ირაკლი ფავლენიშვილი - „ოპოზიციის ალიანსის” კარდაკარი შედგება და სხვა მასშტაბი იქნება - „ქართული ოცნება“ 14 წელია საუბრობს, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ „ავკრძალავთ, გავანადგურებთ, დავასრულებთ“, რაც სისუსტის გამოვლინებაა, ვერ დაგვასრულებენ

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, ირაკლი ფავლენიშვილის განცხადებით, „ქართული ოცნება“ წლების განმავლობაში საუბრობს „ნაციონალური მოძრაობის“ „დასრულებაზე“, თუმცა შედეგს ვერ აღწევს, რაც, „სისუსტის“ ნიშანია.

ამის შესახებ ფავლენიშვილმა ოპოზიციური პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით ახალ საკონსტიტუციო სარჩელზე საუბრისას განაცხადა.

როგორც ოპოზიციონერმა ლიდერმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ აღნიშნა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ არის „იდეალისტთა გუნდი“, რომლის გატეხაც ვერ შეძლეს.

„სისუსტის გამოვლინებაა. შეუძლებელია არსებობდეს პასუხისმგებლობიანი პოლიტიკური ძალა, რომელიც 14 წლის განმავლობაში საუბრობდეს ავკრძალავთ, გავანადგურებთ, დავასრულებთ. სისუსტის გამოვლინებაა, რადგან საქმეს ვერ აკეთებენ. მუდმივად ერთი და იმავეს ლაპარაკობენ, რომ ვიღაცები დაასრულონ. 14 წელია საუბრობენ, „ნაციონალური მოძრაობა“ უნდა დავასრულოთო, არ არის ეს სისუსტის გამოვლინება? მაინც ვერ დაგვასრულებენ, ამაშია საქმე. სინამდვილეში, ჩვენ ვართ წინააღმდეგობაში, გვყავს იდეალისტთა გუნდი, რომელიც ვერ გატეხეს.

ყველამ იცის, რომ ამ ქვეყანაში ავტორიტარული რეჟიმია და რა ტიპის რეჟიმში გვიწევს ცხოვრება, მაგრამ ეს იქნებოდა ბეჭდის დასმა იმაზე, რომ დემოკრატია ამ ქვეყანაში საბოლოო ჯამში ლიკვიდირდა“, - განაცხადა ფავლენიშვილმა.

ირაკლი ფავლენიშვილი აცხადებს, რომ ხელისუფლების მთავარი მიზანია საზოგადოება არსებულ პოლიტიკურ რეალობას შეაგუოს

„ყველაზე კარგად ვიცით რა სურს ივანიშვილს და კობახიძეს - შევეგუოთ ყველაფერს. აგენტების კანონს შევეგუოთ, არჩევნების ასეთი გაყალბებული სტილით ჩატარებას შევეგუოთ, ყველაფერს შევეგუოთ და ვიაროთ დებატებში, მათ მიერ მოგონილ დებატებში, სადაც თვითონ 50 წუთი ლაპარაკობენ, სხვებს ოთხი წუთი აქვთ სალაპარაკო. „ქართული ოცნება“ თავის პროპაგანდისტულ არხებზე დებატებს, რომ მართავს და იქ უნდა, რომ ოპოზიციამ მონაწილეობა მიიღოს, ამას იმიტომ აკეთებს, რომ რაღაცისთვის სჭირდება. რაში სჭირდებათ? - ლეგიტიმაციის რეალური პრობლემა აქვთ, ამიტომაც გვთავაზობენ კვირაში ერთხელ ახალ კანონს, თითქოს, ლეგიტიმაცია უნდა მისცეს“,- განაცხადა ფავლენიშვილმა.

ფავლენიშვილმა დააანონსა, რომ ოპოზიციური „ალიანსის“ კარდაკარ კამპანია აუცილებლად გაიმართება და უფრო მასშტაბური იქნება სხვადასხვა პოლიტიკური ძალის ერთობლივი ჩართულობით. მისი თქმით, ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქციები აუცილებელია, რადგან, მისი თქმით, მსგავსი ტიპის მმართველობის შეცვლა სხვა გზით რთულია.

„ალიანსის“ დაანონსებული კარდაკარ აუცილებლად შედგება. სხვანაირი ძალა და მასშტაბი იქნება, როდესაც ყველა პოლიტიკური ძალა ერთად იქნება ჩართული პროცესში. ყველაზე დიდი ძალას პოულობ, როდესაც ხალხში გადიხარ და მასთან გაქვს კონტაქტი. ხალხს ვერ მოატყუებ, მათ კარგად იციან ვინ არის გულწრფელად მისული, ვინ ფარისევლურად, ვის მართლა სურს მათი პრობლემები გადაჭრას.

არავის შეუქმნია ილუზია, რომ 26 მაისი ბრძოლის ბოლო თარიღია. დიდი საპროტესტო აქციები ამ ქვეყანაში საჭიროა, რის გარეშეც მსგავსი ტიპის რეჟიმის გატეხა ვერ მოხდება“,- განაცხადა ფავლენიშვილმა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიციას აუცილებლად უნდა ჰყავდეს მკვეთრად გამოხატული ერთი ლიდერი და ეს ლიდერი პოლიტიკაში შედარებით ახალი ფიგურა უნდა იყოს - სუფთა ხელებით, შეულახავი რეპუტაციით
ქართული პრესის მიმოხილვა 20.04.2026
Trump Tower Tbilisi – თბილისის წამყვანი დეველოპერები The Trump Organization-თან პარტნიორობით საქართველოში ყველაზე მაღალი ცათამბჯენის მშენებლობას გეგმავენ