სუს-ის ანგარიში - 2025 წელს უწყების მიერ განხილულ იქნა 157 011 მოქალაქის პირადი საქმე, რომლებიც საქართველოში სხვადასხვა სტატუსით ცხოვრების ნებართვის მოპოვებას ითხოვდნენ, აქედან, 6 374 საქმეზე უარყოფითი რეკომენდაცია გაიცა

2025 წელს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ განხილულ იქნა 157 011 მოქალაქის პირადი საქმე, რომლებიც საქართველოში სხვადასხვა სტატუსით ცხოვრების ნებართვის მოპოვებას ითხოვდნენ. აქედან, 6 374 საქმეზე უარყოფითი რეკომენდაცია გაიცა.

როგორც სუს-ი პარლამენტში წარდგენილ ყოველწლიურ ანგარიშში აცხადებს, სახელმწიფო უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროცესში სამსახურის საქმიანობის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიმართულებას მიგრაციის არხების მონიტორინგი წარმოადგენდა. მისივე ინფორმაციით, უწყება კანონით დადგენილი წესით, საქართველოში შემოსვლის, მოქალაქეობისა და სხვადასხვა სახის ბინადრობის ნებართვის მოპოვების მსურველი უცხო ქვეყნის მოქალაქეების შესაბამის შემოწმებას ახორციელებდა.

სუს-ის განცხადებით, მიმდინარეობდა აღნიშნული ნებართვების გაცემის მიზანშეწონილობის განსაზღვრა.

“დადგინდა, რომ სხვადასხვა სტატუსით საქართველოში დაფუძნების მსურველი უცხო ქვეყნის მოქალაქეები, ხშირ შემთხვევაში, თანამემამულეების ან საქართველოს მოქალაქეების დახმარებით, ცდილობდნენ შესაბამისი დოკუმენტაციის მოპოვებას და ვითომდა ინვესტიციების განხორციელების მიზნით, ითხოვდნენ მუდმივი საინვესტიციო ბინადრობის ნებართვას, შრომითი ცხოვრების უფლებას, ხოლო საქართველოს მოქალაქეებთან ქორწინების საფუძველზე მუდმივი ცხოვრების ნებართვას.

საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის დასრულების შემდეგ ზოგიერთი უცხო ქვეყნის მოქალაქე ცდილობდა ქვეყანაში დაფუძნებას საქართველოს მოქალაქესთან ფიქტიური ქორწინების საფუძველზე, ასევე შრომითი ხელშეკრულების ან საქართველოში კომპანიის დაფუძნების მოტივით.

ახლო აღმოსავლეთში არსებული დაძაბული ვითარების ფონზე, ისრაელიდან, არაბული ქვეყნებიდან და ირანიდან ჩამოსულ ტურისტებს შორის შემთხვევითი თუ მიზანმიმართული დაპირისპირებების თავიდან აცილების მიზნით ოპერატიულ კონტროლზე იყო მათი შესაძლო თავშეყრის ადგილები”, - ვკითხულობთ სუს-ის ანგარიშში.

უწყების განცხადებით, მიგრაციული არხების მონიტორინგის შედეგად, საქართველოში ვიზიტორთა შორის გამოვლინდა იმ პირთა კატეგორია, რომლებსაც კავშირი ჰქონდათ უცხო ქვეყნების სპეციალურ სამსახურებთან, მათგან იღებდნენ დავალებებს და საქართველოში ყოფნისას აწვდიდნენ ინფორმაციას დაინტერესების საკითხებზე.

“საანგარიშო პერიოდში, სამსახურის მიერ ინტენსიურ რეჟიმში გრძელდებოდა საქართველოში მათი საქმიანობისა და კავშირების მონიტორინგი მათი მხრიდან შესაძლო კანონსაწინააღმდეგო და საქართველოს ინტერესების საზიანო ქმედებების გამოვლენა აღკვეთის მიზნით.

ცალკეულ შემთხვევებში, ასევე, დაფიქსირდა უცხო ქვეყნებში პერიოდულად გადამსვლელ პირებთან სპეციალური სამსახურების წარმომადგენლის კონტაქტის შემთხვევები, მათგან დაინტერესების თემებზე ინფორმაციის მოპოვებისა და გადაბირების მცდელობის ფაქტები.

საქართველოში ვიზიტად მყოფი ან დროებით მცხოვრებ უცხოელთა ოპერატიული კონტროლის შედეგად გამოვლინდა რამდენიმე პირი, რომლებიც გამოირჩეოდნენ განსაკუთრებული ანტიქართული ქმედებებით, ავრცელებდნენ ცრუ და დამახინჯებულ ინფორმაციას, ცდილობდნენ საქართველოს სახელმწიფოებრიობისა და ისტორიის დაკნინებას, დემონსტრაციულად გამოხატავდნენ მტრულ და შეურაცხმყოფელ დამოკიდებულებას საქართველოსა და ქართველი ერის მიმართ. მათ წინააღმდეგ გატარდა კანონით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებები, მათ შორის დაწესდა სასაზღვრო კონტროლი”, - აცხადებს სუს-ი ყოველწლიურ ანგარიშში.

ემილ ავდალიანი - ირანისთვის აშშ-თან მოლაპარაკებებში მთავარი მიზანი ისევ ჰორმუზის სრუტის ბერკეტად გამოყენება რჩება
ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
ქართული პრესის მიმოხილვა 03.09.2026
Petra Group-სა და Mitsubishi-ს შორის სტრატეგიული პარტნიორობის მემორანდუმი გაფორმდა
Samsung Galaxy S26 FE - აქცენტი იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია