ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო უწყება საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის, მარია ზახაროვას განცხადებას გამოეხმაურა.
„აფხაზეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრო ყურადღებით გაეცნო რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის, მარია ზახაროვას განცხადებას ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების შედეგებთან დაკავშირებით და აღნიშნულთან დაკავშირებით რუსეთის პოზიციას იზიარებს“, - ნათქვამია ე.წ. საგარეო უწყების განცხადებაში.
ასევე, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო უწყება აცხადებს, რომ „საქართველოს საგარეო პოლიტიკური კურსის განვითარებას ყურადღებით აკვირდება“.
„აღვნიშნავთ, რომ საქართველოს პოლიტიკა არ უწყობს ხელს რეგიონში ნდობის განმტკიცებას, რასაც მთელი რიგი ფაქტები ადასტურებს: ქართული მხარის პერიოდული განცხადებები, სამხედრო თანამშრომლობა ნატო-სთან, აფხაზეთის რესპუბლიკასთან ძალის გამოუყენებლობის შესახებ იურიდიულად სავალდებულო შეთანხმების გაფორმებაზე უარის თქმა და საქართველოს პოლიტიკა, რაც აფხაზეთის რესპუბლიკის საერთაშორისო იზოლაციისკენ არის მიმართული“, - აცხადებს ე.წ. სამინისტრო.
ე.წ. უწყების განცხადებაში აღნიშნულია, რომ „საქართველოს სამხედრო თანამშრომლობა ნატო-სთან, რაც საქართველოს ტერიტორიაზე ერთობლივ წვრთნებს მოიცავს, სერიოზულ შეშფოთებას იწვევს. კიდევ ერთი სერიოზული დესტაბილიზაციის გამომწვევი ფაქტორია საქართველოს დესტრუქციული პოზიცია, რაც აფხაზეთის რესპუბლიკასთან ძალის გამოუყენებლობის შესახებ იურიდიულად სავალდებულო შეთანხმების გაფორმებაზე უარის თქმით გამოიხატება. ეს კი სამხრეთ კავკასიაში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის შესახებ საერთაშორისო დისკუსიების მთავარ მიზანს წარმოადგენს“.
„ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სწორედ თბილისი უშლის ხელს რეგიონში უსაფრთხოების მდგრადი არქიტექტურის ჩამოყალიბებას. ჩვენ საკუთარი უსაფრთხოების, სუვერენიტეტისა და მდგრადი განვითარების პრიორიტეტებიდან გამოვდივართ. საქართველოს მონაწილეობით ნებისმიერმა ინტეგრაციულმა პროცესმა არსებულ რეალობას საფრთხე არ უნდა შეუქმნას“, - აღნიშნულია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის, მარია ზახაროვას განაცხადებით, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება და რუსეთის წინააღმდეგ სანქციებთან შეერთება "მძიმე დარტყმას" მიაყენებს მის ტურისტულ ინდუსტრიას და დააკარგვინებს შეღავათიან სავაჭრო ურთიერთობას რუსეთთან და დსთ-ის ქვეყნებთან. ამასთან, მისი თქმით, რუსეთს მოუწევს საქართველო არამეგობრული ქვეყნების სიაში შეიყვანოს, თუ ქვეყანა ევროკავშირში გაწევრიანდება.