პოლიციამ, მარნეულში ცრუ ჩვენების მიცემისა და ჯგუფურად ჩადენილი ხულიგნობის ბრალდებით 11 პირი დააკავა, ერთ პირს კი ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე ბრალი დაუსწრებლად წარედგინება

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ქვემო ქართლის პოლიციისა და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტების თანამშრომლებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ერთ-ერთ სისხლის სამართლის საქმეზე ცრუ ჩვენების მიცემისა და ჯგუფურად ჩადენილი ხულიგნობის ბრალდებით 11 პირი დააკავეს, ხოლო ერთ პირს ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე ბრალი დაუსწრებლად წარედგინება.

უწყების ინფორმაციით, გამოძიებით დგინდება, რომ მარნეულში, ბრალდებულებს შორის მომხდარი შელაპარაკება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. დაკავებულებმა უხეშად დაარღვიეს საზოგადოებრივი წესრიგი და ასევე ფიზიკური დაპირისპირების დროს, ერთ-ერთმა მათგანმა ცივი იარაღის გამოყენებით, ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება მიაყენა - 1994 წელს დაბადებულ ბ.ა.-ს.

„სამართალდამცველებმა აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე კომპლექსურად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულში მონაწილე პირების ვინაობა მალევე დაადგინეს და მათ მიმართ კანონით განსაზღვრული ზომების გატარება დაიწყეს.

დაკავებულთაგან შვიდმა პირმა, რომლებიც პირადად შეესწრნენ მომხდარ ფაქტს, არ ითანამშრომლეს გამოძიებასთან და გამოკითხვის დროს ცრუ ინფორმაცია მიაწოდეს სამართალდამცველებს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, დანაშაულში მონაწილე 11 პირი ბრალდებულის სახით დააკავეს, ხოლო, რაც შეეხება კიდევ ერთ პირს, მას ბრალი ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე დაუსწრებლად წარედგინება და მასზე ძებნა გამოცხადდება.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 239-ე და 370-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

ემილ ავდალიანი - ირანისთვის აშშ-თან მოლაპარაკებებში მთავარი მიზანი ისევ ჰორმუზის სრუტის ბერკეტად გამოყენება რჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 03.09.2026
პროკრედიტ ბიზნესი: თბილისში ახალი სპორტული სივრცე Hubs-ი გაიხსნა
სოკარ ჯორჯია პეტროლეუმმა SOCAR Group-ის შემადგენლობაში შემავალი Italiana Petroli-სგან იტალიური ბენზინის პირველი პარტია შემოიტანა
წინანდლის მამული კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის მერვე სეზონს მასპინძლობს
წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი 3 სექტემბერს იხსნება — პრესკონფერენცია წინანდალში