ომბუდსმენი - ჩვენთვის მოწოდებული ინფორმაციით, მთავრობის ადმინისტრაციასთან შეკრებილებს არ ეძლევათ დროებითი კონსტრუქციების განთავსების შესაძლებლობა - მოვუწოდებთ შსს-ს, უზრუნველყოს მშვიდობიანი შეკრების თავისუფლება

საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს - უზრუნველყოს მთავრობის ადმინისტრაციის მიმდებარედ მყოფ პირთა მშვიდობიანი შეკრების თავისუფლება. ამასთან, საკითხის სიმწვავისა და განსაკუთრებული სენსიტიურობის გათვალისწინებით, სახალხო დამცველი ხაზს უსვამს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლების მხრიდან პროტესტში მონაწილე მშობლებთან აქტიური და შინაარსობრივი დიალოგის წარმართვის საჭიროებას, რაც, ამინდისა თუ სხვა ფაქტორების გათვალისწინებით, არსებული პრობლემის მოგვარებისკენ იქნება მიმართული,- ამის შესახებ სახალხო დამცველის განცხადებაშია ნათქვამი, რომელიც საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციასთან დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობელთა მიერ გამართული შეკრების მიმდინარეობას ეხება.

სახალხო დამცველის თქმით, შეკრების თავისუფლებით დაცულია შეკრების ფორმის არჩევის უფლება, რაც მის მონაწილეებს დროებითი კონსტრუქციებისა თუ ნივთების ფლობის შესაძლებლობას ანიჭებს.

„საქართველოს სახალხო დამცველი აქტიურად ადევნებს თვალს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციასთან დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობელთა მიერ გამართული შეკრების მიმდინარეობას, რომლის მონაწილეებიც მათი შვილების აუცილებელი მედიკამენტებით უზრუნველყოფას ითხოვენ. მედიით გავრცელებული და სახალხო დამცველის აპარატისთვის მოწოდებული ინფორმაციით, შეკრების მონაწილეებს არ ეძლევათ კანცელარიის წინ არსებულ სკვერში დროებითი კონსტრუქციებისა და სხვადასხვა ატრიბუტიკის განთავსების შესაძლებლობა.

საქართველოს სახალხო დამცველი ხაზს უსვამს, რომ შეკრების თავისუფლებით დაცულია შეკრების ფორმის არჩევის უფლება, რაც მის მონაწილეებს დროებითი კონსტრუქციებისა თუ ნივთების ფლობის შესაძლებლობას ანიჭებს. ამავდროულად, სახელმწიფო ვალდებულია, ხელი შეუწყოს მშვიდობიანი შეკრების გამართვას და აჩვენოს შემწყნარებლობა შეკრების მონაწილეთა მიერ არჩეული პროტესტის ფორმის მიმართ.

საქართველოს სახალხო დამცველი წარსულში არაერთხელ გამოეხმაურა შეკრების მონაწილეებისთვის ამგვარი შესაძლებლობის შეზღუდვას და განმარტა, რომ ატრიბუტიკის ჩამორთმევა გაუმართლებელია, როდესაც მათი სარგებლობით არ ხდება შენობის შესასვლელების ბლოკირება, მომეტებულად არ ზიანდება სხვა პირთა კანონიერი ინტერესები ან საზოგადოებრივი წესრიგი. განსახილველ შემთხვევაში, მეტეოროლოგიური პირობების გათვალისწინებით, ატრიბუტიკით სარგებლობა პირდაპირ უკავშირდება შეკრების თავისუფლების განხორციელების შესაძლებლობას და არსებით გავლენას ახდენს უფლებით სარგებლობაზე“, - ნათქვამია განცხადებაში.

ვახტანგ ძაბირაძე - ახლა რუსეთი ყველა იმ მიმართულებაზე შეეცდება სათავისო პოზიციების გაძლიერებას, სადაც ეს შესაძლებელია, როგორც ჩანს, საქართველოს მიმართულება ერთ-ერთი ასეთია
პარტიების აკრძალვა ქართულ სახელმწიფოსა და ქართველ ხალხზე რუსეთის ჰიბრიდული თავდასხმის შემდგომი ეტაპია, ხოლო იარაღი - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ქართული პრესის მიმოხილვა 19.10.2026
ევროპული წარმოების „SeaWill“-ისა და „Food Luck“-ის პროდუქტები საქართველოს ბაზარზე უკვე ხელმისაწვდომია
რა ღირს ბუღალტრული მომსახურება საქართველოში და რის მიხედვით განისაზღვრება ფასი?
ახალი სტანდარტი უძრავი ქონების ბაზარზე - Livo.ge პრემიერ-აგენტის სტატუსის დამკვიდრებას იწყებს
სილქ როუდ ჯგუფმა წლის საუკეთესო მაღალშემოსავლიანი ობლიგაციების ტრანზაქციის ჯილდო მოიპოვა