარდგენა საკონსტიტუციო სასამართლოში მოხდა ძალიან მარტივი მიზეზის გამო, ხელახლა დაიწყოს ვადის დინება და სექტემბერში „ოცნებას“ არ მოუწიოს პარტიების აკრძალვის გადაწყვეტილების მიღება, - ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის” აღმასრულებელმა მდივანმა, ბერდია სიჭინავამ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.
ბერდია სიჭინავას თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ აკრძალვის ანონსი სხვა არაფერია თუ არა, პოლიტიკური თამაში და საკვების მიწოდება საკუთარი ამომრჩევლისთვის.
„აბსოლუტურად დარწმუნებული ვიყავი, რომ „ოცნება“ განახლებული საკონსტიტუციო სარჩელით წარდგებოდა ვადის დინების შესაჩერებლად და ხელახლა დასაწყებად. ეს კარგად იკითხებოდა, ვინაიდან კონკრეტული პარტიების არანაირი აკრძალვა არ იგეგმება ამ ეტაპზე და „ნაციონალური მოძრაობის“ აკრძალვის ანონსი სხვა არაფერია, თუ არა პოლიტიკური თამაში და საკვების მიეწოდება საკუთარი ქორი ამომრჩევლისთვის, თითქოს ის ებრძვის „ნაციონალურ მოძრაობას“. „ოცნება“ თამაშობს როლს, თითქოს იმხელა ავტოკრატია აქვს ქვეყანაში, რომ „ნაცმოძრაობის“ პოლიტიკური განადგურება, რომელიც მისი მთავარი დაპირება იყო, ახლა მაინც მოიყვანოს სისრულეში და საკუთარ ამომრჩეველს, რომლის რაღაც ნაწილს ამის მოთხოვნილება აქვს, ეს საკვები გადაუგდოს „ოცნების“ ხელისუფლებამ“, - განაცხადა ბერდია სიჭინავამ.
ბერდია სიჭინავა გადაცემაში „გირჩი - მეტი თავისუფლების“ ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის განცხადებასაც გამოეხმაურა, რომელმაც „ქართული ოცნების“ მიერ საკონსტიტუციო სასამართლოდან სარჩელის გამოხმობასა და ხელახლა გაზრდილი სარჩელის წარდგენაზე განაცხადა: „რეჟიმისთვის ალიანსის პოზიციებია პრობლემა თორემ ის, რომ ალიანსი ამ წუთებში კრამიტებს ამტვრევს, მაგის არავის სჯერა“.
სიჭინავას განცხადებით, დარწმუნებულია, რომ „ქართულ ოცნებას“ „სასაცილოდაც არ ჰყოფნის ამ კონკრეტულ შემთხვევაში არგუმენტი, რომ ალიანსს შიშის გამო შეჰყავს თურმე პარტიების რაღაც ნაწილი საკონსტიტუციო სარჩელში“.
„4 ოქტომბრის მერე თუ ვინმეს კრამიტები აქვს დალეწილი, არის ოპოზიციის ეს ნაწილი [ოპოზიციის ალიანსი]. ობიექტური რეალობა არის ეს და არ შეიძლება საკუთარ შესაძლებლობებს განსხვავებულად აფასებდე. 4 ოქტომბრის მერე ოპოზიცია დაზიანდა და ოპოზიციის ამ ნაწილმა ფეიკ-რევოლუციით და არჩევნების იდეასთან დაპირისპირებით ყველა დააზიანა, ჩვენი პოლიტიკური პარტიაც დააზიანა და საკუთარი პარტიები დაანგრიეს. საკუთარი პარტიული უჯრედი რეგიონებში გაანადგურეს.
მოვა არჩევნების დრო და ვნახავთ ერთი რომელი შევა ამ არჩევნებში და რომელი არ შევა. გჯერათ, რომ 2028 წელს ოპოზიციის ეს ნაწილი არჩევნებში არ შევა? კატასტროფული შეცდომა იქნება კიდევ ერთი არ შესვლა. დარწმუნებული ვარ, რომ ამ ალიანსიდან უმრავლესობა მონაწილეობას მიიღებს არჩევნებში. დარწმუნებული ვარ აბსოლუტურად და სწორიც იქნება, რომ მიიღონ მონაწილეობა“, - განაცხადა ბერდია სიჭინავამ.
ცნობისთვის, „ქართული ოცნება“ საკონსტიტუციო სასამართლოს პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით ახალი კონსტიტუციური სარჩელით მიმართავს, ძველ სარჩელს კი უკან გამოითხოვს. ახალი სარჩელის საფუძველზე იმ პარტიების რაოდენობა იზრდება, რომელთა აკრძალვის მოთხოვნითაც მმართველი პარტია საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავს, კერძოდ პარტიების ჩამონათვალს პარტია „ფედერალისტები“ ემატება.